რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შემთხვევაში, როგორ მოვაგვაროთ მხარეებს შორის არსებული დავა. ქორწინების ბათილად ცნობის სამართლებრივ მხარეზე, თქვენს შეკითხვებს ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი პასუხობს.
ნინო ხელაძე:
ჩემი შვილი განქორწინებულია უკვე სამი წელია. ამ დროის განმავლობაში ჩემი შვილიშვილის მამას ერთხელაც არ გადაუხდია ალიმენტი. სააღსრულებლო ბიუროში განცხადება დაწერილი გვაქვს. მაინტერესებს, ნიშნავს თუ არა, რომ საქმის წარმოება უნდა დაიწყოს ავტომატურად სააღმსრულებლომ და აღასრულოს კანონი. არ მაქვს მე საშუიალება ყოველ დღე ვურეკო და ვიარო სააღსრულებლოში რომ საქმე აწარმოონ. გთხოვთ მიპასუხეთ, არის, თუ არა ეს კანონის დარღვევა და ჩვენი უფლებების.
ამ შეკითხვაში იკვეთება ასეთი რამ, რომ მათ სააღსრულებლო ბიუროს განცხადებით მიმართეს. ალიმენტის გადახდევინება არ იწყება სააღსრულებლო ბიუროს მიმართ განცხადების დაწერით. ამისთვის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მხოლოდ შემდეგ შეიძლება სააღსრულებლო ბიუროს მივმართოთ და არა განცხადებით, არამედ აქ უნდა იყოს ასევე სააღსრულებლო ფურცელი, რომელშიც ეწერება თუ რა გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტულმა მოსამართლემ; ანუ რამდენია ეს ალიმენტი, ვის ეკისრება და რა პერიოდულობით. აქედან გამომდინარე თუ გვაქვს ჩვენ სახეზე მხოლოდ განცხადება აღმასრულებელთან, რომ გთხოვთ ვთქვათ, კონკრეტულ პირს დააკისროთ ალიმენტის გადახდა ეს საქმეს არ უშველის.
იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება, მიმართვა აღმასრულებელთან და სააღსრულებლო ფურცლის დანართის სახით წარდგენა, აღმასრულებელს უკვე ავალდებულებს, რომ სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონის თანახმად მოახდინოს უკვე აღსრულება. აღსრულება დამოკიდებულია უკვე იმაზე, რამდენად აკმაყოფილებს უკვე კონკრეტული პირი თავისი ქონებით ან შემოსავლით იმ პირობებს, რომ მოახდინოს უკვე ალიმენტის გადახდა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში აღმასრულებელი მე არ ვფიქრობ რომ ჭიმავდეს ვთქვათ სააღსრულებლო პროცესს. თუ მიმართვა კანონიერია, მე ვფიქრობ რომ კონკრეტულ ვადებში ის აუცილებლად მოახდენს გადაწყვეტილების აღსრულებას.
ხათუნა ჯიქია:
წყვილს ჰყავს 4 შვილი. ქმარს სურს განქორწინება, ცოლი წინააღმდეგია. გთხოვთ დაახლოებით განგვიმარტოთ რა თანხა დაჯდება ეს ყველაფერი. შესაძლებელია, თუ არა უფასო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა და რამდენი დრო დაჭირდება ამ ყველაფერს. პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს?
მე სიამართლე გითხრათ,ვერ გეტყვით ვინ მოკიდებს ამ კონკრეტულ საქმეს უფასოდ ხელს. თუმცა არის რამოდენიმე ორგანიზაცია, მე როგორც ვიცი, რომლებიც გარკვეული დაფინანსებით სარგებლობენ. რომ გითხრათ კონკრეტული თანხა ამ მომსახურების, არ იქნება ალბათ სწორი, იმიტომ რომ ინდივიდუალურია მიმართვა. მაგრამ ეს არ არის არც ისეთი დიდი თანხები, რომ ვერ შეწვდეს დაინტერესებული მხარე.
წინასწარ დროის გამოთვლა ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ სასამართლოს აქვს გარკვეული ვადები რომელშიც უნდა ჩაეტიოს, რომ განიხილოს საქმე. ვთქვათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცალკე ვადა აქვს. იმ შემთხვევაში თუ მოხდება გადაწყვეტილების გასაჩივრება, იქ განხილვის კიდევ სხვა ვადებია დაწესებული და ეს უკვე გარკვეულწილად არაპროგნოზირებადს ხდის რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს განქორწინება. რამდენადაც დავა გვაქვს სახეზე და არ ეთანხმება ერთი მეუღლე, მეორის ასეთ გადაწყვეტილებას , პირველ რიგში უნდა მოხდეს სარჩელის წარდგენა სასამართლოში გარქონწილების მოთხოვნით.
მკითხველი თეა:
ჩემი მეგობრის მდგომარეობა მინდა აგიღწეროთ. აკაკიმ და თეამ ჯვარი დაიწერეს, შეეძინათ შვილი. თუმცა მალევე დაშორდნენ. მამის ოჯახმა უარი თქვა ბავშვზე, თუმცა გვარი მისცეს. მამას დაეკისრა ალიმენტი, თუმცა არსდროს გადუხდია. რომ სადაც მუშაობდა, ხელმძრვანელობას აფრთხილებდა, რომ თუ მიკითხავენ, თქვით, რომ აქ არ ვმუშაობო და ა.შ. გთხოვთ, განმარტოთ, რა კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა აღვასრულოთ სამართალი.
აქ ჩვენ სახეზე გვაქვს ალიმენტის გადახდევინებისგან ჯიუტად თავის არიდება, რეალურად. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს გარკვეულ დასჯას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი დანაშაული რომელიც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით. ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტი ხდება, მაგრამ იმისთვის რომ ვთქვათ მოხდეს დაკისრება ამ კონკრეტული პიროვნებისთვის ალიმენტის გადახდევინების, მგონი არ იქნება ურიგო თუ მიმართავენ კონკრეტულად, უშუალოდ იმ დაწესებულებას და გაარკვევენ რეალურად არის თუ არა დასაქმებული იქ, ანუ მტკიცებულების სახით ცნობას თუ აიღებენ, რომ იქ ნამდვილად მუშაობს და ერიცხება ხელფასი. პრინციპში ეს შეიძლება აღმასრულებელთან მიმართვითაც გაკეთდეს და შეიძლება ადვოკატმაც მოითხოვოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სახით ეს ცნობები. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უკვე, დაფიქსირება ფაქტის, რომ კონკრეტული პირი ნამდვილად მუშაობს და მას უკვე შემდეგ, აღმასრულებლის მითითებით დაექვითება ხელფასიდან ის ალიმენტი რომელიც სასამართლომ განსაზღვრა
მანანა რევიშვილი:
ითვლება თუ არა ჯვრისწერის მოწმობა კანონიერ საბუთად განქორწინების შემთხვევაში, ქონების გაყოფის დროს. (ნოტარიულად წყვილს ხელი არ აქვთ მოწერილი).
არა სამწუხაროდ. სხვათაშორის ეს შეკითხვა ძალიან ბევრჯერ დასმულა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, უფლებამოვალეობებს მეუღლეებს შორის წარმოშოვს მხოლოდ და მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია, კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, სხვა დანარჩენი დოკუმენტაცია იურიდიული საფუძვლის მომცემი არ არის. ანუ იურიდიული გარკვეული შედეგების დამყენებელი არ არის. ის არ განსაზღვრავს არც ქონებრივ ვალდებულებებს, არც სხვა რაიმე კანონით გათვალისწინებულ უფლებებს არ აძლევს განსაკუთრებულს არავის. ეს არის უბრალოდ ადამიანის პირადი დამოკიდებულებიდან რელიგიის მიმართ, გარკვეული ფაქტის - ქორწინების დადასტურება, ერთ-ერთი, მაგრამ იურიდიული შედეგის მომცემი არ არის.
ნინო კილაძე:
ალიმენტის გადაუხდელობის მიზეზად, მამა ასახელებს უმუშევრობას, მას არ აქვს ფიქსირებული სამსახური (ბანკში არ ერიცხება ხელფასი), მაგრამ შემოსავლის წყარო აქვს. ჩვენ მივმართეთ აღმასრულებელს და ავუხსენით, რომ მას არანაირი ქონება მის სახელზე არ აქვს გაფორმებული, მაგრამ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მივმართეთ აღმასრულებელს, ალიმენტი ჯერაც არ გადაუხდია. მაინტერესებს, იკვეთება თუ არა ასეთ დროს აღმასრულებლის და მამის უკანონო ქმედება და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში.
ძალიან რთულია აქ ვისაუბროთ აღმასრულებლის უკანონო ქმედებაზე. ანუ როდესაც აღმასრულებელს წარმოებაში აქვს საქმე ალიმეტებთან დაკავშირებით, ის ბუნებრივია იკვლევს რა ქონებრივი შესაძლებლობები გააჩნია ამ პიროვნებას, ვისაც ალიმენტი დაეკისრა და ვთქვათ, რა შემოსავლები გააჩნია. ბუნებრივია, თუ მუდმივი სამუშაო ადგილის შესახებ ცნობა არ არსებობს, ძალიან რთულია ხელფასზე აპელირება და ვთქვათ იქიდან გარკვეული პროცენტის დაქვითვა, ის რაც ალიმენტის სახით განსაზღვრა სასამართლომ.
გასათვალისწინებელია ერთი საინტერესო ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მუდმივი სამუშაო ადგილი, თუკი პიროვნება მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, ან კერძო სტრუქტურაში და ვიცით რომ მუშაობს, ამ შემთხვევაში მაინც რაღაცით არსებობს ეს ადამიანი ბუნებრივია, რაღაც გარკვეული შემოსავლები აქვს და ისევ და ისევ ვეჯახებით იმას, რომ სახეზე გვაქვს ალიმენტის გადახდევინებისგან ჯიუტად თავის არიდება. ისევ და ისევ მივდივართ იქამდე რომ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება. აქ შეიძლება, რა თქმა უნდა, დადგეს საკითხი მის მიმართ სხვა ღონისძიებების გამოყენების. ისეთი მაგალითად როგორიცაა მამობის უფლების ჩამორთმევა, როდესაც მამა არ გამოხატავს მზრუნველობას შვილის მიმართ და არანაირ ყურადღებას არ იჩენს მის მიმართ. არ ერევა ბავშვის აღზრდაში და ეს ვალდებულებები მას კანონით აქვს დაკისრებული. ძალიან ცუდი ფაქტია.
მეორე შეკითხვაა, სადაც საუბარია იმაზე, რომ აღმასრულებელი რამდენად შეიძლება იყოს ბრალეული კონკრეტულ შემთხვევაში. მერწმუნეთ, არანაირი მოტივაცია აღმასრულებელს არ ექნება იმისთვის, რომ არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ის მარტო აღმასრულებლის პრეროგატივა არ არის, ყველასთვის სავალდებულოა სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც იმ კონკრეტული პირისთვის, რომელსაც დაეკისრა ალიმენტი. იმ შემთხევაში თუ ქონებაც არა აქვს თავის სახელზე პიროვნებას გაფორმებული, მისი რეალიზაციის შედეგად, რომ ამოვიღოთ დაგროვილი ალიმენტი ამის სამართლებრივი შესაძლებლობაც არ არსებობს. ცოტა რთული საკითხია, ძალიან რთულია აქ მშრალად პასუხის გაცემა. სამწუხაროდ არის ასეთი ბევრი შემთხვევა.
მარი მამალაძე:
ცოლ-ქმარი 2 წელი ცხოვრობდნენ ერთად, შეეძინათ გოგონა, ქმარი ალიმენტს კეთილსინდისიერად უხდის უკვე ათი წელია, ამ ხნის განმავლობაში ხელახლა შეირთო ცოლი და ყავს 2 წლის ბიჭი. მაინტერესებს პირველ ცოლ-შვილს რა უფლება ექნებათ მომავალში მამის ქონებაზე და საცხოვრებელ სახლზე. ან თუკი მამაკაცი სახლს გადააფორმებს მეორე მეუღლის სახელზე ამ შემთხვევაში ექნებათ თუ არა პირველ შვილს რაიმე უფლება სახლზე.
მეუღლეთა ქონებრივი უფლებები წარმოიშვება მათი ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. ანუ ისევდაისევ არა ჯვრისწერის მომენტი, არამედ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით, ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ ეს მეუღლეები უკვე განქორწინებულები არიან, აქ სავარაუდოდ ბავშვის დედაზეა საუბარი, ის უფლებამოსილი აღარაა რაიმე პრეტენზია დააყენოს. ის მის კანონიერ მეუღლედ არ ითვლება. თუმცა თუკი ქონება, რომელზეც შეიძლება იყოს პრეტენზია შეძენილია მათი ქორწინების განმავლობაში, ბუნებრივია პრეტენზია შეიძლება გამოხატოს. მეუღლეთა თანასაკუთრებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან შვილს წილის უფლება არა აქვს. იმიტომ, რომ კანონი ასეთ ჩანაწერს არ ითვალისწინებს. შვილი მშობლის ქონების მემკვიდრე შეიძლება იყოს, მშობლის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ თუკი ვიდავებთ ჩვენ სასამართლოში, (მაგრამ აქ ყოველშემთხვევაში გვაქვს საუბარი, რომ დიდიხანია ოჯახი დანგრეულია) იმ ქონებაზე, რომელიც არის შეძენილი თანაცხოვრების პერიოდში, ყოფილმა მეუღლემ შეიძლება გამოხატოს ინტერესი. მაგრამ ეს დიდი ვადა, უკვე ამის შესაძლებლობას არ აძლევს.
შვილს, შეიძლება ჰქონდეს მამის ქონებიდან მხოლოდამხოლოდ წილი, მისი გარდაცვალების შემდგომ. ბოლომდე არ მოესპობა ბავშვს გარკვეული წილის მიღების შესაძლებლობა მამის ქონებიდან, მაგრამ იქნება გაცილებით მინიმალური.
ნათია გაბუნია:
მაინტერესებს, არსებობს, თუ არა რაიმე კანონი, რომ თუ მამის სახელზე არ არის სახლი გაფორმებული, მოვითხოვო საცხოვრებელი ფართი, რამდენად მეხმარება მე კანონი დავიცვა ჩემი უფლებები, როდესაც განქორწინების შემთხვეაში მცირეწლოვან შვილთან ერთად ვრჩები თავშესაფრის გარეშე.
ამ შემთხვევაში სანუგეშოს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. დამაიმედებელი სიტყვის თქმა არ შემიძლია. ძალიან რთული საკითხია. აქამდე სადღაც ცხოვრობდა? იმ შემთხვევაში, რომ განქორწინება მოხდა და მამას არ უნდა თქვენთან ცხოვრება, სახელმწიფოს არ ავალდებულებს რაიმე ფუნქციების შესრულებას.
მაია ქარქუსაშვილი:
რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთავს მშობელს მამობა?
ეს ძლიან კონკრეტულად არის გაწერილი სამოქალაქო კოდექსში. იმ შემთხვევაში თუ ის თავს არიდებს ბავშვის მოვლას, არ მონაწილეობს მის აღზრდაში, ცუდ ზეგავლენას ახდენს მასზე, არის ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, ანუ უარყოფითი მხარე არის საფუძველი იმისა, რომ მამას ჩამოვართვათ მშობლის უფლება. შესაბამისად საჭიროა სასამართლოსთვის მიმართვა და მტკიცება, რომ მამა ასეთ ცუდ ზეგავლენას ახდენს. ეს არამარტო მამაზე ხდება, შეიძლება დედაზეც მოხდეს.
მაია ქარქუსაშვილი:
მამამთილმა სახლიდან გამოასახლა რძალი და მცირეწლოვანი შვილიშვილი, იმისთვის, რომ ბინის გაყიდვა უნდოდა. მამათილს აქვს მეორე ბინა ცოლის სახელზე. ეკუთვნის,თუ არა შვილიშვილს კანონიერი უფლება, მოითხოვოს წილი ბებიას სახელზე გაფორმებულ სახლში და საერთოდ, რამდენად არის დაცული ამ შემთხვევაში მემკვიდრეობის უფლება. ეკუთვნის, თუ არა წილი ბავშვს ბებიას სახლში?
ბებია-ბაბუა არიან პოტენციური მამკვიდრებლები, ანუ მათი შვილები არიან მათი მემკვიდრეები და შვილიშვილები. თუმცა ის, რომ მე შვილიშვილი ვარ და შეიძლება ბაბუას ქონებიდან მეკუთვნოდეს გარკვეული წილი, ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ პრეტენზიები ეხლავე გამოვაცხადო. არამართებულია. ამიტომ ბაბუას ჩვენ ვერ შევუზღუდავთ უფლებას. თუ უნდა ბებიას გადაუფორმებს და თუ უნდა დიდედას. ეს მისი გადასაწყვეტია.
სალომე ფუტკარაია:
არჩევნების შემდეგ ალიმენტის გადახდა ისევ პრობლემა გახდა. რამდენჯერმე მივმართე სააღსრულებლო ბიუროში აღმასრულებელს, უკვე მოვითხოვე კიდეც პროკურატურას გადასცენ ჩემი შვილის მამის საქმე. მაინტერესებს, ხომ არ შეიცვალა კანონი, რადგან ალიმენტის ურჩი გადამხდელი მამები ისევ მომრავლდა. როგორ დავიცვათ მარტოხელა დედებმა ჩვენი და ჩვენი შვილების უფლებები.
კანონი არ შეცვლილა. კანონი ავალდებულებს, კანონი უნდა აღსრულდეს. უბრალოდ რამდენად არის, ამისი მატერიალური საშუალება იმისა, რომ ვთქვათ აღმასრულებელმა აღასრულოს ეს გადაწყვეტილება ეს სხვა საკითხია. იგივე მამას აქვს თუ არა შემოსავალი. რა თქმა უნდა ვეჯახებით პრობლემას, რომ შეიძლება მალავდეს ამ შემოსავალს და მეორე აქვს თუ არა გარკვეული ქონება. თუკი რაღაც შემოსავალი სახეზეა, აქ უკვე არის გათვალისწინებული კანონით შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ შემოსავლის გარკვეული პროცენტის ჩამოჭრა და გადარიცხვა დაინტერესებული მხარისთვის. ალბათ კიდევ ერთი პრეტენზიული წერილით ან საჩივრით მიმართონ შესაბამის ორგანოს, რომ კონკრეტული პირი თავს არიდებს ალიმენტის გადახდას.
მკითხველი ნანა:
ალიმენტის გადაუხდელობის გამო, აღმასრულებელმა მამის ფაქტიურ მისამართზე დააყადაღა მოძრავი ქონება (მამა ცხოვრობდა დედის სახლში). რის შემდეგ საჩივარი შემოიტანა ჩემს წინააღმდეგ ოჯახის წევრებმა. შემიძლია, თუ არა მორალური ზიანის მოყენებისთვის ვუჩივლო მათ. (მე არ მითქვამს აღმასრულებლისთვის, რომ ქონება დააყადაღე-მეთქი. ეს მიზანი ნამდვილად არ მქონდა)
მორალური ზიანისთვის საჩივრის შეტანას დასჭირდება ძალიან კარგი დასაბუთება. რაში გამიხატება ეს მორალური ზიანი. ამ შეკითხვიდან, მორალური ზიანის დამადასტურებელი, ისეთი საფუძვლები არ არის, რომ სასამართლოში გამოდგეს საკმარის მტკიცებულებად. იმიტომ, რომ მორალური ზიანი ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრმა რამემ მოგვაყენოს ცხოვრებაში და ყველაფერზე ვერ ვირბენთ სასამართლოში. არის სამწუხაროდ ესეთი კანონი, როდესაც გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებზეა საუბარი, შეიძლება მოხდეს იმ უძრავი ქონების დაყადაღება, რომელიც მდებარეობს რეგისტრაციის ადგილზე კონრეტული პიროვნების. ეს შეიძლება მისი კონკრეტული საკუთრება არ იყოს. ვთქვათ ვიღაცის სახლში ვიყო რეგისტრირებული, ის სახლი სხვის სახელზე იყოს გაფორმებული და მისი საკუთრება იყოს, მაგრამ მე უბრალოდ ვიყო რეგისტრირებული ამ სახლში. იქ იდგას დავუშვათ კომპიუტერი , მაგიდა, ტელევიზორი და ა.შ. რომელიც ასევე არ არის ჩემი საკუთრება, მაგრამ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაა ერთერთი, რომელიც აძლევს აღმასრულებელს უფლებას დააყადაღოს გარკვეული მოძრავი ნივთები, იმ საცხოვრებელ სახლში რომელშიც ვარ რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს სხვისი საკუთრება. იმ მომენტში აღმასრულებელი ამას არ არკვევს. ამას არკვევს უკვე ის დაინტერესებული პირი, იგივე ვთქვათ დედა, რომლის სახლეზეც შეიძლება იყოს ეს გარკვეული ქონება. და ის ცდილობს, რომ ამორიცხოს ეს ქონება აღწერის სიიდან. აქაც თავის არიდება გვაქვს, აქაც პრობლემა გვაქვს, კარგი იქნება ინდივიდუალურად გასაუბრება.