თინათინ ბოკუჩავა - თეა წულუკიანი ერთი კაცის სპიკერებისგან შემდგარ მთავრობას წარმოადგენს

თინათინ ბოკუჩავა - თეა წულუკიანი ერთი კაცის სპიკერებისგან შემდგარ მთავრობას წარმოადგენს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა იმედს იტოვებს, რომ სამომავლოდ, როდესაც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი შეაფასებს პარლამენტის წევრების საქმიანობას, უფრო მეტ პატივისცემას გამოიჩენს, - ამის შესახებ თინათინ ბოკუჩავამ "Front News"-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თეა წულუკიანმა ქილიკით მომმართა, როდესაც მიწოდა სპიკერი. მე მინდა მას ვუთხრა, რომ მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, მაქვს შესაბამისი განათლება და სამუშაო გამოცდილება, რომ მოვლენებს მივცე ჩემი შეფასება და ნამდვილად მაქვს უფლება ეს საჯაროდ გამოვხატო, მათ შორის მისი საქმიანობის შესახებ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით გასაკვირია თეა წულუკიანის ქილიკის ეს ფორმა მაშინ, "როდესაც ის მართლაც წარმოადგენს ერთი კაცის სპიკერებისგან შემდგარ მთავრობას".

"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ პირადად მან ძალიან ცუდად იწვნია ეს ფაქტი, როდესაც მისი, როგორც იუსტიციის მინისტრის პირველი დავალება იყო შეესრულებინა პოლიტიკური დაკვეთა. მან ეს დავალება შეასრულა, როდესაც სასამართლო განჩინების გარეშე, დილის 6 საათზე, მოტყუებით, ტელეფონის ზარით, თავდაცვის მინისტრის მოსასვენებელი ოთახის საპირფარეშოსთან, პირადად დააკავა გენშტაბის უფროსი", - განაცხადა დეპუტატმა.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, რამდენიმე დღის წინ მან გააკეთა განცხადება, რომ სასამართლოზე თეა წულუკიანის ასეთი აგრესიული თავდასხმის მიზეზი შეიძლება იყოს მისი პირადი შურისძიება. ბოკუჩავას განმარტებით, მის ამ განცხადებას მოჰყვა კიდევ უფრო შემაშფოთებელი კომენტარები თეა წულუკიანის მხრიდან, როდესაც, დეპუტატის თქმით, მინისტრი ღიად დაესხა თავს სასამართლოს, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს.

"მან დაპირებაც კი დადო, რომ მოაშთობს ამ ადამიანს. ეს არის თანამდებობა და ინსტიტუტი, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და ეს არის შემაშფოთებელი თავდასხმა. მე ვერ წარმომიდგენია სასამართლო ხელისუფლებაზე უფრო უხეში და უხამსი თავდასხმის ფორმა. უკვე ცალსახაა, რომ იუსტიციის მინისტრი ცდილობს თავისი პირადი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქციოს სასამართლო ხელისუფლება", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მისი თქმით, თეა წულუკიანს რომ რეალურად აღელვებდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ღირსება, მისთვის გაუგებარია, როგორ არ გამოეხმაურა ის ფაქტს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა. საუბარია მოსამართლის თანაშემწეზე, რომელიც, ბოკუჩავას განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ დაატყვევეს, დააშანტაჟეს.

"ის დაანაშტაჟეს, რომ მის შესახებ ჰქონდათ მისი პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და უთხრეს, რომ ამ ვიდეოს გაასაჯაროებდნენ, თუ ის მათ არ მისცემდა ინფორმაციას მოსამართლის შესახებ. მე არ მესმის, როგორც ადამიანს, როგორც ქალს, რომ მას რეაგირება არ მოეხდინა ამ ფაქტზე", - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ამ საქმეზე დღეს გამოძიება დაწყებულია, თუმცა, ის დაიწყო რამდენიმე კვირის დაგვიანებით და ის ვერ იტყოდა, რომ არის იმის ნიშნები, რომ რეალობის გამომჟღავნებისკენ იყოს ძიება მიმართული. "ერთი ცალსახაა, გამოიკვეთა, რომ ასეთი ვიდეომასალა მართლაც არსებობს, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა ამ ქალბატონს ეს აჩვენეს. ეს ამტკიცებს, რომ სპეცსამსახურების მიერ არის გადაღებული, რაც შემაშფოთებელია და ძალიან ბინძური მეთოდია სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმის. თუ წულუკიანის სასამართლო რეფორმა ითვალისწინებს ოპერატიული თანამშრომლების ჩანერგვას სასამართლო სისტემაში იმისთვის, რომ მათ მოაგროვონ კომპრომატები პირადი ცხოვრების შესახებ და ამით მოახდინონ მოსამართლეების შანტაჟი და ასე მიაღებინონ გადაწყვეტილებები, ეს შემაშფოთებელია", - დასძინა დეპუტატმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ