აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ამერიკელი დიპლომატის საახალწლო მილოცვა "ფეისბუქში", აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, თბილისში სადღესასწაულოდ იმყოფება მისი ქალიშვილი, რომელსაც ჯვრის მონასტერი დაათვალიერებინა.
"გადავყურებდი უძველეს დედაქალაქ მცხეთას და ვფიქრობდი, რომ ოდესღაც საქართველოს მეფეები და დედოფლები მართავდნენ. დღეს კი, საქართველოს მართავთ თქვენ - ქართველი ხალხი. 2012 წელი საქართველოსთვის ისტორიული წელი იყო. ოქტომბერში თქვენ საარჩევნო უბნებისკენ გაემართეთ და მშვიდობიანად ისარგებლეთ დემოკრატიული უფლებით, აგერჩიათ თქვენი ლიდერები და ხელისუფლებაში მოგეყვანათ ახალი მთავრობა. საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება გახლდათ დადებული დეკლარაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიული იდეალების ერთგულია.
საქართველომ გვიჩვენა ძლიერი მაგალითი, რომელიც უდაოდ შთააგონებს მილიონობით ადამიანს მსოფლიოს ამ ნაწილში, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება მეტისმეტად იშვიათი მოვლენაა. მაგრამ დემოკრატია არჩევნების შედეგების გამოცხადებით არ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაწერილია პრინციპი "ყველა ადამიანი თანასწორია", ჩვენ, ამერიკელები 200 წლის შემდეგაც ვცდილობთ ხსენებული პრინციპის ხორცშესხმას. ადამიანის უფლებები ეკუთვნის ყველას - განურჩევლად მოქალაქის პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულების, გენდერული ან ეთნიკური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციისა. დემოკრატია ითხოვს მუდმივ ზრუნვას, დიალოგსა და კომპრომისებს. ხანგრძლივი ისტორიის მქონე დემოკრატიებშიც კი შესაძლოა, რთული იყოს ამ იდეალების ერთგულება, მაგრამ ეს არის ღირებული ფასეულობა, რომელსაც ყველა ჩვენგანი იზიარებს.
აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიის გზაზე, რომელიც თქვენ ასე თამამად აირჩიეთ. ხვალინდელი დღის იმედები დაკავშირებულია იმ დაპირებების ასრულებასთან, რომელსაც ჩვენს შვილებს ვაძლევთ - ავაშენებთ უკეთეს, უსაფრთხო მსოფლიოს და შევქმნით კეთილდღეობას.
არ ვიცი, რას მოგვიტანს 2013 წელი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აშშ და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას და იდგებიან ერთმანეთის მხარდამხარ უკეთესი მომავლის ასაშენებლად. ასეთი სულისკვეთებით გთავაზობთ, ერთად შევეჭიდოთ ამ გამოწვევას - მოდით, მომავალ წელს საქართველომ და აშშ-მ მთელ მსოფლიოს უჩვენოს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ემოციურ ხალხს ჩაებას პოლიტიკურ დებატებში ღირსეულად და პროდუქტიულად თავიანთი ქვეყნების საკეთილდღეოდ. შევეცადოთ, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამონახონ საერთო ენა საქართველოსა და ამერიკის მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.
ამერიკის საელჩოს ყველა თანამშრომლის სახელით, გისურვებთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ბედნიერ ახალ წელს. დავიწყოთ 2013 წელი ჯანმრთელად, წარმატებულად და მხიარულად. თქვენთან ერთად ვადღეგრძელებ იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველომ და აშშ-მ 20-წლიანი თანამშრომლობისას მიაღწიეს, შემდეგ კი დავიკაპიწოთ მკლავები და ვიმუშაოთ ერთად, რათა თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულმა კიდევ უფრო მეტი წარმატება მოგვიტანოს. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს", - აცხადებს აშშ-ის ელჩი საახალწლო მილოცვაში.