მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი რუბრიკის სახელწოდებამ - "დეტექტორი" ცოტათი დააბნია და ლამის ინტერვიუდან უკან გამაბრუნა. საბოლოოდ, დავარწმუნე, რომ "ეს ის არ იყო, რასაც ფიქრობდა" და ინტერვიუმაც ხალისიანად ჩაიარა...
- აჩიკო, უპირველეს ყოვლისა, ახალ წელს გილოცავ! დღესასწაული როგორ გაატარე?
- გამოგიტყდებით და პირველი არაჩვეულებრივი ახალი წელი მქონდა. 2013-ს იმ გარემოში შევხვდი, რომელიც ყველაზე მაგარი ყოფილა და არ ვიცოდი - ოჯახს ვგულისხმობ. აქამდე, მთელი 12 წელი, 31 დეკემბრის ღამეს შინ არ ვყოფილვარ; ამ დროს ქუჩაში - სხვადასხვა ღონისძიებაზე, კონცერტზე, სპექტაკლზე მიწევდა ყოფნა. ჰოდა, ახლა მივხვდი, რა მაგარია, როცა 31 დეკემბერს შინ, მეუღლესთან ერთად ხარ.
- ახალი წლის დღესასწაულს პირველ იანვარს აღნიშნავ თუ 14-ში?
- ალბათ - პირველში. ამ დროს საახალწლო განწყობილება უფრო მასშტაბურია, თორემ 14 იანვარსაც ისევე შევხვდები, როგორც - პირველს.
- ვთქვათ, 14 იანვარს მეკვლედ გუბაზ სანიკიძე გესტუმრა...
- (იცინის) ძალიან ბევრს ვიცინებ! მსგავსი რამ ვერ წარმომიდგენია... ესე იგი, რას ვიზამ, "ბუთქუჩა" კაცი რომ მოვიდეს და თავისი ბოხი ხმით მითხრას, - ახალ წელს გილოცავო?.. არა, ნამდვილად სიცილით მოვკვდები (იცინის)!
- რას იფიქრებ, მეკვლედ მართლა რომ მოგადგეს?
- ამ ფაქტს ვერაფრით ავხსნი და ამიტომაც გამეცინება. ვერ დაგისახელებთ ერთ მიზეზსაც კი, რის გამოც შეიძლება, ბატონი გუბაზი მესტუმროს...
- შენი აზრით, მეკვლე გუბაზ სანიკიძეს როგორი ფეხი ექნება?
- ბარაქიანი, დარწმუნებული ვარ!
- ვთქვათ, დილით უზარმაზარი ღიპითა და ბუთხუზა ლოყებით იღვიძებ...
- იქვე გარდავიცვლები! მსგავსი რამ ვერ წარმომიდგენია! ვეცდები, მსუქანი არასოდეს ვიყო. ისე, ჩემი დღის რეჟიმისა და "სივიწროვის" ადამიანს შეუძლებელია, ეს დაემართოს! საკუთარ თავს გასუქების უფლებას არასოდეს მივცემ - ისეთი პროფესია მაქვს, რომ სულ ფორმაში უნდა ვიყო.
- ოდესმე პუტკუნა ყოფილხარ?
- შორეულ ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, არასოდეს! დედაჩემის მონათხრობიდან ვიცი, - ისეთი მძიმე ვყოფილვარ, რომ ჩემი ხელში აყვანა უჭირდა. თურმე, ჯერ ლაპარაკი ვისწავლე, მერე - სიარული. ღრმა ბავშვობის შემდეგ პუტკუნა არავის ვუნახავვარ. ახლა მხოლოდ "ფოტოშოპით" თუ "გამასუქებენ".
- საინფორმაციო გამოშვებებს უყურებ?
- ფაქტობრივად, ტელევიზორს არ ვუყურებ, რადგან ამის დრო არ მაქვს.
- ვთქვათ, ჩართულ ტელევიზორთან "გაიარე" და ყური მოჰკარი, რომ საინფორმაციო გამოშვებაში შენზე ლაპარაკობენ. ტელეწამყვანი ამბობს, - აჩიკო სოლოღაშვილი ხულიგნობაშია ეჭვმიტანილი, მან პატრულის თანამშრომელს პანღური ამოჰკრა და მიიმალაო...
- (იცინის) წარმოუდგენელია! ღმერთმა არ ქნას! ადამიანს და მით უმეტეს, პატრულს პანღური რატომ უნდა ამოვარტყა?! თუ ამას ჩავიდენ, პოლიციას აუცილებლად, თავადვე ჩავბარდები. დარწმუნებული ვარ, პანღურს ნასვამიც არავის ამოვარტყამ. თუმცა ნასვამი არასოდეს ვყოფილვარ (იცინის)!
- ზოგადად, სამართალდამცველებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- გადასარევი. კანონმორჩილი ადამიანი ვარ და მათთან პრობლემა არასოდეს მქონია. თუმცა, მოძრაობის წესი დამირღვევია და ჯარიმაც გადამიხდია.
- ვთქვათ, "შუა დღის" პირდაპირ ეთერში დიმა ობოლაძე აცხადებს, რომ მას თრგუნავ; რომ შენთან ერთად ეთერში ყოფნა მისთვის გაუსაძლისია...
- (იცინის) ალბათ, ავდგები და ტელევიზიიდან წამოვალ. ისე კი, მინდა გითხრა, რომ დიმას დათრგუნვა ძალიან რთულია, მაგრამ თუ ამას ვინმე მოახერხებს, მას თავად მოვკლავ!
- ვთქვათ, დილით ტყეში იღვიძებ. გვანცა დარასელია ნაჯახით ხელში თავზე გადგას...
- ვაიმე, ვერ ვხედავ (იცინის)... ალბათ, სიზმარი მეგონება და ვეცდები, ძილი განვაგრძო, მერე - გამოვიღვიძო...
- ვთქვათ, ქალბატონი ბარბარე დვალიშვილი გირეკავს და გეუბნება: ბიჭმა მომიტაცა და დავრჩე თუ გამოვიპაროო?
- შოკში ჩავვარდები! თუკი ასეთ დროს ბაიკო მე დამირეკავს და ჩემს გადაწყვეტილებას დაელოდება, ალბათ ვეტყვი, რომ უნდა წამოვიდეს (იცინის). ბაია არაჩვეულებრივი პიროვნება გახლავთ. ისეთი მართალი ადამიანია, რომ ხანდახან მგონია, გულწრფელობა ბევრ რამეში ხელს უშლის. შეუძლებელია, ვინმემ მასზე რაიმე "გადაბრუნებული" თქვას.
- ვთქვათ, შხაპის მიღებისას აბაზანაში წყალი შეწყდა, შენ კი თმაზე შამპუნი გისვია... თან - თეატრში ძალიან გეჩქარება, სპექტაკლზე გაგვიანდება...
- ეჰ, რა გაეწყობა... შამპუნიან თმას პირსახოცით შევიშრობ და თეატრში წავალ. ჩემი პროფესია ასეთია: მაყურებელს, რომელიც ბილეთში ფულს იხდის, არ აინტერესებს, წყალი შეგიწყდა, თავში ტაფა მოგხვდა თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მას წარმოდგენა აუცილებლად უნდა უჩვენო. შარშან ფეხი მომტყდა, მეორე დღეს კი სპექტაკლში (პრემიერა გვქონდა) ვითამაშე. სხვათა შორის, მუხლამდე თაბაშირით ეთერშიც ვიჯექი. ბევრს ჩვენი პროფესია მხოლოდ გართობა ჰგონია, სინამდვილეში კი ასე არ არის. ჩვენს საქმეში ბევრი შრომაა ჩადებული.
- ვთქვათ, ბერა ივანიშვილი კონცერტის ქორეოგრაფიულ გაფორმებას გთხოვს...
- უპრობლემოდ დავთანხმდები და საქმეში ჩემზე კომპეტენტურ ადამიანებსაც დავიხმარ. ბერაც ჩვეულებრივი შემოქმედია და არ გამიკვირდება, ხვალ მე ან სხვა ვინმე რომ დასჭირდეს. მე ის გამაოცებს, "ქართულმა ხმებმა" რომ მთხოვოს, - ცეკვა დაგვიდგიო...
- ვთქვათ, "შუა დღის" ეთერში მიწვეული "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული - ლუკა ზაქარიაძე ანეკდოტების მოყოლას იწყებს...
- პირველი, ვისაც სახე "წაეშლება", მე ვიქნები, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, ლუკა "გაიხსნას" და როგორც დიმა და აჩიკო იქცევიან, ისე მოიქცეს. ლუკა ანეკდოტს არ მოჰყვება. ყველა ნიჭიერი ადამიანის მსგავსად, ისიც თავისებურია. ისე კარგად მღერის, რომ აღარ მაინტერესებს, "ჩაკეტილია" თუ - უხასიათო. თუმცა, აქვე დავძენ: ლუკა ვიწრო წრეში საკმაოდ "გახსნილია", კარგი იუმორის გრძნობა აქვს, კარგი ხასიათის პატრონი გახლავთ. უბრალოდ, გამოცდილება თავისას შვრება: ძალიან რთულია, უცებ "ვარსკვლავი" გახდე, ამხელა აუდიტორიის წინაშე იმღერო, თან - როცა იცი, მთელი საქართველო (და არა მხოლოდ) გიყურებს. კომპლექსებს ყველა თავისებურად გამოხატავს. მიმაჩნია, რომ "ჩაკეტილობა" ლუკას ერთ-ერთი კომპლექსია, მაგრამ ის ისეთი ნიჭიერია, რომ ამასაც აუცილებლად დაძლევს...
- პროექტში ლუკას გულშემატკივრობდი?
- ძალიან გამიხარდა, ლუკამ რომ გაიმარჯვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ფინალისტების - გიორგის და ანის გამარჯვება არ გამახარებდა. უბრალოდ, ვფიქრობ, ლუკა "საქართველოს ვარსკვლავი" რომ არ გამხდარიყო, ის მუსიკალურ სფეროში ნაბიჯს აღარ გადადგამდა და მისი ვოკალური გზა დასრულდებოდა (ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება, ვცდები კიდეც). ამიტომ მის გამარჯვებას მივესალმები. ლუკას სხვა პრიზებთან ერთად, არაჩვეულებრივი ავტომობილიც აჩუქეს. მანქანაში ჩაჯდომა 2 წუთით, მეც მოვასწარი. მიმაჩნია, რომ ის ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს.
- ძალიან კარგი. დაბოლოს, რამის თქმა ხომ არ გინდა?
- ფანტასტიკური 2013 წელი დაიწყო. მინდა, თქვენი რედაქციისა და მკითხველებისთვისაც წარმატებული წელიწადი იყოს!
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)