კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა "ქართული ოცნების" მოშიმშილე აქტივისტებს დაატოვებინეს. როგორც ქალბატონები აცხადებენ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა სახანძრო და სამაშველო სამსახურის 7-მდე თანამშრომელმა მიაყენა. მათ ხელებზე დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც ცნობილია, 5 აქტივისტი გამგებელ ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა. მოშიმშილე თინა გახელაძე აცხადებს, რომ ინციდენტი დილის საათებში მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე შევიდა.
"მან თვალით ანიშნა ბიჭებს, რომ გავეყვანეთ. პირადად მე ლევან თაბორიძე შემეხო. კი არ გამომიყვანა, გამიტანეს. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაახლოებით 7-მდე ადამიანი იყო. დაცვის პოლიციას ჩვენთვის ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. ყველაფერი ეს გააკეთეს სახანძროს თანამშრომლებმა ოლეგ იაძის თვალწინ. ხელები დაჟეჟილი მაქვს", - აცხადებს თინა გახელაძე.
ინციდენტის შემდეგ მოშიმშილეები პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მათ კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის გივი მერებაშვილის საჩივარი დახვდათ. მერებაშვილი წერს, რომ მოშიმშილეები გამგეობის შენობაში თვითნებურად შეიჭრნენ და თანამშრომლებს მუშაობაში ხელი შეუშალეს.
სახანძრო სამსახურის უფროსი ლევან თაბორიძე ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. მისი თქმით, გამგეობის შენობაში ვიდეოთვალია დაყენებული, რომელმაც მოქალაქეების გაყვანის პროცესი დააფიქსირა.
ინციდენტს კასპის გამგებელი ოლეგ იაძე არ გამოხმაურებია.
სრული ვერსია