"იყო ისეთი პერიოდი, როცა ყველაფერი მოვინანიე. რაშიც დამნაშავე არ ვიყავი, ისიც კი მოვინანიე, რათა ქვეყანაში სიყვარული ყოფილიყო. მაშინ მეგონა, ვცდებოდი, მაგრამ, საუბედუროდ, თურმე მართალი ვყოფილვარ. ყველაფერი, რასაც მაშინ ვამბობდი, მართალი აღმოჩნდა. მზად ვარ, ახლაც მოვინანიო ყველაფერი და კარგი იქნება, თუ ყველა ასე მოიქცევა, რადგან ახლა თუ არ მივუჩინეთ ყველაფერს თავისი ადგილი, მერე გვიანი იქნება", - აცხადებს ჩვენთან საუბარში პოეტი, სახალხო ორგანიზაცია "ლაზარეს" თავმჯდომარე რეზო ამაშუკელი, რომელიც, მისივე თქმით, გადარჩენის იმედს ხედავს, მაგრამ მიაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენა ნაციონალების გარეშე უნდა მოხდეს.
- ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სახალხო ორგანიზაცია "ლაზარე", რომელიც ქართველებისთვის ქართველობის დაბრუნებას ემსახურება. ჩვენი ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. არ ველოდები, რომ ეს მაინცდამაინც დიდ შედეგს მოიტანს, რადგან მას არ აინტერესებს ქართველი ხალხის განწყობა, მთავარია, თავად გრძნობდეს თავს კარგად. უფრო კონკრეტულად კი, უკაცრავად და, მაძღარმა და ბრიყვივით გაღიმებულმა იაროს. უბრალოდ, ჩვენ გვინდა მსოფლიოს დავანახვოთ იმ ხალხის განწყობა, ვისაც ეს ვითომ პრეზიდენტად წოდებული ანგარიშს არ უწევს. ჩვენი სურვილია, საერთაშორისო საზოგადოებამ ნახოს, რა რაოდენობის ხალხი ეწინააღმდეგება ამ შლეგს საქართველოში. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ სააკაშვილი არის ვადაგასული პრეზიდენტი, უნდა წავიდეს სახლში და თავის გარყვნილ აზრებსა და მეგობრებთან განმარტოვდეს.
ჩვენ ისიც უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ უთავმოყვარეო ერი არ ვართ და საკუთარი პრინციპების დაცვა შეგვიძლია, თორემ თუ მოვდუნდით და ამ აღვირახსნილებს ფრთების გაშლის საშუალება მივეცით, თავიანთ ბოროტ ზრახვებს, რომლის გარშემოც ახლა ფუთფუთებენ, ბოლომდე განახორციელებენ.
- საიდან გაქვთ ინფორმაცია მათი ზრახვების შესახებ? საზოგადოებაში გავრცელებულ ე.წ. აპრილის ჩანაფიქრს გულისხმობთ?
- არა, მე თქვენი კოლეგა ჟურნალისტებივით არ ვიშველიებ "გენიალურ ფრაზას", რომელიც ასე ხშირად მესმის, - "სანდო წყაროს" ინფორმაციით... მე ჩემი ინტუიციითა და დაკვირვებით ვაკეთებ დასკვნებს, რომელიც არასდროს მღალატობს. იმ ხალხის ჩანაფიქრი, რომელთაც საქართველოში დატრიალებული უბედურების პროექტში მილიარდები ჩაყარეს, საპნის ბუშტივით გასკდა და ამერიკელი და სანფრანცისკოელი მილიარდერები, ასევე რუსული ინტერესების გამტარებლები, რომლებიც ახლა პირდაღებული შესცქერიან ამ გიჟს, ეტყობა, მაინც ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ავადმყოფზე დადეს ფსონი და პოზიციას არ თმობენ, თავიანთი შრომის წყალში ჩაყრას არ აპირებენ... რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მე არ ვიცი, ვინ რას აპირებს აპრილში, მაგრამ ვიცი, რომ 1-ლი ოქტომბრის დათმობას არ ვაპირებ და პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ასთავიანი გველეშაპი ისევ არ მოღონიერდეს.
- ბატონო რეზო, 2013 წლის დასაწყისში, ახალი წლის ღამეს, ხელისუფლება და ოპოზიცია საზოგადოებას კოაბიტაციას შეჰპირდა...
- დიახ, ახლა გამოჩნდნენ ვიღაც-ვიღაცები და ტლიკინებენ, უნდა შევრიგდეთო. რომელ კოაბიტაციაზე მელაპარაკებით, ამ უზნეოებმა, თქვენი არ ვიცი და, პირადად მე სამშობლო წამართვეს და ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება მათთან თანაცხოვრება?! ვინმეს წარმოუდგენია ჯალალედინთან კოაბიტაცია?.. ნახევარი საქართველო გაჟლიტეს და ყელამდე სისხლში დგანან და მტერს ამაზე უარესის გაკეთება არც შეეძლო... როდესაც ვთქვი, ისინი ასე ადვილად არ წავლენ-მეთქი, ეს შემთხვევით არ მითქვამს, მე ვნახე, რისი გამკეთებელი არიან ეს უჯიშოები და ახლა რასაც აკეთებენ, იმასაც ვხედავთ.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ უამრავი მკვლელი და ბანდიტი გარეთ გამოუშვა და გადახედეთ, როგორი წარსულის ხალხის ციხიდან გამოსვლას მოაწერა ხელი. იმათ ახლა წააქეზებენ, საჭიროების შემთხვევაში დააფინანსებენ კიდეც, რათა ორგანიზებულად იმოქმედონ და ქვეყანაში დაიწყება მკვლელობები, ყაჩაღობები და ათასგვარი უბედურება. მერე ეს მუქთახორები მსოფლიო ქვეყნების ხელმძღვანელობებს ეტყვიან, აი, ბატონო, სანამ ქვეყნის სათავეში ჩვენ ვიყავით, როგორი საოცარი სიმშვიდე იყო, შს მინისტრი "ხერხემალი" იყო, ჩვენი წასვლის შემდეგ კი, ნახეთ, რა ხდება ქვეყანაში, როგორ იმატა დანაშაულმაო... ამათ რომ ვუყურებ, სულაც არ გამიკვირდება, საკუთარი თავის გადასარჩენად ოჯახის წევრების წინააღმდეგაც წავიდნენ. ამ აკო მინაშვილმა, ჯოხზე წამოცმულ ცხენის თავს რომ ჰგავს, გმირად გამოიყვანა ახალაია, გასაჭყლეტად გამზადებულ ბაყაყ ბოკერიასთან ერთად...
- ამნისტიას ახალი ხელისუფლებაც ემხრობა, ბატონო რეზო...
- კი, მაგრამ გადახედეთ მათ სიას და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიას და მიხვდებით განსხვავებას. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, უთავმოყვარეო ერი აღმოვჩნდით, როგორ ბედავენ ისინი ხელმძღვანელობიდან წასვლის შემდეგ ამდენ ლაპარაკს? ისე უნდა გაგვეჩუმებინა, რომ მათი არსებობაც კი დაგვვიწყებოდა. ახლა ერთი ტელევიზიიდან მეორეში დახტიან და ისე ჟღურტულებენ, დემოკრატიის სტანდარტებზე ისე ლაპარაკობენ, გეგონება, ხალხს ბუზებივით ვიღაც სხვა ხოცავდა. ის წითელტუფლებიანი, მე შემიძლია სიტყვა ფეხსაცმელიც გამოვიყენო, მაგრამ წითელტუფლებიანს ვიტყვი, სააკაშვილის მონა, სამხრეთ-აფრიკულ პინგვინს რომ ჰგავს, პატივცემული გვარამია, ტელევიზია კი არ უნდა ჩააბარო, გალიაში უნდა ჩასვა და სადმე ცენტრში, ქუჩაში უნდა დადგა, რომ იქიდან უყუროს საზოგადოებრივ ცხოვრებას... რა გაცინებთ, სამხრეთ-აფრიკული პინგვინი გინახავთ?..
- ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოაჩნდა, ბატონო რეზო...
- რა მტკიცებულებები უნდა 7 ნოემბერს ან 26 მაისს?.. თქვენც არ დამიწყოთ ახლა ვიღაც დიპლომატებივით ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს მიუღებელიაო, - უკაცრავად გამოთქმაზე და სულ ფეხებზე ვკიდივართ მაგათ, ყველა თავისი ინტერესებით ცხოვრობს და საქართველოში რა ხდება, ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ქართველმა საზოგადოებამ ვერ გაიგო... ახლა გაახსენდათ ქართული დემოკრატია?.. მაშინ სად იყვნენ ეს კაი დედმამიშვილები, სააკაშვილის მიერ დარბეული ხალხის სისხლში რომ დააბოტებდნენ? რატომ მაშინ არ გაახსენდათ კოაბიტაცია?.. თავიანთ მყრალ სულიერებას მიხედონ, მე რა უნდა მასწავლოს ევროპელმა, რომელიც თავის მემკვიდრეობას შვილს კი არა, კატას უტოვებს?.. მთელი დასავლეთის აზროვნება იქით მიდის, რომ შესაძლოა, ძაღლზე იქორწინონ და ჩვენ გვასწავლიან ცხოვრებას? იქითკენაც ჰქონიათ გზა, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებონ, როგორმე მივხედავთ საკუთარ თავს.
- ბატონო რეზო, პრეზიდენტი ახალ წელს თავის გუნდთან ერთად ავღანეთში, ქართველ სამშვიდობოებთან ერთად შეხვდა და იქიდან ჩამოსულებმა თავიანთი შთაბეჭდილებები სოციალური ქსელის საშუალებით გაგვიზიარეს. ხომ არ წაგიკითხავთ მათი "ავღანური ამბების" შესახებ?
- ვინ არის პრეზიდენტის გუნდი, აბა, ჩამომითვალეთ...
- გოგა ხაჩიძე, კობა ხაბაზი, მარიამ საჯაია, ალანა გაგლოევა, დავით საყვარელიძე...
- რატომ არ დარჩნენ იქ ყველანი, ვინც იყვნენ წასული, ამათ რომ ნამუსის ნატამალი ჰქონდეთ, იქ უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ რაც არ აქვთ, რას მოსთხოვ?.. აუჩუყდათ გული გოგო-ბიჭებს. მე როგორც მითხრეს, იქიდან ის ვაჟბატონი დუბაიში გაფრინდა თავისი ჰარამხანით, თავისი სახელმწიფო ჰიმნის დამწერი ხაჩიძეც ახლდა, შოკოლადით მოდღურულ მინდიას რომ ჰგავს. მუსიკოსი ვარო, ამბობს და დოლს დაათრევს, თავში უნდა ჩაარტყა ის დოლი და ცოტა ხნით ყველა დაისვენებს. ის პატარა, ლაწირაკი გოგო არ ვიცი, ვინ არის და ალანა გაგლოევაზე კი მსმენია, ყველასთვის ცნობილია, ვინც არის და რამდენი ხანია მიშას გვერდითაა. ქართველი ბიჭების მხარდასაჭერად წავედითო, ყიოდა სააკაშვილი, არადა, კუბო გამოაგზავნა საქართველოში და თავად დუბაიში გაფრინდა, მუცელი რომ ამოეყორა და სადღაც თავისი გარყვნილი ღიპი ეთახთახებინა. თუ ჩვენ ეს ყველაფერი ბოლომდე მოვითმინეთ, მართლა უთავმოყვარეო ერი ვიქნებით. საბედნიეროდ, არ მიდის საქმე იქითკენ.
- თუმცა, ბატონო რეზო, საზოგადოების ნაწილს წინა ხელისუფლების ნოსტალგია უკვე გაუჩნდა...
- ექნებათ, აბა რა? ის ადამიანები, რომლებიც მათი მმართველობის პირობებში ტლინკაობასა და ალაფურშეტებს მიეჩვივნენ, რა თქმა უნდა, გაეტირებიან მიშას. ისინი ბოზებსა და სტრიპტიზბარებში ცოლებით დადიოდნენ და რა უნდა გამიკვირდეს მათგან?.. ცოტა ხანში ნახავთ, რა ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოში ქართველობას. ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვისაც კი ერის გაუბედურებასა და გაბითურებაში წვლილი მიუძღვის. პარლამენტში ორივე მხარის წევრებმა უნდა აგონ პასუხი იმისთვის, რაც გააკეთეს, "ნაციონალების" გვამებმა და "ქართულ ოცნებაში" შემძვრალებმაც. ამას წინათ წითელი ინტელიგენცია ახსენა ვიღაცამ, მაგას კიდევ ერთხელ იტყვის ვინმე ჩვენი მისამართით და ცხვირწინ დავულაგებ თავიანთ ცხოვრებას, მთელი ოჯახი "კაგებესთან" რომ იყო კუდით გადაბმული. ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთები მორგიდან გამოათრია, ყინულებში იყვნენ ჩაწყობილი და ახლა გამოიჯგიმნენ, მართლა პოლიტიკოსებად მოაქვთ თავი.
- ვის გულისხმობთ, ბატონო რეზო?
- ძალიან კარგად იცით, ვისაც ვგულისხმობ.
- მთელი ქვეყნისთვის შარშანდელი წელი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება 2013 წელი?
- არ ვიცი, ამ ძველი და ახალი ვირთხების ხელში როგორი იქნება ეს წელი, მაგრამ ერთი რამ ვიცი - საქართველო უნდა გადარჩეს. ლამის სული ამოგვხადეს ამ მართლაც ლაწირაკებმა და მანქურთებმა, მთელი ერი ჩრდილოეთისკენ მიატრიალეს.
- თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩრდილოეთისკენ გეზის აღება "ოცნების" ლიდერების ინტერესებში შედის...
- თუ ასე გაგრძელდება, ქართველი ერი რუსეთისკენ ძალაუნებურად მიტრიალდება. მე მიცხოვრია იმ ხანაში, როდესაც საქართველო რუსეთზე იყო დამოკიდებული და უნდა გითხრათ, რომ იმას მაინც არავინ მაძალებდა, ცოლად ბიძაშვილი მომეყვანა, თანაც ბიჭი. ამ ბოლო წლებში კი ისეთი პოლიტიკა იყო, გაივსო ქვეყანა პედერასტებითა და ლესბოსელებით. მთავრობაშიც ბევრია პედერასტი, ოღონდ მხოლოდ სექსუალური მიმართულება კი არ აქვთ ასეთი, სულიერადაც ასეთები არიან.
- დასასრულ მინდა გკითხოთ, ახალ წელს როგორ შეხვდით?
- ჩვეულებრივად, ჩემს სახლში შევხვდი, რაღაც არ ვიყავი კარგად, მაგრამ სიამაყით მინდა ვთქვა, რომ იმედი მაქვს, მეც და ხალხსაც და ამის დაკარგვა არ შეიძლება. 1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ერთხმად განაცხადა, რომ ჰალსტუხღეჭია მიშა არ უნდა; თუმცა ნელ-ნელა გვაჩვევენ იმას, რომ შეიძლება შავი ჭირი კიდევ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ თურმე ევროპულად უნდა ვიცხოვროთ, რადგან ხმამაღალი კრიტიკა ევროპის კულტურის საზღვრებში არ ჯდება და ამიტომ ყველაფერი ჩუმად უნდა მოვითმინოთ. საბედნიეროდ, ქართველი ერი ამას არ შეეგუება.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ორშაბათობით)