საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს 1 193 მანქანა დაწვეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
გარდა ამისა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, მანუელ ვალსას განცხადებით, ახალი წლის ღამეს სამართალდამცავებსა და წესრიგის დამრღვევებს შორის მომხდარი შეტაკების დროს 7 ადამიანი დაშავდა.
ავტომობილების მასობრივი დაწვა საფრანგეთში ყოველწლიურად ხდება ახალი წლის ღამეს და ბასტილიის აღების დღეს (14 ივლისი). დამწვარი ავტომობილების ზუსტი ციფრი წელს პირველად გამოქვეყნდა. ვალსას წინამორბედი ბრის ოტრიფი მიიჩნევდა, რომ უმჯობესი იყო არ გაესაჯაროებინათ მანქანების რიცხვი და ამით უფრო მეტი სტიმული არ მიეცათ თავდამსხმელებისთვის.
საფრანგეთის სხვადასხვა უბნებში მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება ახალგაზრდების აგრესიულმა ჯგუფებმა 1990-იან წლებში დაიწყეს. 2005 წელს მათ 8 810 მანქანა დაწვეს.