როცა ფანჯრებში კეთილი ფერია იხედება...
წესია ასეთი: ძველ წელიწადს რომ ვეთხოვებით, აუცილებლად უკან უნდა მიიხედო და თქვა, ამ წელიწადს რა გავაკეთეთ კარგი, რით იყო უკეთესი ან უარესი ჩავლილ წლებზეო... მოკლედ, მეც მივიხედე და ძველ წელიწადს და მასთან ერთად ჩემი (თქვენი) გაზეთისთვის ისეთი მადლობა მაქვს სათქმელი, რა ვიცი, მოვახერხებ კი? მაგრამ, მოდი, მაინც შევეცდები... გასულ წელიწადს "კვირის პალიტრას", მე და ასეულობით უცნობს ისეთი სასწაული ჩაგვიდენია, რომელიც მხოლოდ ზღაპრებში ხდება. თუმცა ზღაპარი, რა... ხომ ცხოვრებაა, - ყოველ შემთხვევაში, თავად დღემდე მჯერა, რომ არც ერთი ზღაპარი არ დაიწერებოდა ისე, ზღაპრის გმირები მართლაც რომ არ არსებობდნენ.
ახლა კი გასული წლის ორი ზღაპარი მაქვს მოსაყოლი. პირველი პატარა გოგონას, მარიამ ფაიქიძის სევდიანი ზღაპარია, რომელიც იმ დღეს დაიწყო, როცა რედაქციაში გოგონას ბაბუა, მერაბ ძნელაძე მოვიდა. ხელში საბანკო ანგარიშები ეჭირა და აცრემლებული მთხოვდა, - ვიცი "კვირის პალიტრის" გავლენა, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, თორემ დავიღუპებით, ჩემს ექვსი წლის გოგონას თავში სიმსივნე აღმოაჩნდა, ქართველმა ექიმებმა უარი თქვეს ოპერაციაზე, საზღვარგარეთ თუ არ წავიყვანეთ, მომიკვდებაო.
საშინელი უსუსურობის გრძნობა გამიჩნდა, გაზეთი უკვე მზად იყო და მარიამის საბანკო ანგარიშების დაბეჭდვა ვერაფრით მოხერხდებოდა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მექნა და "პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge გამოვაქვეყნე. მეორე დილითვე საიტის რედაქტორმა დამირეკა, - კომპიუტერთან დაჯექი, - მარიამთან დაკავშირებით სასწაული ხდებაო. მართლა სასწაული იყო, - ქართველები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვეხმიანებოდნენ. რამდენიმე დღეში მარიამის ბაბუამ შემატყობინა, - არ ვიცი, როგორ ვთქვა მადლობა, ამას ვერ შევძლებ, თითქმის 30 ათასი ევროს შემოწირულობა შემოგვივიდა, ამით მარიამს უცხოეთში ნამდვილად წავიყვანთო. მერე გოგონას თითქმის ორი თვე მკურნალობდნენ თურქეთის კლინიკაში. ამ ხნის განმავლობაში კი ის ხალხი, რომელიც მარიამის გამო, ვინ იცის, პურის ფულსაც კი იკლებდა, გამუდმებით გვიკავშირდებოდა, - ბავშვის ამბავი გაგვაგებინეთო. მეც ოთხჯერ დავწერე წერილი. სულ ბოლო კი იმით დავამთავრე, რაც მარიამის ბაბუას ვუთხარი, - რაც ჩვენთვის შეუძლებელია, უფლისთვის შესაძლებელია. ყველა თქვენგანის სიკეთემ ერთად სასწაული მოახდინა, სიმსივნე დაპატარავდა, ექიმები ოპერაციას გეგმავენ-მეთქი.