სიღნაღის რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის "მრავალშვილიან დედათა და ინვალიდ ბავშვთა დახმარების ცენტრის" ხელმძღვანელს, ნანა გილაშვილს ბავშვების გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მრავალშვილიანი დედის თქმით, ნანა გილაშვილმა დიდი თანხის სანაცვლოდ შვილის მიყიდვა სთხოვა, მას შემდეგ კი, რაც უარი მიიღო, მათ ბავშვების ჩამორთმევით დაემუქრა.
"ფული შემომთავაზა, რამდენი გინდა გადაგიხადოო, იმის სანაცვლოდ, რომ ბავშვი მიმეცა. იცოდა, რომ მე უარზე ვიყავი მერვე ბავშვის გაშვილებაზე. საკეისრო რომ გავიკეთე, მან გადაიხადა ნახევარი თანხა. მეუბნებოდა, ოთახში ცემენტს დაგისხამო, შენს შვილებს არ მოშივდებათო, მეშინია მაგ ქალის", - ამბობს მრავალშვილიანი დედა.
ნანა გილაშვილი ადასტურებს, რომ ქალბატონს შვილის გაშვილება შესთავაზა, მაგრამ მისივე თქმით, თანხა არ შეუთავაზებია.
შეგახსენებთ, 2010 წელს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი აცხადებდა, რომ მათ ბავშვის გაყიდვა შესთავაზეს, რაზედაც უარი თქვეს, რის შემდეგაც ნანა გილაშვილმა მათ სოციალური მომსახურების სააგენტოში უჩივლა და ბავშვთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ოჯახს 3 და 6 წლის ბავშვები ჩამოართვეს და ბავშვთა სახლში მოათავსეს.