"ჟილეტი, რომელიც 100 ლარზე მეტი ღირდა, 30 თეთრი დამიჯდა"

"ჟილეტი, რომელიც 100 ლარზე მეტი ღირდა, 30 თეთრი დამიჯდა"

"კომედი შოუს" მსახიობი, ეკა აბშილავა ყოველთვის გეგმავს, რომ ახალ წელს დაქალებთან ერთად, გრანდიოზულად შეხვდეს. მიუხედავად გეგმებისა, რომელიმე მეგობრის ოჯახში "ჩავთვრებით" ხოლმეო, - გვითხრა ეკამ, რომელიც იმედოვნებს, რომ ახალი წლის დღესასწაულს გრანდიოზულად, ლამაზ კაბაში გამოწყობილი ახლა მაინც შეხვდება...

ეკას ბევრი გატაცება აქვს: თურმე წინათ თეატრის, კინოს, კონცერტების ბილეთებს, მოსაწვევებს, მისალოც ბარათებს აგროვებდა, ნაჩუქარი ყვავილების ფურცლებს ახმობდა და ალბომში აკრავდა...

- სკოლაში სწავლის პერიოდში ბებიამ ქარგვა მასწავლა და მთელი ბავშვობა ვქარგავდი. შემდეგ ნაქარგი გავამრავალფეროვნე - ბისერები ჩავაქსოვე. მერე სამკაულების გაკეთება ჩემი ჰობი გახდა. შემეძლო, სამკაულების კეთებაში ღამეები გამეთენებინა. შემდეგ ესეც მომბეზრდა და ვარჯიში დავიწყე. თან, იმ პერიოდში "მოძრაობის თეატრში"მივედი. ტვინში გამჯდარი მქონდა, რომ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი და ინტენსიურად ვვარჯიშობდი... ბავშვობაში ვცეკვავდი კიდეც. ცეკვაზე დღემდე ვგიჟდები. სადაც უნდა ვიყო - რესტორანში თუ კლუბში, მუსიკის ხმას რომ გავიგონებ, უნებურად სკამზე ხტუნვას ვიწყებ. სპორტიც ძალიან მიყვარს. ნებისმიერი სპორტული თამაში მომწონს. ფანატიკოსი არ ვარ - სპორტის რომელიმე სახეობა ამოჩემებული არ მაქვს. ბავშვობაში "როლიკებით" სეირნობა ისე მიყვარდა, რომ დედას ყოველდღე პურის მოსატანად ვეგზავნებოდი - მინდოდა, "როლიკები" ჩამეცვა და მაღაზიაში ისე წავსულიყავი.

- ახლა თავისუფალი დრო გრჩება?

- ნოემბრიდან დღემდე 1 საათი არ მაქვს თავისუფალი: "კომედი შოუს" გადაღებები, სპექტაკლის პრემიერა, საახალწლო კონცერტების რეპეტიციები... დეკემბრის ბოლომდე ასე გაგრძელდება. ეს ყველაფერი მომწონს.

- საახალწლო კონცერტებზე შენი რომელიმე ჰობი ხომ არ გამოგადგა?

- კი, კონცერტში ჩემი ერთ-ერთი ჰობი - ცეკვა ჩართეს. სხვადასხვა ჟანრის ცეკვების ნაკრებს წარმოვადგენთ. მე და ვასო ორიგინალურ ნომერს ვასრულებთ, რომელიც მაყურებლისთვის სიურპრიზი იქნება.

- განტვირთვაში რა გეხმარება?

- უცნაური ხასიათი მაქვს: არასოდეს ვწუწუნებ, - დაღლილი ვარ, განტვირთვა მინდა-მეთქი. ჩემთვის შრომა განტვირთვის უკეთესი საშუალებაა, ვიდრე - დასვენება. ამას ალალად ვამბობ (იღიმის). ხშირად მეგობრებთან ერთად კლუბებში ვერთობი, რესტორნებს იშვიათად ვსტუმრობთ, თუმცა იქ ყოფნაც ერთგვარი გართობაა. სეირნობა ძალიან მიყვარს. შემიძლია, რამდენიმე კილომეტრი გავიარო. უბრალოდ, არავინ მომყვება ხოლმე. ზაფხულში, დილაობით ვვარჯიშობ - კუს ტბაზე დავრბივარ. ხან ვის წავიყოლებ, ხან - ვის (იცინის).

- ბოლო პერიოდში, შენი ჰობი რა იყო?

- ალბათ - ვარჯიში. როცა აცივდა, ტრენაჟორებზე სიარული დავიწყე. ახლა არ მცალია. იანვრიდან განვაგრძობ.

- სალტოებს ისევ აკეთებ?

- (იცინის) კი, შემიძლია, მაგრამ ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება, რომ არ დამავიწყდეს. "მოძრაობის თეატრში" 2 წელი ინტენსიურად ვვარჯიშობდი. სხეული კარგ ფორმაში მქონდა - ძალიან მომწონდა. ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ კუნთები მომიდუნდა, სხეულმა ფორმა დაკარგა. არ მინდა, შრომა და ცოდნა დავკარგო. ამიტომ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, ვივარჯიშო. კვებასაც ყურადღებას ვაქცევ - გვიან ვახშმობას ვერიდები.

- დიდი ხანია, რაც სამკაულებს აღარ აკეთებ?

- დაახლოებით 1 წელია. სახლში უამრავი სამკაული მაქვს. მეგობრები რომ მოდიან, მეკითხებიან: - ახალი ხომ არაფერი გაგიკეთებიაო? ვპასუხობ: - ახალი არა, მაგრამ მოდი, ძველები ნახეთ და წაიღეთ, რაც გინდათ-მეთქი. არადა, წინათ ჩემს გაკეთებულ სამკაულებს ძალიან ვუფრთხილდებოდი - გასაჩუქებლად ვერ ვიმეტებდი. დაქალები მეხვეწებოდნენ, - ამდენ რამეს აკეთებ და ერთი სამკაული გვაჩუქეო. ვეუბნებოდი, - ახალს გაგიკეთებთ, ამას ვერ მოგცემთ-მეთქი. სამკაულის თითოეულ ბურთულას ვასუფთავებდი, მტვერი რომ არ დასდებოდა. კედელზე მაქვს ჩემი ნამუშევრები დაკიდებული. ბავშვობაში გაკეთებული სამკაულები ცოტა მარტივია, შემდგომი პერიოდის - უფრო გამრავალფეროვნებული. ნაქარგებიც ანალოგიურად - წლების მიხედვით მაქვს დაწყობილი.

- თავად ხატავდი?

- ხატვის სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ შემეძლო, კონტურით ვიხატავდი. ნაქარგებიდან სამკაულების კეთებაზე ამიტომ გადავედი - ამ საქმეს ხატვა არ სჭირდება და თან, სამკაულს საკუთარი ფანტაზიით ვქმნი. ალბათ გაგიკვირდება, მაგრამ 2 ნახატი მაინც მაქვს: დედა-შვილი "დაჯღანულად" დავხატე. მახინჯი სურათია, მაგრამ მომწონს, რადგან ჩემი დახატულია (იცინის).

- საახალწლოდ, ნაძვის ხეს შენ რთავ?

- ნაძვის ხეს ყოველთვის დეტალურად ვაფორმებდი. ახლა ამას დედა აკეთებს. ნაძვის ხე თავადაც გამიკეთებია: მუყაოს ქაღალდი გამოვჭერი, მწვანე ქსოვილი გადავაფარე და ბისერებით ამოვკემსე...

- საახალწლო აქსესუარებზე თუ ზრუნავ?

- ბოლო დროს არაფერი გამიკეთებია. სხვათა შორის, სამკაულებს აღარ ვიყენებ - ეტყობა, ის პერიოდი მაქვს, როცა სამკაულს თბილი შარფი მირჩევნია.

- დღესასწაულზეც თბილ შარფს ამჯობინებ?

- არა. საახალწლოდ ჩემს დიდ ყუთებს გადმოვიღებ და სამკაულებს შევარჩევ. სტუდენტობის დროს, ახალი წლის დღესასწაულისთვის ჰალსტუხიც შევკერე, "ზბორები" დავაკერე... ერთხელ დედამ მაღაზიიდან ჟილეტი მოიტანა და მკითხა: მოგწონსო? მომეწონა, მაგრამ მეძვირა. დავაკვირდი. ბისერებით იყო გაწყობილი. დავიმახსოვრე და ანალოგიური ჟილეტი თავადვე შევკერე. ამისათვის დედაჩემის ძველი ჟილეტი გამოვიყენე. გვერდები ჩავკერე - ჩემს ზომაზე დავაყენე და საკუთარი გემოვნებით, ბისერებით გავაფორმე. მოკლედ, ჟილეტი, რომელიც 100 ლარზე მეტი ღირდა, 30 თეთრი დამიჯდა (იცინის). ფეხსაცმელიც გამიკეთებია: ერთხელ მე და ჩემმა დაქალმა - მაშო მელქაძემ ძალიან მაგარი კედები ვნახეთ. 300 დოლარზე მეტი ღირდა. ჩვეულებრივი შავი კედები ვიყიდეთ, რომლებსაც თვლები დავაკარი. დედას გეფიცები, ძვირად ღირებულსა და ჩემს გაკეთებულ კედებს შორის განსხვავებას ვერ იპოვიდი. ერთხელ ჩემი ფეხსაცმლის ცხვირი "გაიქუცა". არადა, ძირი და ქუსლი კარგი ჰქონდა. თვლების დახმარებით, ფეხსაცმელი განვაახლე. ბავშვობაში კოლჰოტი თითებთან დამეხა. გადავჭერი, თავზე გადავიცვი და ხელები გავუყარე. მკლავებზე ბრჭყვიალები მივაკერე (იცინის). ზემოდან ჟილეტი მოვიცვი.

- ეს უცნაური სამოსი სად გეცვა?

- არსად არ ჩამიცვამს. უბრალოდ, ფანტაზიები მოზღვავებული მქონდა (იცინის).

- ოჯახის წევრები თუ გეჩხუბებოდნენ? ან იქნებ ფანტაზიამ გიღალატა და სამოსი გაგიფუჭდა?

- ერთხელ ჩანთის შეკერვა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა - ტყავი ძნელი გასაკერია: რამდენჯერაც მივაკერე, ისე მაინც ვერ "ჩავკუჭე", როგორც მინდოდა. უკვე ზუსტად ვიცი, რომ ზოგ ქსოვილს სახლის პირობებში "ვერ მოვერევი". დედაჩემი ზედმეტ ნივთებს ვერ იტანდა. ყოველთვის მეკითხებოდა, - ეს გადავაგდო თუ რამეში გამოიყენებო? მაგალითად, ძველი ტყავის ჩანთას საუკეთესო ნაწილებს ვაჭრიდი და ვინახავდი. შინ ერთი დიდი გარდერობი მაქვს, სადაც ქსოვილები, ტყავის ნაჭრები, ლენტები, ძაფები, ბისერები მაქვს შენახული. ალბათ მათთვისაც მოვიცლი (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება