საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა. ვაშაკიძე საკუთარ გადაწყვეტილებას დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან მისი შეუთავსებლობის მიზეზით ხსნის.
"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი იყო შეუთავსებლობა დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ეს სერიოზული საუბრის თემაა და ახლა მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ", - განუცხადა ვაშაკიძემ "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს მუშაობას. "ამ ეტაპზე უნდა დავისვენო", - აღნიშნა ვაშაკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის ვაშაკიძის წასვლით გულდაწყვეტილია. "მე მას შევთავაზე დარჩენა, ელჩად წასვლაც და არჩევანის გაკეთება რამდენიმე ქვეყანას შორის. თუმცა, მან გადაწყვიტა, ამ ეტაპზე სხვა საქმე გააკეთოს და სხვა გეგმები აქვს. თანამდებობის დატოვების მიზეზი მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რაზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ "ინტერპრესნიუსს".