პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დაშლაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების ცალკ-ცალკე მონაწილეობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
"რატომ თქვა ლევანმა ეს, არ ვიცი. თუ მას, "რესპუბლიკურ პარტიას" ან კოალიციაში შემავალ სხვა ძალას ექნება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა, ეს კოალიციის დონეზე ჯერ განხილული არ ყოფილა. ჯერჯერობით კოალიციას ვინარჩუნებთ, ამიტომ დაშლაზე საუბარი ჯერ არ არის და ნაადრევია", - აღნიშნა ივანიშვილმა ლევან ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობა" მომავალი არჩევნებისთვის სუსტ ძალას წარმოადგენდეს, რის გამოც კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთმანეთის კონკურენცია მოუწიოთ.
"იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გვეყოლება რეალური გარე ოპოზიცია, რისი ეჭვიც სერიოზულადაა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" პრაქტიკულად ელექტორატს ვეღარ ფლობს და მომავალ არჩევნებში ალბათ სუსტად იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გავზრდით შიდა კონკურენციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნებაში" შემავალი პარტიები მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ. მისი თქმით, არჩევნებში პარტიების ცალ-ცალკე გასვლა ნორმალური პროცესია. "ესაა ნორმალური პროცესი და ჩვენ ეს უნდა დავიწყოთ - ცალ-ცალკე უნდა გავიდეთ და შემდგომ, საჭიროების მიხედვით, ზოგან შევქმნით კოალიციას, ზოგან - არა, ეს საერთო აზრია", - განაცხადა ბერძენიშვილმა.