ჯულიანა ბარ-გნარისთვის ცეკვა ყველაფერია. მისი სულის ნაწილია, რომლის ღალატს არასდროს აპირებს. ცხრა წლის იყო, როდესაც პირველად ნახა სამეჯლისო ცეკვები და მაშინვე მიხვდა, სწორედ ის იყო, რაც მთელი ცხოვრება უნდა ეკეთებინა.
ბარ-გნარების გვარის ისტორია
- ეროვნებით ასურელი ვარ. მამა, ვალერი ბარ-გნარი, საქართველოში გაიზარდა. დედა - ვერა ვარდაევა, აზერბაიჯანელია. ფოტოზე ჩემი მშობლები არიან. ბარ-გნარი პატარა გვარია. მხოლოდ ჩვენი სანათესავოა. ბევრნი არ ვართ. ჩემი ნათესავები ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ.
- რას ნიშნავს ბარ-გნარი?
- ბარ-გნარი არაფერს არ ნიშნავს. ბაბუაჩემი ბავშვობაში თურქეთში ცხოვრობდა. საიდანაც გამოიქცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს. თბილისში დასახლდა და მას შემდეგ საქართველოში ვცხოვრობთ.
- მშობლებმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
- დედა განჯაში ცხოვრობდა. მამა მეგობრებთან ერთად იქ ხშირად ჩადიოდა. გაიცნეს ერთმანეთი. თავიდან ერთმანეთს წერილებს სწერდნენ. ახლა ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულად ჟღერს. 18 წლის ასაკში დედა მამას ცოლად გაჰყვა და საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ჩვენ რაღაც პერიოდი რუსეთში ვცხოვრობდით. ბიძაშვილი სანქტ-პეტერბურგში წავიდა საცხოვრებლად. ბიზნესი ჰქონდა და ჩვენც წაგვიყვანა. სანქტ-პეტერბურგში ოთხ წლამდე ვცხოვრობდით. ბებია შეუძლოდ გახდა და საქართველოში დავბრუნდით.
- მშობლები ცეკვავენ?
- არა, დედა მკერავია. ბავშვობიდან მისი წყალობით ძალიან ლამაზი კაბები მქონდა. მამა კი ბუხრებს აკეთებს.
- ბავშვობის ფოტოდან ჩანს, რომ მსუქანი ბავშვი ყოფილხარ.
- ზუსტად არ ვიცი, რამდენი თვის ვარ სურათში, მაგრამ მსუქანი ნამდვილად ვიყავი.
- დედმამიშვილები გყავს?
- მყავს ძმა ვოვა, რომელიც ახლა პეტერბურგში ცხოვრობს, პატარა გოგონა ჰყავს, ევა. დას ირინა ერქვა, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ირინა 36 წლის იყო.
- ჯულიანა რატომ დაგარქვეს?
- დედა ჩემზე ფეხმძიმედ რომ იყო, თბილისში ჩამოვიდა იმ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი ჯულიანა ჯინდა. ჩემი და-ძმა ამ კონცერტზე იყვნენ. კონცერტიდან რომ დაბრუნდა, ჩემმა დამ დედაჩემს უთხრა, თუ გოგო დაიბადება, აუცილებლად ჯულიანა დავარქვათო. ალბათ უნდოდა, რომ მომღერალი ვყოფილიყავი, მე კი მოცეკვავე გამოვედი (იცინის). ამ სახელს ჩემი დის დამსახურებით ვატარებ და ძალიან მომწონს. ამ სურათზე ჩემი და ირინაა. მასზე საუბარი დღემდე ძალიან მიჭირს.
- როდის მიხვდნენ, რომ ცეკვის ნიჭი გქონდა?
- დეიდაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მოცეკვავე ვყოფილიყავი. სკოლაში სანამ შევიდოდი, დედას არწმუნებდა, ცეკვაზე მივეყვანე.
- რომელ სკოლაში სწავლობდი?
- თბილისის 30-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც აერობიკაზე დავიწყე სიარული და პარალელურად თანამედროვე ცეკვებზე დავდიოდი. ჩემი მეგობრები ლათინურ-ამერიკულ ცეკვებზე დადიოდნენ და სრულიად შემთხვევით მიმიწვიეს ერთ-ერთ კონკურსზე. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. სამეჯლისო ცეკვები პირველად რომ ვნახე, მივხვდი, შინაგანად რაღაც აინთო ჩემში. იმასაც მივხვდი, რომ ეს ცეკვები ჩემი იყო. იმ კონკურსზე ვინც პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა, ყველას ერთი პედაგოგი ჰყავდა. გავიგეთ სად იყო ის მასწავლებელი და მასთან მივედი. ოთხი წელი ვცეკვავდი. მერე ის მოსკოვში გადავიდა და სტუდია "თელაში" დავიწყე ცეკვა. რაღაც პერიოდი ცეკვის სხვა ფედერაციაში დავდიოდი. მერე, როდესაც ოთო ფოლადაშვილთან დავდექი წყვილში, ისევ "თელაში" დავბრუნდი და ახლა ამ სტუდიაში ერთ-ერთი მასწავლებელი ვარ.
- ცეკვის სიყვარულმა სწავლაში ხელი ხომ არ შეგიშალა?
- არანაირად არ შეუშლია. თანატოლებს რომ ვუყურებდი, ვერაფრით ვხვდებდი, როგორ შეეძლოთ მხოლოდ სკოლაში ყოფილიყვნენ და გაკვეთილები ესწავლათ. მე ცეკვის წყალობით ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. მივდიოდით საზღვარგარეთ. ლამაზი კაბები მქონდა. ჩემი აზრით, ცეკვა ძალიან ალამაზებს ცხოვრებას. ვფიქრობდი, იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლის მერე სულ მეცადინეობდნენ, ჩემგან განსხვავებით საინტერესო ცხოვრება არ ჰქონდათ. მგონია, რომ რაც უფრო დაკავებული ხარ, უფრო ბევრ რამეს ასწრებ. კლასში ერთ-ერთი კარგი მოსწავლე ვიყავი.
- შემდეგ ფოტოზე ვისთან ერთად ხარ?
- ეს ჩემი პირველი პარტნიორია. როლანდი ერქვა. მე და როლანდი ოთხი წლის განმავლობაში ყველა კონკურსზე პირველ ადგილზე გავდიოდით. მსაჯები უმაღლეს ქულას გვიწერდნენ ხოლმე.
- ახლა როლანდიც ცეკვავს?
- მოგვიანებით ცეკვას თავი დაანება.
რატომ აირჩია სტომატოლოგობა
- ყველაზე ძალიან რომელი ცეკვა გიყვარს?
- ამ შემთხვევაში ერთ ცეკვას ვერ დავასახელებ. ძალიან მიყვარს რუმბა და პასადობლი. ალბათ იმიტომ, რომ ეს ცეკვები ყველაზე მეტად გადმოსცემენ ემოციას. რუმბა სიყვარულის ცეკვაა, სადაც მთელი შენი სინაზე შეიძლება გადმოსცე. პასადობლი კი ესპანური ცეკვაა და ჩემ ხასიათთან ახლოსაა. სხვადასხვა ხასიათის ცეკვებია და ორივე მათგანში შემიძლია, ჩემი თავი გადმოვცე.
- როგორც ვიცი, ცეკვისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესია გაქვს არჩეული.
- ჰუმანიტრულ უნივერსიტეტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობ (იცინის). ამას რომ ვამბობ, ძალიან ბევრი მეკითხება, რატომ აირჩიე ეს პროფესიაო.
- მართლა საინტერესოა, რატომ აირჩიე, როცა ცეკვა ასე ძალიან გიყვარს.
- ცეკვა ჩემი სულის ნაწილია, მაგრამ სპეციალობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აუცილებლად უნდა გქონდეს სხვა პროფესიაც.
- მაინცდამაინც სტომატოლოგიურზე სწავლა რატომ მოინდომე?
- ეს გადაწყვეტილება ჩემი ძმის რჩევით მივიღე. ისიც სტომატოლოგია. სანამ პროფესიას ავირჩევდი, ბევრი ვიფიქრე. მინდოდა, ეკონომიკურზე ჩაბარება, მაგრამ დღეს ყველა ეკონომისტია და თან მთელი დღე ანგარიში ჩემი საქმე არაა. იურისტმა კი მთელი თავისი ცხოვრება ამ საქმეს უნდა მიუძღვნას. სტომატოლოგიურზე რომ ჩავაბარე, თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორად მოვიქეცი და ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი. მერე ძალიან დამაინტერესა. შეიძლება სტომატოლოგს არანაირი საერთო არ აქვს ცეკვებთან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საინტერესო საქმე არაა.
- როგორ ფიქრობ, რამდენიმე წლის მერე კარგი სტომატოლოგი იქნები?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. პრაქტიკაზე დაბჟენა ცუდად არ გამომდიოდა. არ მინდა, ჩემი თავი შევაქო, მაგრამ როგორც ლექტორები ამბობენ, სუფთა ხელი მაქვს. ვფიქრობ, რომ ცოდნა კარგია, მაგრამ პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, თუ ასე გავაგრძელებ, ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ მესამე კურსზე ვარ. სწავლას ორწელიწად-ნახევარში დავამთავრებ და მერე კიდევ ორი წელი მაგისტრატურაში უნდა ვისწავლო. ასე რომ, დრო მაქვს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდე.
- როგორც ვხვდები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარგი სტომატოლოგი იქნები, ცეკვას თავს არ დაანებებ.
- არავითარ შემთხვევაში. აბიტურიენტობის დროს ყველა სწავლაზეა გადართული. მე იმ პერიოდში ღამის სამ საათამდე ვმეცადინეობდი, მაგრამ დროს მაინც ვპოულობდი. მივდიოდი ცეკვაზე და ვვარჯიშობდი. უბრალოდ, ცეკვისთვის თავის დანებება არ შემიძლია.
- არის ცეკვის ილეთი, რომელიც არ გამოგდის?
- შემიძლია, იმდენი ვიმეცადინო, რომ ფეხებიდან სისხლი მომდიოდეს. არ არსებობს ილეთი, რომ ვერ გავაკეთო. ცეკვაში ზოგადად ასეა. თუ კარგად და ბევრს იმეცადინებ, ყველაფერი გამოგივა. ვფიქრობ, რომ შეუძლებელი ამ ცხოვრებაში არაფერია. თუ ადამიანი მიზანს დაისახავს, ყველაფერს მიაღწევს.
- ეს ფოტო, როგორც მითხარი, თურქეთში გაქვს გადაღებული.
- თურქეთში კონცერტის მერე დელფინარიუმში დაგვპატიჟეს, სადაც ეს ლამაზი თუთიყუში ჰყავდათ. ასეთი დიდი და ლამაზი თუთიყუში არასდროს მინახავს.
ვის და რატომ გულშემატკივრობს "ცეკვავენ ვარსკვლავებში"
- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ორი პარტნიორი გყავდა. აჩი მეფარიძე და ჯაბა კილაძე. რომელი უფრო კარგად ცეკვავს?
- ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ისინი ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან. მეფარიძის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ჩემთან მიმართებით ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყურადღებიანია, მის მზრუნველობას სულ ვგრძნობდი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში შრომისმოყვარეობას. აჩი რეპეტიციებზე არ აგვიანებდა და დღეში ხუთ საათს ვვარჯიშობდით. მისი ასაკისთვის ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა. პროექტიდან რომ გამოვვარდით, პირველ რიგში, გული იმიტომ დაგვწყდა, რომ ჩვენი წყვილი ერთ-ერთი იმ კონკურსანტთაგანი იყო, რომელიც ამ პროექტს სერიოზულად მიუდგა. მე ის ადამიანურად ძალიან შემეცოდა, რადგან მართლა ბევრი ჩადო ამ ცეკვებში. არადა, მხოლოდ ორი ცეკვა შეასრულა. სურათი ჩვენმა გულშემატკივრებმა მეორე ცეკვის დროს გადაგვიღეს.
- ჯაბა კილაძეც ნაწყენი იყო, პროექტი რომ დატოვა.
- მე ასე ვერ ვიტყოდი. ჯაბა საერთოდ არ განაწყენდა. ის პროექტის დატოვებისთვის მზად იყო. ჯაბასაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ბოლოს ცეკვებს ისე მიუდგა, როგორც მინდოდა. თავიდან ის მხოლოდ გასართობად იყო პროექტში. როდესაც ნიკო გომელაურის სიმღერაზე ტანგო შევასრულეთ, ჯაბამ ცეკვაში ნაპერწკალი დაინახა და ჩვენი რეპეტიციები რადიკალურად შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ბოლო სამი ცეკვა ღირსეულად შევასრულეთ. ეს სურათი პროექტში ყოფნისას გვაქვს გადაღებული. მიხარია, რომ ჯაბასა და აჩიკოსთან მომიწია ცეკვამ.
- როგორ ფიქრობ, შენი პარტნიორი, ოთო ფოლადაშვილი, გახდება გამარჯვებული?
- ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. რუსკა ნიჭიერი გოგოა. ინდური ცეკვა ორ დღეში ისწავლეს. მანამდე რუსკა ავად იყო. ორ დღეში ცეკვის ასე სწავლას კარგი მოცეკვავეც ვერ მოახერხებდა. სალომე და გიორგიც ძალიან კარგად ცეკვავენ, მაგრამ მგონია, რომ ფინალური ცეკვები გადაწყვეტს ყველაფერს. მინდა, ოთოს გამარჯვება ვუსურვო.
- შენ და ოთო უახლოეს მომავალში რომელ კონკურსზე აპირებთ წასვლას?
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" დაწყებამდე გადავწყვიტეთ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ გავიდოდა ფინალამდე და ვინ - არა, კონკურსებში არც ერთს არ მიგვეღო მონაწილეობა, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეგვეშალა. ერთად რეპეტიციებს ხშირად ვერ ვახერხებთ.
- ყველაზე დიდ წარმატებას რომელ კონკურსზე მიაღწიეთ?
- 2011 წელს გავხდით საქართველოს თასის მფლობელები. სურათი მე და ოთარს ერთ-ერთი კონკურის დაწყების წინ გადაგვიღეს. ახლა ჩვენ ჯგუფები გვყავს სტუდია "თელაში". ძალიან სასიამოვნოა პატარა ბავშვებთან ურთიერთობა. მათი გულშემატკივრობა დიდ სტიმულს მაძლევს.
- პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ამჯერად შეყვარებული არ მყავს. თხუთმეტი წლის ასაკში მიყვარდა პირველად. სამი წელი ვიყავით ერთად.
- შეყვარებული მოცეკვავე იყო?
- ამის შესახებ არ მინდა საუბარი.
- ოჯახი ჰყავს?
- არა, არ ჰყავს.
- ალბათ ბევრი თაყვანისმეცმელი გყავს.
- თაყვანისმცემლები არიან. ერთ მათგანზე ჯერ ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, ეს სერიოზული ურთიერთობაა თუ არა. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. არ ვჩქარობ.
მერი კობიაშვილი
(გამოდის ორშაბათობით)