სირიაში 2011 წლის 15 მარტიდან დღემდე, შიდა კონფლიქტს 60 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ახალი ამბების ცენტრი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოკლულთა რიცხვში შესული არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა ვინაობა და გარდაცვალების ადგილი ცნობილია. მსხვერპლის იდენტიფიცირებისთვის სირიის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების ჩათვლით ინფორმაციის 7 სხვადასხვა წყარო გამოიყენეს.
მოკლულთა 76%-ზე მეტი მამაკაცია, 7,5% კი - ქალი. მსხვერპლთა 16,5%-თვის სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. ასევე დარწმუნებით შეუძლებელია ითქვას, მოკლულთაგან ვინ იყო მებრძოლი და ვინ მშვიდობიანი მოქალაქე.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის თანახმად, კონფლიქტის განმავლობაში მოკლულია სულ მცირე 60 ათასი ადამიანი, რადგან სიაში შესული არ არის ათასობით ადამიანი, რომელთა დაღუპვის გარემოებები უცნობია.
მომზადებულია un.org-ის მიხედვით.