ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს ყოფილ რწმუნებულს, ჯემალ ნიაზოვს 300 ათასი ლარის გათეთრებას ედავებიან. გურჯაანის პროკურატურაში ძიება 194-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმე ეხება 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, როდესაც სოფელ კაბალში მცხოვრებმა 6-მა ბიზნესმენმა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდში 300 ათას ლარი ჩარიცხა. ბიზნესმენები რადიო "ჰერეთთან" ამბობენ, რომ ფული მათი არ ყოფილა, თბილისში დაიბარეს და იქ გადასცეს, რომელიც შემდეგ ნაციონალების არნგარიშზე გადარიცხეს.
გურჯაანის რაიონული პროკურორი ლევან ღვედაშვილი აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით მაღაზიების რამდენიმე მფლობელი დაიკითხა, თუმცა რწმუნებულის, ჯემალ ნიაზოვის დაკითხვა მისი საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა. საქმეს გურჯაანის პროკურატურის გამომძიებელი ანრი არსენიშვილი იძიებს.
წარმოდგენილი მუხლის შესაბამისად, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე ვადით ისჯება.