"კვირის პალიტრა" ადრეც წერდა გია სალუქვაძის შესახებ, რომლის შემწეობითაც თამარ მეფის დაკარგული ჯვარი აჭის მონასტერს გადაეცა. გია სალუქვაძემ დიდი ბაბუის, აჭის მონასტრის ყოფილი დიაკვნის, არსენ სალუქვაძის ანდერძი აღასრულა და სიწმინდე, რომელიც საუკუნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მონასტერს დაუბრუნა. აჭის მონასტერი კომუნისტებმა საწყობად გადააქციეს, ამიტომ დიაკვანმა არსენ სალუქვაძემ ჯვარი შინ შეინახა, შთამომავლობას კი ანდერძად დაუტოვა, როცა წითელი ეშმაკები გადაშენდებიან, აჭის მონასტერში ჯვარი დააბრუნეთო, გია სალუქვაძემ აღდგენილ მონასტერს ჯვარი გადასცა...
ამ ამბიდან მალე 26 მაისის მოვლენები დაიწყო, გია სალუქვაძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. ის "სახალხო კრების" აქტიური წევრი იყო. პარლამენტის დადგენილებით გია სალუქვაძე პოლიტპატიმრად გამოცხადდა და ძველით ახალ წელს ოჯახს დაუბრუნდა.
- სამწუხაროა, რომ პოლიტპატიმარი ირაკლი თოფურიძე გათავისუფლებიდან მეორე დღესვე დაიღუპა. მისმა მეუღლემ განაცხადა, 160-კილოგრამიანი კაცი ციხიდან დამდნარი (60 კილოგრამს იწონიდა) გამოვიდაო. ის ამბოხებაში მონაწილეობის შეთითხნილი ბრალდებით გაასამართლეს. ზაზა სამხარაძე, რომელთან ერთადაც ვიყავი საკანში, გამოსვლიდან მეორე დღეს რუსთავის საავადმყოფოში მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმეა. მისი შვილიც 26 მაისის აქციის მონაწილე იყო და ერთი თვე ჰყავდათ დაკავებული, სადაც ისე სცემეს, რომ თავში ჰემატომა განუვითარდა. მოკლედ, კაცი იმაზე ფიქრობდა, სახლ-კარი გაეყიდა, ბიჭი სადმე წაყვანა და ოპერაცია გაეკეთებინა. ამ დროს კარზე დაუკაკუნეს და მიაწოდეს თაიგული, სადაც მისი ცოლისთვის გამოგზავნილი სასიყვარულო ბარათი იდო. ამაზე ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორიც ნებისმიერ მამაკაცს ექნებოდა. ჩაიყვანა ეზოში თაიგულის მომტანი და გააპანღურა. თურმე ნუ იტყვით, "სასიყვარულო წერილი" სოდ-ისა თუ კუდ-ის ნამუშევარი იყო. ის ერთი პანღური "თავდასხმად" გააფორმეს და 2 წელი მიუსაჯეს.
როცა ციხეში მიმიყვანეს, ე. წ. ფუქსებში ჩამიყვანეს. ფუქსი ბეტონის იატაკია, 70 სანტიმეტრი - სიგანე, მეტრ-ნახევარი კი სიგრძე აქვს და იქ დამაწვინეს. ე. ი. არც საწოლი მქონდა, არც ტუალეტი, არც წყალი. პატარა პლასტმასის ჯამი მედო წინ, საიდანაც სამ კაცს უნდა გვეჭამა. ამის გამო უარი ვთქვით კვებაზე და მხოლოდ პურის ქერქს ვჯერდებოდით. მახსოვს, ჩემთან ერთად იყო ერთი გალელი კაცი, რომელიც ტერორისტული აქტისთვის გაასამართლეს, თუმცა იმ დროს, როცა აქტი უნდა მოწყობილიყო, აფხაზეთში, ციხეში იჯდა. ყველა ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. ერთი ბიჭი იყო კიდევ, 22 წლის, რომელსაც რეჟიმის უფროსმა, ოლეგ ფაცაციამ შეაგინა და იმანაც გინებით უპასუხა, დაესივნენ და მოკლეს! ჯერ ეგონათ, გრძნობადაკარგულიაო, მერე, რომ ვერ გამოაფხიზლეს, ციხის თანამშრომელმა დაიყვირა, მკვდარიაო! ეს კოშმარი ჩემი თვალით ვნახე. ერთ-ერთ პატიმარს კი უბრძანეს, პირი დააღეო და ჩააფურთხეს, იმან ხელი მოუქნია ამის გამკეთებელს, ამის გამო ხელი მოამტვრიეს, მერე თვალიც ამოთხარეს.
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან მე-9-ში რომ გადამიყვანეს, მეგონა, ყველაფერი უკან დამრჩა-მეთქი, მაგრამ იქ უარესი საშინელება დამხვდა. გლდანში სისუფთავე მაინც იყო, ექვსკაციანი საკანი გვქონდა, მე-9 დაწესებულებაში კი 1.200 კაცი იყო.
პატიმრები ფეხზე ვიდექით და მორიგეობით გვეძინა. ჩემი რიგი რომ დგებოდა, მაინც ვერ ვიძინებდი. ბაღლინჯოები სისხლს გვწოვდნენ. ამდენ პატიმარს მხოლოდ 7 ტუალეტი ემსახურებოდა, დანარჩენი გაუქმებული იყო. 1.200 კაცს 190-კაციან სასადილოში უნდა ეჭამა, თანაც ზუსტად ერთი საათის განმავლობაში, ამიტომ ბევრი იძულებული იყო, ბალანდა ბარაკში წაეღო. ამიტომაც გვქონდა ტარაკნებისა და ვირთხების შემოსევა.
- მე-8 დაწესებულებაში ვლადიმერ ბედუკაძეს თუ შეხვედრიხართ?
- ზამთარში, ნახევრად შიშვლები, გაყინულ სარდაფში ჩავყავდით და იქ რამდენიმე საათი გვაყენებდნენ. თუ ბედუკაძის მორიგეობა იყო, მას მალევე ამოვყავდით სარდაფიდან.
პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ პირებს არ გვცემდნენ, რათა მერე რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას არ აღმოეჩინა ჩვენს სხეულებზე დაზიანებები.