დღევანდელი მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და პრობაციის სამსახურებიდან სასამართლოებში 31 632 ამნისტირებული პატიმრის საქმე შევიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს პრესსპიკერმა, ნათია ცხადაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან შესული საქმეების საერთო რაოდენობაა 17 377. შესაბამისად, პირველი ინსტაციის 24 სასამართლოდან ერთზე საშუალოდ 724 საქმე გადანაწილდა.
მათ შორის - თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია 8 665 საქმე, საქმეებს განიხილავს 40 მოსამართლე და თითოეულ მათგანს საშუალოდ აწერია 216 საქმე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილება 2 637 საქმე, საქმეს განიხილავს 9 მოსამართლე. თითოეულ მათგანს საშუალოდ აწერია 293 საქმე. რუსთავის საქალაქო სასამართლოში შესულია 2 484 საქმე, საქმეებს განიხილავს 8 მოსამართლე, თითოეული საშუალოდ 310 საქმეს.
რაც შეეხება მეოთხე ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სულ განიხლება 2 871 საქმე. საქმეები გადანაწილებულია 4 მოსამართლეზე. აქედან თითოეული განიხილავს 713 საქმეს.
ამნისტირებული პატიმრებიდან 3 ათასამდე ციხეებს დატოვებს. გათავისუფლებულთა გამოსვლის პროცესი უკვე დაწყებულია.