განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ორგანიზაცია PH international-თან ერთად დღეიდან საჯარო სკოლებში ახალი საპილოტე პროექტის "სამართლებრივი კულტურის საწყისების სწავლება მე-7 კლასელებში" განხორციელებას იწყებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მანდატურის სამსახურიდან აცნობეს, პროგრამა ითვალისწინებს სკოლის მანდატურების მომზადებას სამართლებრივი კულტურის საწყისებში. სამოქალაქო განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები და სამართალმცოდნეები შერჩეულ მანდატურებსა და პედაგოგებს 4-დღიან ინტენსიურ ტრენინგებს ჩაუტარებენ, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოზარდი და მისი ფსიქოსოციალური განვითარება, ძალადობის რაობა, არასრულწლოვანი და კანონი, სასკოლო კონფლიქტების მართვა და ა.შ.
პროექტის ფარგლებში, გადამზადებული 20 მანდატური, კლასის დამრიგებლებთან ერთად მე-7 კლასელ მოსწავლეებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ჩაუტარებენ, რაც სკოლებში დანაშაულის პრევენციას და მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.
ახალი საპილოტე პროექტი, ამ ეტაპზე, თბილისის 10 სკოლაში განხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც, განათლების სამინისტროსთან ერთად PH international-ი განახორციელებს.