ვერ გეტყვით, რას გლოვობდნენ ასეთს ქართული ტელევიზიები, წასულ ხელისუფლებას თუ იმას, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ვეღარ "გულაობენ", მაგრამ საახალწლოდ ნამდვილად "საღათას ძილით" ეძინათ.
მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალების დიადი 9-წლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს, ტელევიზიის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ქართველი ხალხი გართობის ღირსი აღარ არის და მხოლოდ საინფორმაციოებითა და კურიოზების გახსენებით შემოიფარგლნენ, კიდევ კარგი, ორი პროექტი, "საქართველოს ვარსკვლავი" და "ცეკვავენ ვარსკვლავები" სრულდებოდა იმ დღეს და ცოტათი გავერთეთ, თორემ ალბათ მოწყენილობისგან ეკრანებთან ჩამოგვეძინებოდა, მაგრამ 12-მა საათმა რომ ჩამოჰკრა, "რუსთავი 2"-მა "ვერის უბნის მელოდიების" გათანამედროვებული ვერსიის ჩვენება განაგრძო, "მეცხრე არხმა" კი, ეტყობა, "რუსთავი 2"-ის ჯიბრზე, გიორგი შენგელაიას "ვერის უბნის მელოდიები" პარალელურ დროს გაუშვა. მოკლედ, ერთგანაც და მეორეგანაც გადართვისას ახალგაზრდა და ძველგაზრდა ბუბა კიკაბიძე შემოგვციცინებდა ეკრანიდან. როგორც ჩანს, "მეცხრე არხის" მესვეურებმა გადაწყვიტეს, ხალხს შედარების საშუალებას მივცემთ, როგორია ძველი და ახალი "ვერის უბნის მელოდიებიო". ისე, კი გაგვიკვირდა, ამ არხს ამხელა შესაძლებლობები აქვს და არანაირი საახალწლო გადაცემა რომ არ გაუკეთებია. ერთადერთი, ახალი წლის შემოსვლა "პირველმა არხმა" აღნიშნა კონცერტით, რომელიც ახალ წლამდე ერთი საათით ადრე დაიწყო და 2013 წელსაც გვატკბობდნენ ქართველი მომღერლები ძველი თუ ახალი სიმღერებით. ძალიან ვიხალისე საახალწლო "ეტალონზე", სადაც ახალი მთავრობის მინისტრები ხუმრობდნენ და წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდნენ.
იმ ღამეს ყველგან უკვე მობეზრებულ საახალწლო კომედიებს აჩვენებდნენ, მეორე დღეს კი თითქმის ყველა არხზე გაურკვეველი საბავშვო სტუდიების კონცერტები გადიოდა და მე მაპატიეთ, პატარებს ისე ამღერებდნენ, რომ ეგრევე სხვა არხზე გადართვა მოგინდებოდა ადამიანს. "იმედი" რით ვერ შეელია "იუმორინას" ძველ გამოშვებებს, ვერ გამიგია. რა საჭიროა ამ ძველი კონცერტების გამეორება?!. რით ვერ მოჰბეზრდა ან მაყურებელს, ან თავად ამ არხს? მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მთლიანობაში, გარკვეული გამონაკლისების გარდა, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ტელევიზიებს საახალწლო პროგრამა არ ჰქონიათ და საქმეა ახლა ეს?
DJ ბუკლე
(გამოდის ორშაბათობით)