აი, კიდევ ერთი ახალი წელი მოგვადგა კარს, ბევრს კი გვემუქრებოდა ასწლეულთა სიღრმიდან მაიას ქურუმთა კალენდარი - არ გეღირსებათ 2013 წლის დადგომაო, მერე ათასმა მჩხიბავმა, წინასწარმეტყველმა და მარკეტინგის მენეჯერმა მოიცალა ჩვენს შესაშინებლად ლეგენდების გამოგონებით, მაგრამ ვერ მივართვით - "ის მაინც ბრუნავს". მზეც ისევ ძველებურად ანათებს, ჩრდილოეთ პოლუსზე ცივა, ეკვატორთან ცხელა, ჩვენი პრეზიდენტიც ისევ მიშაა, თანაც ჩვეულ ფორმაში. მოკლედ, 2012 წლის 21-მა დეკემბერმა სრულიად მშვიდად და უხმაუროდ ჩაიარა დედამიწაზე, ჩვენი პრეზიდენტის დაბადების დღეს თუ არ ჩავთვლით...
მეტად საინტერესო წელიწადი გამოდგა ეს 2012 საქართველოსთვის. არ გინდოდათ, ახალი წლის ღამეს სახალხო ცეკვა-თამაში, იგლესიასის, ბოჩელის, კარერასის, დომინგოს ან სულაც უკვე ჩვენიანი ტოტო კუტუნიოს კონცერტი? არ გინდოდათ და, უყურეთ ახლა ბიძინა ივანიშვილის გაუთავებელ ლაპარაკს საქმეზე და იოცნებეთ. მეტიც, ახალ წელს პრეზიდენტიც კი არ გვეყოლება ქვეყანაში. დაუჟინია, გინდა თუ არა ავღანეთში, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად უნდა შევხვდე ახალ წელსო... 25 დეკემბერს რუსთაველზე ჩავიარე და დამხვდა ერთი აურზაური: გადაკეტილი ქუჩები, დაცვის ნაირ-ნაირი მანქანები, აქა-იქ სახურავებიდან მომზირალი სნაიპერები. რა ხდება-მეთქი, - გადამიტრიალდა გული და, თურმე თოვლის ბაბუასა და სანტა-კლაუსთან ერთად პრეზიდენტიც არ მისულა საახალწლო ნაძვის ხის ასანთებად?! როგორც ჩანს, გულმა ვერ გაუძლო.
მე ის მიკვირს, ასე გულუბრყვილოდ როგორ დავუჯერე პრეზიდენტს. არადა, ამას წინათ სულ დედა იფიცა, სახელმწიფო დაცვაზე უარს ვიტყვი და ასე ეულად ვივლი ჩემს საქართველოშიო; მაგათი სახელმწიფო მანქანები არ მჭირდება, მანქანას აგერ, დედაჩემი მათხოვებსო. მეგონა, მართლა ამას აპირებდა, არადა, იხუმრა თურმე. ამ გულჩვილ ნინა წკრიალაშვილსაც მთლად ჩემსავით დაუჯერებია პრეზიდენტისა, ჰოდა, გამოფინა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გულის დამწველი მიმართვა - მე გათხოვებთ მანქანას, ჩემო პრეზიდენტოო! ისე, იმ ნაძვის ხის ანთებისას "სნეგუროჩკა" რაღაც არ ჩანდა.
არადა, ამ კუნთმაგარი გაპოლიტიკოსებული მოკრივე კლიჩკოს ჩამოყვანას, ერთი კარგი ფიფქია ჩამოეყვანათ უკრაინიდან არ სჯობდა ვითომ? მოკლედ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გვიამბო, უკრაინაში ბოლო ვიზიტისას უკრაინის ექსპრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკს შეხვედრია, ჰოდა, როგორც თვითონ ამტკიცებს, კრავჩუკს უთქვამს, სიბერე არ გამიმწაროთ, დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაშიო! ახლა ისღა დაგვრჩენია, როგორმე მოვახერხოთ და კრავჩუკის ტკბილ სიბერეზე ვიზრუნოთ, პრეზიდენტი ამას უკვე აკეთებს, როგორი წარმატებით, საკითხავია, მაგრამ აშკარაა, თავისი გუნდის წევრებს გვარიანად აიმედებს. ამიტომაც იყო, ორიოდე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე სააკაშვილის გამოსვლისას ხელები რომ გადაიტყავა ნაცელიტამ. ისე, აშკარად ქუდზე კაცი ჰყავდათ დაძახებული - პოლიტიკური ასპარეზიდან კარგა ხნის წინ გაუჩინარებული ძველი დროის "სნეგუროჩკაც" კი ვიხილეთ. გვარ-სახელს არ დავასახელებ, ისედაც არ უნდა იყოს რთული მისახვედრი.
იყო დრო, ნაციონალური უმრავლესობა პარლამენტში გადაწყვეტილებებს მისი ადგომა-დაჯდომის მიხედვით იღებდა... პრეზიდენტს გამოსვლისას, როგორც ერთი ჩემი ახლობელი ამტკიცებს, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 41-ჯერ შეაწყვეტინეს სიტყვა. ვითომ შინაურებშიც გამოგერივნენ მტრები, პრეზიდენტო?!
ძველი მიდის, ახალი მოდის, რა გაეწყობა, სამყაროს კანონზომიერებაა ასეთი.
ახალ წელს გილოცავთ!
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)