"ამნისტიის შესახებ" ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვადა მიხეილ სააკაშვილს ხვალ ეწურება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ძველ პოზიციაზე დარჩება და კანონს ხელს კვლავ არ მოაწერს, ის ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმოწერით შევა.
"პრეზიდენტმა კანონზე ხელი შვიდი დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. შვიდი დღის ათვლა კი მისი ჩაბარებიდან მეორე დღეს იწყება. ხვალ ბოლო დღეა და თუკი პრეზიდენტი ხვალ, 24:00 საათამდე ტექსტს ხელს არ მოაწერს და "საკანონმდებლო მაცნეში" არ გამოქვეყნდება, მაშინ მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
პარლამენტმა რიგგარეშე სესიის ბოლო დღეს - 28 დეკემბერს 91 მომხრით, 24-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის მიერ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე დადებული ვეტო დასძლია.
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილი კანონპროექტის დაბრუნების მთავარ მიზეზად კანონპროექტის 22-ე და 24-ე მუხლებს ასახელებს, რომლითაც ამნისტია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ პირებზე ვრცელდება. პრეზიდენტი ასევე კანონპროექტის იმ ნაწილზეც აპელირებს, რომელიც არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხება.