განცხადება ტექსტით "თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გთხოვთ გამათავისუფლოთ", ერთ-ერთია იმ 30 განცხადებას შორის, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის თაობაზე დააწერინეს. აღნიშნული განცხადების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. როგორც სოფლების ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები და თანამშრომლები აცხადებენ, განცხადებების დაწერა თელავის გამგებელმა ზურაბ ყურაშვილმა მოითხოვა.
გამგეობის თანამშრომლების თქმით, თითქმის ყველა მათგანი არჩევნებამდე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო და თელავის ახალი გამგებლის მოთხოვნა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ყურაშვილი გამგეობის თანამშრომლების ბრალდებას არ ადასტურებს. გამგებლის თქმით, თანამშრომლები კონკურსის წესით დაინიშნებიან და ვინც მაღალ შეფასებას მიიღებს, ისინი უსამსახუროდ არ დარჩებიან. მისივე თქმით, ის საჯარო მოსამსახურეები, ვინც განცხადებები უკვე დაწერეს, ჯერ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია.