მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილი, ქალბატონი მაკა მახარაძე იმ ტრადიციების შესახებაც გვესაუბრა, რომელიც საახალწლოდ მის ოჯახში იყო და დღემდე გრძელდება...
- თხუთმეტი წელია, ჩემს მეგობრებთან ერთად საბალეტო სტუდიაში პატარებს ვასწავლით. რა თქმა უნდა, ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია. მშობელს ჩვენთან ბავშვი რომ მოჰყავს, როგორც წესი, გვეუბნება, სულ სარკის წინ დგას და ცეკვავსო. ცეკვის სურვილი ერთია და მათი ერთგვარ რეჟიმში ჩაყენება - მეორე. როცა 4 წლის ბავშვს ეუბნები, დაჯექიო, არ გისმენს, რადგან მას სირბილი უნდა. იმ ასაკში მარჯვენა-მარცხენას გარჩევა უჭირთ და ზოგჯერ არც ის იციან, რას ნიშნავს წინ და უკან ნაბიჯი (იღიმის). მაგრამ ამ ყველაფერს ის მაკეთებინებს, რომ ბავშვები უზომოდ მიყვარს. შეიძლება ითქვას, გადამეტებულადაც, რაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახს ახასიათებს. დედასაც და მამასაც გართულება ჰქონდათ ბავშვებზე. ჩემი შვილებიც ასე არიან, ვერც მე და ვერც ისინი ქუჩაში ბავშვის გვერდით ისე ვერ გავივლით, რომ არ მოვეფეროთ.
ყოფილა შემთხვევები, როცა სპექტაკლის მსვლელობისას რამდენიმე პატარას სცენაზე გასვლა არ ნდომებია და უმთავრესად ეს იმიტომ ხდება, რომ წრუწუნობა არ მოსწონთ. პირველ წელს, როცა ბავშვები სტუდიაში მოდიან, წრუწუნები არიან ხოლმე. ამ დროს კი ყველას პრინცესობა უნდა და სურს, მხოლოდ "პაჩკაში" ჩაცმული ცეკვავდეს. ჩემთან ერთი გოგონა სწავლობდა, ირინა ბარნაველი, დიდი ვასილ ბარნოვის შვილთაშვილის შვილი. განსაკუთრებული ბავშვი იყო და არის, მუსიკოსია, კარგად ხატავდა და როცა ჩვენთან მოვიდა, თავი წრუწუნებში ამოყო. მართალია, მაშინ მხოლოდ 4 წლის იყო, მაგრამ წერა უკვე იცოდა. დაუწერია ზღაპარი, სადაც ამბობდა, მთელი ცხოვრება ბალერინობაზე ვოცნებობდი, ბალეტზე მიმიყვანეს და იმის მაგივრად, რომ ბალერინა ვყოფილიყავი, წრუწუნა გავხდიო (იღიმის). ზღაპარი დედამისს ბავშვის ბალიშის ქვეშ უპოვია. ირინა რამდენიმე წელი დადიოდა ჩვენთან, წლების შემდეგ მისი ზღაპარი დედამისმა მომიტანა და წამაკითხა.
- ალბათ გახსოვთ, თქვენ როდის ნახეთ პირველად ეს ბალეტი სცენაზე?
- "მაკნატუნასადმი" ბავშვობიდან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. მამაჩემი, კოტე მახარაძე, ქორეოგრაფიული სტუდიის კურსდამთავრებული გახლდათ. ალბათ ეს ყველამ არ იცის. მან საბალეტო სკოლა წარჩინებით დაამთავრა. ფიქრობდა, საბალეტო ხელოვნებას გაჰყოლოდა, მაგრამ მის ცხოვრებაში იყო ორი კერპი: ვახტანგ ჭაბუკიანი და აკაკი ხორავა - ორივე საყოველთაო სიყვარულისა და ქედმოხრის ობიექტი გახლდათ. კოტემ არ იცოდა, ამ ორი გენიოსის გზას შორის რომელი აერჩია. როგორც ჩანს, ბოლოს ხორავამ "აჯობა" და მამამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. კოტეს პირველი პარტია საბავშვო სპექტაკლი "მაკნატუნა" იყო, რომელიც მან 9 წლის ასაკში იცეკვა. სპექტაკლს ევგენი მიქელაძე დირიჟირობდა, ხოლო მხატვარი სოლიკო ვირსალაძე გახლდათ. ეს ისეთი საამაყოა, რომ კოტე ხშირად აღნიშნავდა. ამიტომ ამ ბალეტის სახელწოდება ბავშვობიდან მესმოდა. მრავალი წლის განმავლობაში ნანახი არ მქონდა, რადგან მაშინ ჩვენი თეატრის რეპერტუარში არ იყო. 1959 წელს ვახტანგ ჭაბუკიანმა ქორეოგრაფიული სასწავლებელი გახსნა. იქ 9 წლის ასაკში შემიყვანეს და სტუდიის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული ვარ. სტუდიის ბოლო წლებში, ან მაშინ უკვე ბალეტის მსახიობი ვიყავი, როცა "მაკნატუნა" პირველად მოსკოვში, დიდ თეატრში ვნახე. მას შემდეგ ეს ბალეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მინახავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დიდ თეატრის ინტერპრეტაცია ყველაზე კარგია. იური გრიგოროვიჩის დადგმაა, სადაც მხატვარი სოლიკო ვირსალაძე იყო. იგივე ინტერპრეტაციაა ჩვენთან დღესაც და ძალიან მომწონს. "მაკნატუნა" ყველაზე საოცარი საშობაო ზღაპარია, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.
- შობა-ახალი წლის თემას მინდა შევეხოთ. როგორ დგებოდა თქვენს ოჯახში ახალი წელი? ბევრ მამაკაცს უყვარს საახალწლო სამზადისში ჩარევა. თქვენთან ვის ევალებოდა ეს საქმე?
- მახსოვს, როცა მამა ჩვენთან ცხოვრობდა, მას ეს თემა არ ეხებოდა და ნაკლებად წუხდებოდა. საერთოდ, ჩვენს ოჯახში მამაკაცები სამზადისით ნაკლებად ინტერესდებიან. მე დედისა და ბებიის ფუსფუსი უფრო მახსოვს. დედაჩემის მამა, ვასილ ჩახავა, პროფესორი და მეან-გინეკოლოგი გახლდათ. მას მოსწონდა, როცა საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს თავად ყიდულობდა. ბაბუა მაშინდელ ვერის ბაზარში მიდიოდა, თაყაიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით და ბაზრიდან პროდუქტი შინ მოჰქონდა. არ ვიცი, დღეს როგორ ხდება, მაგრამ მაშინ ბაბუას მადლიერი პაციენტები მოუკითხავდნენ ხოლმე და სოფლებიდან ჩამოჰყავდათ გოჭი. ბებია და ბაბუა მეგრელები იყვნენ და გოჭიც აუცილებლად მეგრული უნდა ყოფილიყო. ბებია გაწერელიას ქალი გახლდათ, შალვა (მუმუშა) გაწერელია დედაჩემის ბიძაშვილი იყო. აი, ეს კარგად მახსოვს და როგორც გითხარით, ვერ ვიხსენებ, რომ მამა ოდესმე საახალწლო სამზადისით დაინტერესებულიყო. მან ცხოვრების დიდი ნაწილი სოფიკოსთან გაატარა. 19 წლის ვიყავი, როცა დედ-მამა დაშორდა. სოფიკო ყველას მაგივრად აკეთებდა ყველაფერს, თავის და სხვის საქმესაც: ქალის, კაცის, შვილების, ბიძაშვილის, მამიდაშვილის. ბაზარშიც თავად დადიოდა და სადილებსაც თავად ამზადებდა.
- ამ მხრივ თქვენს ოჯახში დღეს რა ხდება?
- დღესდღეობით მე არაფერს ვაკეთებ. ამ სტადიამდე უკვე მივედი და ნეტავ ამას მაშინ მივმხვდარიყავი, როცა ვცეკვავდი. ალბათ როგორც მოცეკვავე, მეტს მივაღწევდი. ადრე ყველაფერს მე ვაკეთებდი და არა მხოლოდ ახალ წელს. სადილები, გარეცხვა, გაშრობა, უთოობა მარადიულად მე მქონდა აკიდებული და ეს იმიტომ, რომ უამრავი საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
- და როდის მიხვდით, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის სასიამოვნო აღარ იყო?
- სტუდია რომ გავხსენი, 47 წლის ვიყავი. ფაქტობრივად, დღის უდიდეს ნაწილს სტუდიაში ვატარებდი და საოჯახო საქმეების მოგვარებას ვეღარ ვახერხებდი. ახლა ამ საქმეში მეხმარება არაჩვეულებრივი ქალი, შორენა. ჩემი სულის ჩამდგმელია, ძალიან მიყვარს. 31 დეკემბერს ხუთ საათამდე ჩვენთან არის, მერე შინ გარბის, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რამდენიმე წლის წინ მისი შვილი საერო ცხოვრებაში ზურაბად წოდებული, ბერად აღიკვეცა და ახლა მამა ნიკოლოზია. ის, ქართლის მიუდგომელ ადგილას, მაღალ მთაში მონასტერში ცხოვრობს მარტო. ზუსტად არ ვიცი, იმ ადგილს რა ჰქვია. არაჩვეულებრივი ადამიანია და ასეთი ამაღლებული სულის პატრონი იშვიათად მინახავს. მე და შორენა ყოველ დილას ერთმანეთს პირზე კოცნით ვხვდებით და თუ შინ ვარ, როცა ის ჩვენგან მიდის, მაშინაც ასე ვემშვიდობები. ძალიან მიყვარს და მგონი, მასაც ძალიან ვუყვარვარ (იღიმის). ჩემს ანუკას კი შინ ნინო ეხმარება. შორენას და ნინოს არაჩვეულებრივი ხელი აქვთ. მინდა ორივეს ბედნიერება ვუსურვო.
- ოჯახში ნაძვის ხეს ვინ აწყობს?
- მე და ნატო ერთად ვცხოვრობთ. ჩემი შვილი ნაძვის ხის მორთვას თორმეტი საათის დადგომამდე 5 წუთით ადრე ასრულებს. დედაც ასე იყო. ჩვენს ოჯახში ნაძვის ხე ყოველთვის 31 დეკემბერს ირთვებოდა და დღემდე ასეა. ამას ჯერ დედა აკეთებდა, შემდეგ - მე და ახლა - ნატო. არ ვერევი, მომწონს, ისე ლამაზად რთავს. ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს, რომელიც დედამ გვაჩუქა და გვინდა, რომ ყოველთვის ის გვქონდეს. ჩვენს ოჯახში საჩუქრების კეთების ტრადიციაც არის, რომელსაც ერთმანეთს 31 დეკემბერს ვჩუქნით. რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელო, პატარ-პატარა საჩუქრებია, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მსიამოვნებს. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მიყვარს ეს დღე.
- მეკვლეობის თუ გჯერათ?
- არ ვიცი, რამდენად მჯერა, მაგრამ ჩვენს ოჯახში მეკვლე ყოველთვის ჩემი გერია - თეა. ის ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობს, ახალ წელს სახლში ხვდება და პირველი საათის შესრულებამდე ჩვენთან მოცუქცუქებს. სიტყვა "გერი" არ მომწონს, ვერც "შვილს" ვამბობ, რადგან ის მე არ გამიჩენია და დედამისს ამით შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. გერი და დედინაცვალი ჩვენს სინამდვილეში რაღაც საშინელ მოვლენად აღიქმება, არადა, ასე არ არის. ჩემი და სოფიკოს ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე მამაჩემი სულ ამბობდა, შენ და სოფიკომ დაანგრიეთ და ამოაბრუნეთ მთელი ქართული და მსოფლიო ზღაპრების ისტორიაო. ეს იმიტომ, რომ გერისა და დედინაცვლის ზღაპრები სიძულვილზეა დაფუძნებული. ჩვენს შემთხვევაში ეს აბსოლუტურად პირიქით იყო, მე და სოფიკოს საოცარი ურთიერთობა გვქონდა და მე და თეას შორისაც ასევე გრძელდება.
- 2013 წელს თბილისში ხვდებით? საერთოდ, ახალ წელს საზღვარგარეთ შეხვედრიხართ?
- ახალ წელს ორჯერ შევხვდი საზღვარგარეთ, ერთხელ - ამსტრედამში და მეორედ - იტალიაში, გენუაში. წელს შეიძლება სახლში არ ვიყო. 31 დეკემბერს პეტერბურგში თემურ ჩხეიძის ოჯახთან ერთად ვიქნები და თბილისში 2 იანვარს დავბრუნდები, იქ ვიქნებით თემურის მეუღლე ნანი ჩიქვინიძე, დეა და მისი მეუღლე დათო მაღრაძე, მათი სამი შვილი და მე. მინდოდა, ყველა წავსულიყავით, მაგრამ "მატერიალურ-ტექნიკურად" არ გამოგვდის. როგორც წესი, ყოველ 1-ელ იანვარს დედასთან ვიკრიბებოდით, 2-ში კოტესთან მივდიოდით. დედას გარდაცვალების შემდეგ ძმებმა მე მომანდვეს ჩვენი შეკრების ორგანიზება. ახლა მთელი ოჯახი ჩემთან მოდის. ძალიან ბევრნი ვართ, დიდი ბინა კი გვაქვს, მაგრამ ოთახში მაინც ვერ ვეტევით.
- ალბათ დაგითვლიათ, სულ რამდენი ხართ...
- სადღაც 40-ს ვუკაკუნებთ (იღიმის). აქამდე 2-3 იანვარს ვიყრიდით თავს, წელს კი გადავწყვიტეთ, ყველანი ერთად 7 იანვარს შევიკრიბოთ.
ანა კალანდაძე
(გამოდის ორშაბათობით)