ახალი, 2013 წელი უკვე ძალაში შევიდა და ჩვენს ხალხს ბუნებრივია, აწუხებს კითხვა - როგორი იქნება ის ეკონომიკური თვალსაზრისით, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში მოსახლეობის საკეთილდღეოდ? - ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს მივმართეთ.
- ბატონო ზურაბ, ახალ მთავრობას ოპონენტები ხშირად საყვედურობენ, რომ ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.
- დიახ, ოპონენტები გვიკიჟინებენ, თქვენი მოსვლის შემდეგ არაფერი გაკეთებულაო, მაგრამ ასე არ არის. რაც უნდა შეცვლილიყო, შეიცვალა: პირველ რიგში, შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავარი ფინანსური კანონი - სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც 800 მილიონი ლარია გამოყოფილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად. იცით, ალბათ, რომ პენსიები 1-ლი აპრილიდან გათანაბრდება და ყველასათვის 125 ლარი გახდება, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან ყველა პენსიონერი 150-ლარიან პენსიას მიიღებს. გაორმაგდება სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება და პედაგოგების ხელფასი, მოიმატებს აგრარული სექტორის დაფინანსებაც. ყველამ ვიცით, რომ მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი იქმნება აგრარული სექტორის განვითარებისათვის, თანაც ამ დარგის დაფინანსება 200 მილიონით მოიმატებს და 241 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, წელს ფერმერები დაბალპროცენტიანი აგროსესხების აღებასაც შეძლებენ. არ გაჩერდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. თანაც ეს ყველაფერი კეთდება იმ ფონზე, როდესაც დაფინანსება შეუმცირდა მთელ რიგ სამინისტროებს, ანუ ქამრის შემოჭერის პრინციპი ჩვენთვის მხოლოდ სიტყვა არ არის. მარტო ის რად ღირს, რომ თანხა, რომელიც ადრე უცხოელი ვარსკვლავების მოწვევას ხმარდებოდა, ახლა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დაიხარჯება. 2013 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე ორიენტირებული იქნება, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ 2013 წლიდან შემოდის სადაზღვევო სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს ექნება საშუალება, ჯანმრთელობას მიხედოს. არ შეიძლება, ხაზი არ გავუსვა კიდევ ერთ ფაქტს: გაიზარდა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყუილად გვაბრალებენ, ეკონომიკა არ ვითარდებაო. უკვე რამდენი რამ ჩამოვთვალე, მაგრამ ეს ძალზე ცოტაა იმასთან შედარებით, რაც ახალმა მთავრობამ და პარლამენტმა დროის ამ მცირე მონაკვეთში შეძლო და გააკეთა…
- ძალიან მნიშვნელოვანია ტარიფების შემცირებაც, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამენ ისინი, ვინც 300 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს, რადგან შემცირება მათ არ შეეხო.
- დიახ, ამის გამოც გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს ერთგვარი სტიმულია იმისათვის, რომ მომჭირნეობით ვხარჯოთ ელექტროენერგია და ქვეყანაში ენერგოდეფიციტი არ შეიქმნას. ვინც ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, ბუნებრივია, ის უფრო ფუფუნებით ცხოვრობს და უნდა გადაიხადოს კიდეც, თუმცა მომხმარებელი, რომელიც 300 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავს, უფრო მეტია. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ ჯგუფში შედის. არ არის ეს გაკეთებული საქმე? - რა თქმა უნდა, არის.
- რადგან "ქამრების შემოჭერაზე" ჩამოვარდა ლაპარაკი, პარლამენტარების ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებაც საკმაო თანხა უჯდება ჩვენს ბიუჯეტს. დაუბრუნდება თუ არა პარლამენტი თბილისს?
- ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტი თბილისში გადმოვა, მისი მუშაობა ასე უფრო ეფექტიანი იქნება, რადგან ახლა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას მთავრობა უნდა მოწყდეს თავის სამსახურს, ჩავიდეს ქუთაისში, მერე უკან დაბრუნდეს და ა.შ… შეიძლება ვიღაცამ მითხრას - იცხოვრე, ბატონო, ქუთაისშიო, მაგრამ საქმე ასე არ კეთდება - მთავრობა თბილისშია, პარლამენტი კი მოწყვეტილია აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში პარლამენტი ისე ეფექტურად ვერ იმუშავებს, როგორც საჭიროა.
- ესე იგი, მომავალი წელი პარლამენტის თბილისში დაბრუნების წელი იქნება?
- იმედი მაქვს. ამის ინიციატივა პარლამენტში არსებობს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საერთო-სახალხო განხილვის შედეგად. თუ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, ასეც მოხდება. 2013 წელს რვა მილიონი ლარია გათვალისწინებული ძველი პარლამენტის შენობის აღსადგენად, რადგან შენობის შიგა ნაწილი სრულიად განადგურებულია: კომპიუტერები, ტელეფონის აპარატები, ავეჯი - ყველაფერი გატანილია, კარებიც კი ჩამოხსნეს, სანიტარიული კვანძები კი გაძარცვეს. ალბათ, ადვილი მისახვედრია, თუ ვინ იყო ამ უსამართლობის შემოქმედი.
- ბატონო ზურაბ, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ქუთაისის პარლამენტშიც ბევრი უცნაური რამ მოხდა. მოგვიყევით ამ ფაქტების შესახებ.
- მეტი უცნაურობა რაღა გინდათ? - პარლამენტში თაგვები დარბოდნენ, წვიმაც ჩამოდიოდა, რამდენიმე დღის წინ სხდომის მიმდინარეობისას ფიცარი ჩამოვარდა და, კიდევ კარგი, რომელიმე დეპუტატს თავში არ დაეცა. იყო შემთხვევა, როცა დეპუტატებს კარი ჩაეკეტათ და სხდომაზე ვეღარ შევიდნენ, ლიფტის გაჭედვაზე აღარაფერს ვამბობ… ეს იმის ბრალია, რომ შენობა დასრულებული და ექსპლუატაციაში გადაცემული არ არის. ნებისმიერ დეპუტატს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ჰაერში ჟანგბადის ნაკლებობაა, ჟანგბადის ნაკლებობა კი ძილს იწვევს, განსაკუთრებით რთულია მუშაობა საღამოხანს, რადგან იქ სუნთქვა პრაქტიკულად შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, როდესაც 15-20 ადამიანი ზის ოთახში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, რომელ კანონშემოქმედებაზე შეიძლება ლაპარაკი? მართალია, ბევრ ქუთაისელს უხარია ჩვენი იქ ყოფნა, მეც ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვუთხრა ქუთათურებს: პარლამენტის თბილისში გადმოსვლის შემდეგ ამ შენობას უპატრონოდ არავინ მიატოვებს, გამოიძებნება ფუნქცია, რომელიც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ რეგიონს.
დასასრულ - ქართველ ერს უკეთეს ხვალინდელ დღეს ვუსურვებ, მაგრამ რომი ერთ დღეში არ აშენებულა, ნაუცბათევად გაკეთებულ საქმეს კი კეთილი ნაყოფი არასოდეს გამოუღია. რაც მთავარია, ბიუჯეტი უკვე დაიგეგმა და ახლა მისი შესრულება უნდა შევძლოთ. ბუნებრივია, ერთ და ორ წელიწადში ყველაფერი ვერ მოგვარდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ 2013 წელი ჩვენი ეკონომიკის წინსვლისა და განვითარების წელი იქნება.
ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)