სახელოვანმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ საპატიმროს კედლები დატოვა. დემემ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2,6 წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა დღეს იმ 190 შეწყალებულ პოლიტპატიმარს შორისაა, რომლებმაც წარსულში დატოვეს პატიმრის კოშმარული ხვედრი. როგორც დემე ამბობს, ჯერ "თავისუფლებით ტკბება", ახლო მომავალში კი შეუდგება ბრძოლას საკანში დარჩენილი მეგობრის თავისუფლებისათვის.
- გიორგი, გილოცავ. რა განცდა გქონდა, როდესაც საპყრობილის რკინის კარი გაიღო და ტყვეობიდან გათავისუფლდი?
- ბედნიერი ვარ... როგორც ვცხოვრობდი, ისე განვაგრძობ ცხოვრებას. ძალიან მომენატრა ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები. კი იყო მძიმე 2,6 წელი ციხეში ყოფნა, მაგრამ რა გაეწყობა, ასე მოხდა. ეს-ესაა გამოვედი და უკვე მოვშინაურდი (იცინის). არაფერი შეედრება იმის განცდას, რომ თავისუფლდები და ოჯახს უბრუნდები. წინა დღეს ისე ვინერვიულე, მართლი გითხრათ, ღამით წესიერად არ მძინებია.
- ვინ დაგხვდა გარეთ?
- იმდენი ვინმე დამხვდა, მეშინია, არავინ გამომრჩეს (იცინის).
- როგორ გექცეოდნენ, გაუსაძლისი იყო პატიმრობაში ყოფნა?
- ზოგიერთი პატივს მცემდა, ჯალათებისა და სულით მახინჯი ადამიანებისთვის კი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ - ადამიანად არ გთვლიან...
- მაინც რა დაგამახსოვრდა ყველაზე ცუდად ან კარგად?
- ყველაზე ცუდად მე-6 დაწესებულება და ე.წ. კრიტი დამამახსოვრდა, სადაც ერთი თვის განმავლობაში არც საპონს გვაძლევდნენ, არც კბილის ჯაგრისს, არც ტუალეტის ქაღალდს და არც ბარათით სარგებლობის უფლებას. კარგზე ლაპარაკი ზედმეტია, ერთადერთი არის ის, რომ ციხეში ბევრი მეგობარი შევიძინე და უამრავი ღირსეული ადამიანი გავიცანი. ციხეებში ბევრი უკანონო პატიმარია. მათი საქმეები გადასახედია, ავადმყოფებს კი სათანადო მკურნალობა სჭირდებათ, რადგან ციხის მძიმე პირობები პატიმრების ფსიქიკაზე აისახება.
- ციხის კადრები, ალბათ, ნახე...
- ჩვენ ხომ ვიცოდით, რა და როგორ ხდებოდა, მაგრამ ტელევიზიით რომ უყურებ ასეთ კადრებს, უფრო დამთრგუნველია. რა, გაზეთებში არ იწერებოდა, პატიმრებს რომ აწამებდნენ და სასტიკად ექცეოდნენ?! მაინცდამაინც ტელეეკრანზე უნდა ენახა ხალხს ეს ყველაფერი, რომ დაეჯერებინა?
- გიორგი, რამდენი დაწესებულება გამოიცვალე?
- ვიყავი გლდანში, მეექვსეში, ე.წ. კრიტში, შემდეგ მეშვიდეში და ბოლოს ორთაჭალაში. კარგი პენიტენციური ექსკურსია გამომივიდა. ერთი, გუანტანამო დამრჩა მოსავლელი, თორემ, დანარჩენი ყველაფერი ვნახე.
- რა შეიცვალა ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ დაწესებულებებში?
- მოხდა გარდატეხა, დაიჭირეს ჯალათები. თუმცა პატიმრებისგან შევიტყვე, ცემა-წამებაში მონაწილეთაგან ზოგიერთი ადგილზე დარჩა.
- გამოსვლისას თქვი, თავისუფლება დღეს კი არა, 1-ელ ოქტომბერს ვიგრძენიო...
- რა თქმა უნდა, არჩევნების ოფიციალური შედეგები რომ გამოცხადდა, მივხვდით, რომ ქვეყანას ეშველებოდა, მათ შორის პატიმრებსაც. ამ შედეგებმა დაასაფლავა სააკაშვილის რეჟიმი, პატიმრებმა შვება იგრძნეს, ხალხს იმედი გაუჩნდა და ამ იმედს უკვე ამართლებს კიდეც ახალი მთავრობა.
- თუ შეიძლება აგვიხსენი, რატომ არის გიორგი დემეტრაძე პოლიტიკური პატიმარი?
- ამ მთავრობამ რაღაც მიზეზების გამო გამამწესა ციხეში. ისე, კი ვიცი, რის გამოც, თორემ, აბა, რომელი ქურდული სამყაროს წევრი მე ვიყავი, ფეხბურთელი კაცი? მეუბნებოდნენ, ხელი დამედო ვიღაცებისთვის, მიმეწოდებინა მათთვის სასურველი ინფორმაცია.
- მაინც ვისთვის უნდა დაგედო ხელი?
- ვატო ყიფიანისთვის, კახა კალაძისთვის, სხვებისთვისაც... მიმანიშნებდნენ, გაჩუმდეს შენი მეგობარიო. რა თქმა უნდა, ამაზე უარი ვთქვი. არაკაცურია, განსაცდელში ჩავარდნილს მეგობრისკენ გამეშვირა ხელი. კახა იმ საფრთხეს უქმნიდა ხელისუფლებას, რომ აგერ, მოვიდნენ და დაამარცხეს ეს ჯალათები და ვირთხები. ამიტომაც უნდოდათ კახა კალაძისა და მისი თანამოაზრეების გაჩუმება. კახამ ბოლომდე მიერთგულა. სხვა მეგობრებიც მყავს, მაგრამ მასავით არავინ დამდგომია გვერდში...
- ვიცი, რომ საქმის გასაჩივრებას აპირებ.
- რა თქმა უნდა, ვაპირებ. ჩვენს მეგობარს, დათუნა გაგნიძეს, 8 წელი აქვს მისჯილი, სრულიად უდანაშაულოდ ზის ციხეში და რა გამაჩერებს? ახლო მომავალში მივმართავთ პროკურატურას, ხელახლა განიხილოს ეს საქმე. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი მეგობრის გათავისუფლებისთვის.
- მართლა გეპატიჟებიან დონეცკში მწვრთნელად?
- სად ვიქნები და როგორ, ამაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია, ეს-ესაა გამოვედი ციხიდან, ერთი-ორი კვირა უნდა დავისვენო და შევეჩვიო თავისუფლებას.
- ფეხბურთს ხომ არ მიუბრუნდები?
- რაღა დროს ჩემი ფეხბურთია, 36 წლის ვარ და ორწელიწად-ნახევარი ციხეში გავატარე. ხალხი მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს თამაშობს და 36 წლისა მაინც ვეღარ "ქაჩავენ". არც ისეთი უნამუსო ვარ, ფეხბურთში მოთამაშის სტატუსით დავბრუნდე.
- ძველით ახალ წელს სად შეხვდი?
- რა თქმა უნდა, ოჯახში - მამაჩემის, ჩემი დის შვილისა და შვილიშვილების გვერდით.
- დაოჯახებას არ აპირებ?
- ახლახან გამოვედი ციხიდან, 36 წლის ვარ და რა ვიცი, მოვასწრებ კი დაოჯახებას (იცინის)? შეყვარებულს ციხეში ხომ არ გავიჩენდი? არც დაპატიმრებამდე მყოლია ვინმე, როგორი დასატოვებელია გარეთ შეყვარებული?
- პირველ რიგში რის გაკეთებას აპირებ?
- ჯერ დავისვენებ, მერე მცხეთაში წავალ ჩემს მოძღვარ იოანესთან, შემდეგ მოვივლი მეგობრებს და ვნახოთ... ჯერჯერობით თავისუფლებით ვტკბები.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ: "დემე დღეს რომ გამოუშვი, მაგარი ხარ ბიძინა" - გათავისუფლებულ გიორგი დემეტრაძეს ლექსი მიუძღვნეს