საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ მალე ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობას დაინახავს.
დეპუტატის შეფასებით, როცა საუბარია, რომ ასე ხელაღებით მოეხსნას ყველაფერს გრიფი "საიდუმლო", ეს ნიშნავს იმას, რომ ის, რაზეც ქართული სახელმწიფო წლების განმავლობაში მუშაობდა და რა მეთოდებითაც ჯაშუშებს, ტერორისტებსა და მეამბოხეებს აკავებდა, ყველა ამ მეთოდოლოგიას ფარდა აეხდება და ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
მისივე თქმით, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ რუსეთს პირდაპირ ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წარმოდგენები იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც ქართული მხარე მათ შემოტევებს უპირისპირდებოდა. "ეს ფაქტიც სრულიად ცხადად გამოკვეთავს ამ ადამიანების პოლიტიკურ სახეს, - ეს გახლავთ რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში და მე ღრმად მწამს, რომ მცირე ხანში ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამას კარგად დაინახავს", - აღნიშნა წიკლაურმა.
რაც შეეხება უშუალოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, დეპუტატის თქმით, პოლიტპატიმართა სიაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
"იქ არიან ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს. ამიტომ ეს ანტისახელმწიფობრივი გადაწყვეტილებაა და ვინც აიღო პასუხისმგებლობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში ამ პასუხისმგებლობას მწარედ იგრძნობს. ბრმისთვისაც კი ნათელია, რომ ადამიანები, რომლებიც ციხიდან არიან გამოშვებულები, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს არ მოემსახურებიან", - დასძინა მან.
ამნისტიის შედეგად დღეს საპატიმროები 190-მა პოლიტპატიმარმა დატოვა. ეკა ბესელიას თქმით, კი პოლიტპატიმრების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება და საზოგადოებისთვის საჯარო გახდება.