სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ქალთა #5 რუსთავის დაწესებულებიდან ხუთი ხანდაზმული პატიმარი ქალი გათავისუფლდა.
ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრების მოადგილეებმა დღეს დაწესებულებაში მყოფი ჩვილ ბავშვთა დედებიც მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
მინისტრის მოადგილეები პატიმრების გათავისუფლების პროცესსაც დაესწრნენ და დაწესებულება ხუთ ხანდაზმულ ქალთან ერთად დატოვეს.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში პატიმრები დღეს პირველად გათავისუფლდნენ.
მისივე თქმით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, გარდა ხუთი ხანდაზმული პატიმარი ქალისა, დაწესებულებებს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კიდევ სამი პატიმარი დატოვებს.
ჯანაცვის მინისტრის მოადგილის, მარიამ ჯაშის განმარტებით, უწყებათაშორის კომისიას აქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მოხდა დღეს პატიმრების გათავისუფლება. ერთ-ერთი კრიტერიუმია 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ზღვარი, რისი გათვალისწინებითაც ხდება პატიმრის საქმის განხილვა.
ამასთან, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში კიდევ 15 პატიმარი დატოვებს.