ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სომხეთში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"ცალკე გამოვყოფ: ივანიშვილს საგარეო პოლიტიკის კუთხით სამაგალითო ქვეყნად მიაჩნია სომხეთი, "თეთრი შურით" შურს მათი.
- სომხეთი პრორუსული სამხედრო ბლოკის ОДКБ-ს წევრია, რომელშიც შედიან ასევე რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი.
- ერევანს ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე რუსეთთან, რომელიც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის სომხეთში 2044 წლამდე ყოფნას ითვალისწინებს. გიუმრის სამხედრო ბაზაზე 5 ათასი რუსი სამხედრო, ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებია განლაგებული.
- სომხეთს არასდროს გამოუთქვამს სურვილი გაწევრიანდეს NATO-ში,"-წერს გიგა ბოკერიას მეუღლე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "რადიო თავისუფლების" სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სომხეთი კარგი მაგალითია, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ნატო-სთან".
"მე ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის სომხეთი კარგი მაგალითია, რომელიც კარგ ურთიერთობაშია რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობები აქვს ამერიკასთან და ნატო-ს სხვა წევრ-ქვეყნებთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია და მივიჩნევ, რომ ვალდებულები ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის შეთავსებას შევძლებთ",- განაცხადა ივანიშვილმა.