ბევრ პატიმარს ბედნიერი ახალი წელი გაუთენდება: პარლამენტმა უკვე მიიღო "კანონი ამნისტიის შესახებ" და ასობით მსჯავრდადებული ციხეებს უახლოეს 2 თვეში დატოვებს. ასევე სასჯელი შეუმცირდათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულ პირებსაც და იმედია, ეს სიახლე გარკვეულწილად გაულამაზებს მათ დამდეგ შობა-ახალ წელს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი მაია ხასია ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ პატიმრები განსაკუთრებულ მოლოდინში იყვნენ. თავადაც მიიჩნევს, რომ კარგია, ამნისტია რაღაც დოზით, თითქმის ყველა პატიმარს რომ შეეხო.
- ამნისტია ერთჯერადი ჰუმანური აქტია და ვფიქრობ, ამ დროისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო. გარკვეულწილად დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემაც მოიხსნება, ამით შემცირდება მსჯავრდადებულების რაოდენობა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ამ დარგის ექსპერტს მიმაჩნია, რომ პრაქტიკაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების ინსტიტუტის ეფექტიან მოქმედებას. ამ შემთხვევაში საქმეების ინდივიდუალური შესწავლა ხდება და თუ ეს პროცესი კვალიფიციურად განხორციელდება, დანაშაულის განმეორებითი რისკი ნაკლებია.
- ქალბატონო მაია, წლების მანძილზე ამ სისტემაში მუშაობდით, ბოლო დროს არასამთავრობო სექტორში იყავით. რა სიტუაცია დაგხვდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?
- 14 წელი პენიტენციარულ სისტემაში ვიმუშავე, შემდეგ იუსტიციის სამინისტროში სამმართველოს უფროსი გახლდით. იქიდან ჩემი განცხადებით საერთაშორისო ორგანიზაციაში წავედი. ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონულ ოფისში პროექტების კოორდინატორად 6 წელი ვიმუშავე. ეს თანამდებობა ოქტომბრის ბოლოს შემომთავაზეს. ზოგადად სასჯელაღსრულება რთული სისტემაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ხშირად მინახავს ადამიანები, რომლებიც წასულან სისტემიდან და უთქვამთ, ცხოვრებაში უკან აღარ დავბრუნდებიო, მაგრამ ისევ აქ მოსულან. ასე არასდროს მითქვამს. როდესაც ამ სისტემიდან წავედი, მაინც პენიტენციარულ საკითხებზე ვმუშაობდი. სამსახურებრივად შეხება მქონდა არა მარტო საქართველოს პენიტენციარულ სისტემასთან, არამედ ვთანამშრომლობდი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. ვმუშაობდი კანონმდებლობაზე, კანონქვემდებარე აქტებზე, პენიტენციარულ სისტემაში სამუშაო ჯგუფი რომ იქმნებოდა, თითქმის ყველას მუშაობაში ჩართული ვიყავი. ერთი სიტყვით, ამ სფეროს არ მოვცილებივარ.
- ბოლო წლებში სასჯელაღსრულების სისტემა სრულად ჩაიკეტა საზოგადოებისთვის. როგორც ამ დარგის ექსპერტი, თავად თუ ახერხებდით ციხეებში შესვლას?
- ბოლოს 2009 წელს უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებთან დაკავშირებით საერთაშორისო ფართომასშტაბიანი კვლევა ჩავატარეთ. 8 ქვეყანა იყო პროექტში ჩართული, მათ შორის - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი და მეც ჩართული გახლდით. კვლევა მხოლოდ სასჯელაღსრულებას არ მოიცავდა. პირველი ეტაპზე შეხვედრა გვქონდა თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, მაგრამ შემდგომ არანაირი ვიზიტი ციხეებში აღარ მქონია. უკვე 2012 წელს, ქალთა დაწესებულებაში პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია - "ქალი და ბიზნესი" ახორციელებდა და როგორც ტრეინერი, ისე ვიყავი მიწვეული მსჯავრდადებულ ქალებთან.
- თქვენი უფროსობის დროს რა დოზით გაიხსნება ციხეები?
- პენიტენციარული სისტემის სრული ჩაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია და ხელს უშლის მის ეფექტიან ფუნქციონირებას. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული და დასაშვებ ფარგლებში სისტემა ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე უნდა იყოს. რაც მეტად დახურულია, მით მაღალია იქ მყოფი ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი. გამჭვირვალობა პრევენციისთვის მთავარი კომპონენტია. ადამიანები, ვინც შინაგანად მზად არიან, დაარღვიონ ადამიანის უფლებები, ყოველთვის სიფრთხილეს იჩენენ, როცა იქ უცხო ადამიანს ხედავენ. ბოლო დროს 200-მდე ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან. ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ იყვნენ კანონდამრღვევები დარჩენილები, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ: სისტემაში დაახლოებით 5000 ადამიანი მუშაობს და შეიძლება, ზოგიერთი, თავისი ბუნებით, დამრღვევიც იყოს. ამას თვალი უნდა მივადევნოთ. ყველა ქვეყანაში ეს სისტემა დახურულ ინსტიტუციას მიეკუთვნება. რასაკვირველია, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მონიტორინგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქისთვის ციხის კარი ღია იყოს. ამას კანონი არეგულირებს. ადამიანი არ უნდა კვდებოდეს იმის შიშით, რომ მის შვილს ციხეში რაღაცას უზამენ. ასეთი პრეცედენტი მქონდა: საკმაოდ ცნობილმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, - ახლობელს აღმკვეთი შეუფარდეს, გლდანის დაწესებულებაში შეჰყავთ და გვიშველე, ძალიან ნერვიულობენ მისი მშობლებიც და თავად პატიმარიც განიცდისო. დავამშვიდე, იქ არაფერი ხდება-მეთქი. საზოგადოება იმ საშინელი სტრესიდან არ არის გამოსული, რაც ახლო წარსულში ვიხილეთ და ასეთი რეაქციაც ამ ფონზე, ბუნებრივია.
- გაამართლა თუ არა მონიტორინგის ჯგუფმა? რას იტყვით მის საქმიანობაზე?
- 50-კაციანია მონიტორინგის ჯგუფი. არ შევაფასებ მათ საქმიანობას და არ ვიტყვი, მომწონს თუ არა. რეალურად, მონიტორინგი სტრუქტურულ მონიტორინგს ნიშნავს. ამ ჯგუფში მეც ვიყავი და ჩემი დანიშვნის შემდეგ 50 ადამიანი დარჩა. ინდივიდუალურად აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუზღუდავად შესვლის უფლება. ყველას დიდი პატივისცემით ვთხოვ, ჩაატარონ მონიტორინგი და მოამზადონ ანგარიში - რა ხდება სისტემაში, რა დარღვევაა, რა ნაკლოვანებებია, რა რეკომენდაციები აქვთ - ეს ჩემთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია ამ ჯგუფისგან არ მიგვიღია. ჩემს ორ კოლეგასთან ერთად, ტრეინერი ვიყავი სხვადასხვა ქვეყანაში; ხალხს ვასწავლიდით, როგორ უნდა ჩაატარონ მონიტორინგი. არსებობს სტანდარტები - თუ რა ნიშნით უნდა შეირჩნენ ჯგუფის წევრები, ასევე უნდა ჰქონდეთ გარკვეული გეგმა, დატრეინინგებული უნდა იყოს ჯგუფი და ა.შ. მზად ვარ, ყველა მათგანთან თანამშრომლობისთვის. ვინც სისტემაში თავის საქმიანობას კვალიფიციურად ახორციელებს, ყველას ჩემს თანადგომას ვთავაზობ, თუნდაც ძალიან კრიტიკული ანგარიში დადონ, შესაბამისი რეკომენდაციებით.
- ბევრი ადამიანი დაითხოვეთ სისტემიდან. რა იყო ამის მიზეზი და საერთოდ, რა კრიტერიუმებით არჩევთ ახალ კადრებს? ასევე ამბობენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება.
- ბევრი გავუშვით, აქედან 30 ადამიანი - გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ბევრი თავისი განცხადებითაც წავიდა. არც ერთი ადამიანი აქედან პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულა. ახლა მოვრჩით რეორგანიზაციას, ნაწილი გადავიყვანეთ სხვა დაწესებულებებში - არა მგონია, ამაში რაიმე ტრაგედია იყოს. აქ რომ მოვედი, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნულები დამხვდნენ, არც ერთი ჩემი დანიშნული არ არის. მათ ვუთხარი, - გადახედეთ კადრებს, თქვენ მუშაობთ ამ ხალხთან; მითხარით, ვინ არის კარგი მუშაკი. რა მიზეზიც უნდა მიაწერონ, "პენსიას" ვერავის გადავუხდით - საქმე უნდა აკეთოს. შეიძლება, პირადად არც ვიცნობდე ბევრს. თუ სამსახურის ხელმძღვანელი კვალიფიციურია, მას სრულ ნდობას გამოვუცხადებ, რომ თავად შეარჩიოს სასურველი კადრები. თუ სამმართველოს უფროსი არ არის კვალიფიციური, ეს პრობლემა უკვე ჩემი გადასაწყვეტი და მოსაგვარებელია. დღეს, ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი შეცვლილია, მხოლოდ ქალთა დაწესებულების ხელმძღვანელი, მედიკო ალანია დარჩა.
- ქალისთვის ალბათ რთულია ამ სისტემაში მუშაობა, მით უფრო - ხელმძღვანელად. როგორია თქვენი დღის რეჟიმი?
- ვერ გეტყვით, რომელ საათზე იწყება ჩემი დილა და რომელზე მთავრდება დღე, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ესეც დალაგდება. რთული პერიოდი მქონდა, რადგან მოადგილეები დანიშნულები არ იყვნენ. დღის რეჟიმი აბსოლუტურად შემეცვალა. ვწუხვარ, რომ ვერ ვხვდები ჩემს მეგობრებს, რაც ძალიან მაკლია. ბუნებით მხიარული ადამიანი ვარ, აქ კი ეს არ გამომდის, უამრავი პრობლემა და საქმეა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს 4 მოადგილე ჰყავდა. რომ მოვედი, უზარმაზარი სამსახურები ორი მოადგილის დაქვემდებარებაში იყო გაერთიანებული - არადა, კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან: სოციალური სამსახური, ეკონომიკური დეპარტამენტი და მონიტორინგის სამსახური, მაგრამ ამ სამ სამსახურს ერთი ხელმძღვანელი ჰყავდა. უსაფრთხოება, რეჟიმი და ბადრაგირება, რომელიც ძალზე დიდი სამსახურია, ერთ უფროსს ექვემდებარებოდა. განვახორციელე სტრუქტურული ცვლილებები და ახლა ყველას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს.
- რა არის თქვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული?
- სისტემაში სიმშვიდისა და კანონით დადგენილი რეჟიმის შენარჩუნება. არ უნდა მოხდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა, მათ შორის - არც პატიმრის და არც თანამშრომლის. როგორღაც უნდა დაიწყოს მსჯავრდადებულთა რეაბილიტაციის პროგრამებში ჩართვა, დასაქმების, პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლა, საგანმანათლებლო პროგრამები... ადამიანები ისეთ პროგრამებში უნდა იყვნენ ჩართულნი, რომ პატიმრობის შემდეგ საზოგადოებისთვის ადაპტირებულნი გავიდნენ. ბევრი შეხვედრა გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმედი მაქვს, რომ ჩემი კავშირებიც დამეხმარება და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ. შეიძლება, ეს საზოგადოებას არარეალურადაც მოეჩვენოს იმ ფონზე, რაც ამ სისტემაში ხდებოდა, მაგრამ ეს აუცილებლად გაკეთდება.
- ბოლო დროს ინტენსიურად გადაგყავთ პატიმრები საავადმყოფოებში. ცოტა ხნის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა: პატიმრების ბუნტს ბადრაგის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები თუ არიან დაცულები? მართალია, მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დაეხმარებოდა გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ დახმარება მათ დღემდე არ მიუღიათ, ამ დროს, ეს მამაკაცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მის შვილებს სახლიც არა აქვთ. ამ ოჯახის დასახმარებლად რაიმე თუ იგეგმება?
- პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილებას სამედიცინო დეპარტამენტი იღებს. ადრე დაწესებულება ამაზე უარს ამბობდა, უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, ახლა ასეთი რამ აღარ ხდება. რაც შეეხება ბადრაგის გარდაცვალებას, სამწუხარო ფაქტი მოხდა. მას ექსპერტიზა ჩაუტარდა და დასკვნა ბადრაგის თანამშრომლის გარდაცვალებაზე დაჩქარებული წესით იქნა მომზადებული. ამჟამად დეპარტამენტი ამზადებს საჭირო მასალებს და ოჯახი დახმარებას ახალ წლამდე მიიღებს.
- ქალთა დაწესებულების პატიმრებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. თუ გაგრძელდება მსგავსი პროგრამები სხვა დაწესებულებებში?
- სამინისტროში კარგი ჯგუფი შეიქმნა სამედიცინო მიმართულებით. ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, პატიმრისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მაღალ დონეზე იყოს. ვფიქრობ, ეს მალე მაღალ სტანდარტებს მიაღწევს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, ყველა პატიმარი ქალის გამოკვლევა ჩატარდა.
- არანაკლებ პრობლემურია კვების საკითხი. ამ კუთხით რა ცვლილებებს გეგმავთ?
- ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამედიცინო დეპარტამენტთან ერთად, მენიუსაც ვადგენთ. გამოცხადდება ტენდერი და ვინც გაიმარჯვებს, იმას მოუწევს, ჩვენი შედგენილი მენიუს მიხედვით პატიმრების გამოკვება. კონკრეტული მენიუ იქნება, რაც მათ კვების ხარისხს გაუუმჯობესებს. ეს კი აუცილებლად აისახება პატიმრების ოჯახებზე, თუმცა კვლავ იარსებებს ციხეებში მაღაზიები და კვლავ ექნებათ საშუალება, სასურველი პროდუქტი დამატებით იქ შეიძინონ. მაღაზიებზეც ტენდერი გამოცხადდება.
- მალე შობა-ახალი წელი მოდის, რას ეტყოდით პატიმრებს?
- ბუნებრივია, ახალი წლის დღეებშიც შევალ დაწესებულებებში და მივულოცავ მათ შობა-ახალ წელს. ჩვენ ვართ სასჯელაღსრულების სისტემა და არ შეგვიძლია, შევუცვალოთ ვინმეს სასჯელი, რომელიც სასამართლომ განუსაზღვრა, მაგრამ ვისურვებდი, პენიტენციარულ სისტემაში ადამიანებისთვის სასჯელის მოხდა დამატებით სასჯელად არ იქცეს. თუ დანაშაული ჩაიდინა, აუცილებელია მისი იზოლაცია. სასჯელი ადამიანურ პირობებში უნდა მოიხადოს, რომ შეძლოს დაფიქრება მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, გააანალიზოს მომხდარი, მოინანიოს თავისი საქციელი და დაგეგმოს მომავალი.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)