საახალწლო, სახალისო ამბების მოსათხრობად რამდენიმე რესპონდენტს დავუკავშირდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ცნობილი ადამიანი ახალ წელს აღფრთოვანებით სულაც არ ხვდება და გასახსენებელიც ბევრი არაფერი აქვს. ბოლოს, არჩევანი სამ ადამიანზე შევაჩერე, რომლებსაც თავისებური შეხედულება აქვთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით.
ბესო ბერულაშვილი, იუმორისტი:
- რაღა დროს ჩემი ახალი წელია, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს და ოღონდ, ისინი იყვნენ კარგად და მათ გაბრწყინებულსა და გახარებულ სახეებს ვხედავდე და თოვლის ბაბუაც ვიქნები და მგელიც. სამწუხაროდ, ჩემი აღნაგობის გამო ფიფქია ვერ ვიქნები, თორემ მის როლსაც შევასრულებდი... ცხოვრებაში თოვლის ბაბუა სულ 28-ჯერ ვყოფილვარ... ერთ წელსაც, სპორტის სასახლეში თოვლის ბაბუის როლი მქონდა და ჩემთან სურათის გადაღება ხუთი ლარი ღირდა. ყველა პატარა იწევდა ჩემკენ, რომ სურათი გადაეღო. ჰოდა, ერთხელაც, იმ ყველაფრით საშინლად დაღლილი, სიცივისგან მოვიბუზე და ჩემს თეთრ ნაბადსა და წვერში (ქართული თოვლის ბაბუა ვიყავი) გავეხვიე. თან, წინა დღის ნაბახუსევმა იმ დილით, სანამ სპორტის სასახლეში მივიდოდი, ხაში და არაყი მივირთვი და ნაბადში გახვეულს, ჩამეძინა... ძილში ჩამესმა, რომ ბავშვები მაღვიძებდნენ, მაგრამ რადგანაც ხაშთან ნიორი მქონდა მიყოლებული, გაღვიძებულს, პატარები ახლოს ვეღარ მომეკარნენ. მაგრამ ერთი ბავშვი მაინც ვერაფრით მოვიშორე, რომელმაც უამრავი კითხვა "დამაყარა". მისი კითხვებით რომ შევწუხდი, წვერი მოვიხსენი და ისე ველაპარაკებოდი ბიჭუნას. აი, მაშინ კი გაკვირვებული მომაშტერდა, მაგრამ ტირილი რომ არ დაეწყო, ვუთხარი: - ხომ მაგარი ფოკუსი გიჩვენე-მეთქი? მერე მეხვეწებოდა, რა მაგარი ფოკუსი იყო, კიდევ მაჩვენეო...
ერთხელ, ლტოლვილ ბავშვებს უფასო კონცერტი ჩავუტარეთ და იქაც თოვლის ბაბუის როლი მქონდა. ერთმა პატარამ ხანჯალი ისე შემხსნა, ვერაფერი გავიგე. როცა მივხვდი, გამოვეკიდე, მაგრამ იმას დავეწეოდი?
- საზღვარგარეთ თუ შეხვედრიხართ ახალ წელს?
- კი. ჩემს ცხოვრებაში ერთხელ შევხვდი ახალ წელს საზღვარგარეთ და იქაც სირცხვილი ვჭამე. ზუსტად აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო, 2000 თუ 2001. იქ სტუმრად ჩემს მეგობრებთან: შოთა არველაძესთან, გიორგი ნემსაძესთან და ზურა ხიზანიშვილთან ჩავედი. შოტლანდია 4 საათით ჩამოგვრჩება დროში. 31 დეკემბერს შევიძინეთ ყველანაირი ასაფეთქებელი საშუალება, რაც კი იმ ქვეყანაში იყო და საღამოს დაველოდეთ. 8 საათზე (ჩვენი დროით კი 12-ზე) კი ქუჩაში გამოვედით და ასაფეთქებლები გავისროლეთ. ისეთი ამბავი დავატრიალეთ, ლამის მთელი უბანი ჰაერში აიწია. შეშინებული მოსახლეობა გარეთ გამოცვივდა, ეგონათ, რომ ტერაქტს ვაწყობდით. პოლიციაც მოვიდა. როცა ვითარება ავუხსენით და გაიგეს, რომ ქართველები ვიყავით, აღარ დაგვაპატიმრეს, მაგრამ ჯარიმა კი გამოგვიწერეს. დაჭერას რომ გადავურჩით, მერე რესტორანში წავედით.
- შოტლანდიელებს საახალწლოდ რა წეს-ჩვეულება აქვთ?
- 1-ელ იანვარს ზღვაში ბანაობენ. ჰოდა, მეგობრებს ვუთხარი, მეც წამიყვანეთ საბანაოდ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. ზღვა შენ რომ დაგინახავს, შეეშინდება და ისე დაიხევს უკან, რომ ცხოვრებაში შოტლანდიის ნაპირს აღარ გაეკარებაო... მართლაც, იქაურ მოსახლებას რომ დავაკვირდი, ჩემნაირი ღიპიანი არავინ იყო... იქ ორსერიიანი საახალწლო კურიოზიც გადამხდა: ზურა ხიზანიშვილს პატარა ძმისშვილი, ანი ჰყავდა ჩამოყვანილი. ახალი წლის ღამეს გამეღვიძა და ოჯახის წევრები რომ არ გამეღვიძებინა, ნაბახუსევზე, სამზარეულოში ფრთხილად შევედი, მაცივარი გამოვაღე, რამდენიმე ლუდის ბოთლი ავიღე და მისაყოლებელს დავუწყე ძებნა. იქვე რაღაც ჩაბუჟბუჟებული წვნიანი დავინახე. გემო რომ გავუსინჯე, მომეწონა, მაცივრიდან გამოვიღე და ღუმელში გასაცხელებლად შევდგი. მერე მაგიდას მივუჯექი და მთელი ქვაბი წვნიანი შევჭამე, ზედ რამდენიმე ბოთლი ლუდიც დავაყოლე და დასაძინებლად წავედი. დილით ჩოჩქოლმა გამაღვიძა. მივაყურადე და გავიგე, რომ ბავშვის საჭმელს ეძებდნენ. როგორც გაირკვა, წვნიანი, რომელიც მივირთვი, ბავშვისთვის ყოფილა. მერე სახლში ვეღარ გავჩერდი და მეზობელთან გავედი. მათ ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე, არ გამთქვათ-მეთქი, მაგრამ საიდუმლოს ვინ შეგინახავდა? იმავე საღამოს, მთელმა თბილისმა იცოდა, რომ პატარა ანის საჭმელი შევუჭამე... ამ ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა: რამდენიმე დღის შემდეგ, გიორგი ნემსაძის შვილს, სოფოს, ბუტერბროდები ვაგონებად დაუჭრეს და მაგიდაზე დაულაგეს. პატარას გვერდით მივუჯექი, ხელში ლუდის ბოთლი მეჭირა და ვეხვეწებოდი, ეჭამა. ის კი, "არ მინდას" გაიძახოდა. მერე სოფო მეორე ოთახში გავიდა და მისთვის გამზადებული ბუტერბროდის ნაჭრები მე მივირთვი. ლუდიც დავაყოლე. გოგონა ოთახში რომ დაბრუნდა, ბუტერბროდები მოიკითხა და იმაზე ატირდა, რატომ შეჭამეო. ვეხვეწებოდი, ოღონდაც, არ იტირო და ჩემი ხელით გაგიკეთებ ბუტერბროდებს-მეთქი, მაგრამ ეს ამბავი მაინც გაიგეს და შოტლანდიიდან "გამომაგდეს"...
ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი:
- ყოველი ახალი წელი ჩემთვის ფულის შოვნის პერიოდია. მუსიკოსი, რომელიც ახალ წელს სახლში ზის, არაპროფესიონალია... ჩემი ცოლ-შვილი შეგუებულია, რომ ჩემთვის ახალი წელი 31 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე იწყება. სუფრასთან საღამოს 6 საათზე ვსხდებით, 9 საათისთვის ჩემი შვილებისთვის ფეიერვერკს გავუშვებ, მერე გამოვეწყობი და სამუშაოდ მივდივარ. სახლში დილით, ფულით ვბრუნდები. მოკლედ, ჩემი ოჯახისთვის მეკვლეც მე გამოვდივარ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ჩემს ცოლს მაგ დროს სძინავს და ვერ ვაგებინებ, კარი რომ გამიღოს. ხანდახან კარს გათენებულზე მიღებენ...
- ბავშვობაში როგორ ხვდებოდით ამ დღესასწაულს?
- ბავშვობაში ახალი წელი არ მიყვარდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, როდის მოდიოდა ის. მაშინ რთული ცხოვრება გვქონდა, - არც შუქი იყო, არც - წყალი და არც - გათბობა. ამ დღესასწაულის მოსვლას მხოლოდ კალენდრით ვიგებდი... ახალ წელს ერთადერთი გამობრწყინება სკოლის ბავშვებისთვის ასლან აბაშიძის საჩუქარი იყო, - შოკოლადის კანფეტებს გვირიგებდნენ. პირველად კლასში ერთი ყუთი კანფეტი ყველა ბავშვზე ნაწილდებოდა, შემდეგ კლასებში კი თითო ბავშვს თითო ყუთ კანფეტს გვირიგებდნენ.
- ნაძვის ხეს არ დგამდით?
- ჩემს ბავშვობაში "ფანერკის" ნაძვის ხე იყო მოდაში. მაშინდელი ბათუმის მერია "ფანერკის" ნაძვის ხეს რომ დადგამდა, ოცნებობდა, წვიმა და თოვლი არ მოსულიყო, რომ ის "შედევრი" არ დაშლილიყო. მერე ასლანმა დიდი ნაძვის ხე შეიძინა. მისი მორთვა 5 დეკემბრიდან იწყებოდა და 25 დეკემბერს მთავრდებოდა, რომელსაც თებერვლის ბოლოს იღებდნენ, საგაზაფხულოდ... მოკლედ, ლამის მთელი ზამთარი იდგა ის ნაძვის ხე ბათუმის ცენტრში და ბავშვებს უხაროდათ... საახალწლოდ სოფლიდან უშველებელ ღორის თავს გვიგზავნიდნენ. მთელი ოჯახი მის მოხარშვაზე ვიყავით გადართული. მე და ჩემი და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, რომელი დაასწრებდა ღორის ყურის შეჭმას... სოფლიდან კუპატსაც გვიგზავნიდნენ, მაგრამ იმას ვიზოგავდით. ის აივანზე ეკიდა და, მალე რომ არ გაგვთავებოდა, პატარა ნაჭრებს ბრიტვით ვაჭრიდით. მძიმე პერიოდი გავიარეთ, საჭმელში ბევრ მარილს ვყრიდით, წყალს ბევრს ვსვამდით და იმით ვნაყრდებოდით. რაც თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ყოველ ახალ წელს გოჭის შეწვის პრობლემა მაქვს, რადგან ჩვენი ღუმელი პატარაა და მთლიანი გოჭი არ ეტევა. ამიტომ, შარშან, ჩემი მეუღლე ერთ გოჭს 2 იანვრამდე წვავდა. საცოდავი გოჭი ოთხ ნაწილად გაყო და დღეში თითო ნაწილს წვავდა... წელს გადავწყვიტეთ, ინდაური შევწვათ, ამერიკულად. ვიყიდი მრგვალ ინდაურს და ვნახოთ, რა გამოგვივა... ერთ წელიწადს, ჩემმა მეუღლემ პირველად გოზინაყის გაკეთება რომ გადაწყვიტა, ინტერნეტში წავიკითხეთ, რომ თაფლისა და ნიგვზის გარდა, გოზინაყს, ფხვიერი რომ გამოსულიყო, შაქარი და ლიმონმჟავაც უნდოდა. გაკეთებაში მეც ვეხმარებოდი. მიღებული მასა პირდაპირ მაგიდაზე გავშალეთ, მაგრამ სანამ მას იქ მოვათავსებდით, მაგიდა არ დავასველეთ და პირდაპირ მშრალზე გავასწორეთ. მერე კი იმ გოზინაყის მაგიდიდან ათხლეშვის ცერემონიას წერაქვითა და ჩაქუჩით ვაწარმოებდით. ლამის ნახევარი მაგიდა შევჭამეთ (გოზინაყს მაგიდის ზედაპირიც მოჰყვებოდა). ისე ვაკაკუნებდით მაგიდაზე, რომ იმ ხმაურის გამო მეზობლები შეწუხდნენ. იმის შემდეგ, ჩვენი სახლიდან ხმაურს რომ გაიგებენ, გვაშაყირებენ, ისევ გოზინაყი გააკეთეთო?
ბიძინა მახარაძე, იუმორისტი:
- ახალი წელი მეჯავრება.
- რატომ?
- ერთი თვით ადრე იწყება საერთო სახალხო მოძრაობა და იმ დროს ვერც მაღაზიაში შეხვალ და ვერც - სუპერმარკეტში. ეს დღესასწაული რომ ახლოვდება, სულ იმას ვოცნებობ, ნეტავ, ერთი კვირით სადმე დავიმალო და მერე გამოვჩნდე-მეთქი. ახალ წელს რატომღაც მთელი მსოფლიო სმა-ჭამაზეა გადართული. მიაჩნიათ, რომ იმ დღეს ბევრი უნდა ჭამონ და დალიონ... შარშან ჩემმა ცოლმა ნაძვის ხე რომ დამიდგა, კინაღამ გავგიჟდი.
- რატომ?
- 20 დღე ჩემმა მტერმა უყურა სახლში ნაძვის ხეს...
- თქვენი აზრით, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი ამ დღესასწაულს?
- თუ ოჯახს შესაძლებლობა აქვს, რესტორანში უნდა წავიდნენ. იქ საღამოს 11 საათამდე უნდა ისიამოვნონ და 12 საათისთვის სახლში დაბრუნდნენ. მერე შინ დაილოცონ და ღამის 2 საათზე დაიძინონ.
- ახალი წელს კონცერტი თუ ჩაგიტარებიათ?
- ყველაზე სულელურ მდგომარეობაში ახალ წელს ვარ ხოლმე, როდესაც სცენაზე მიწევს დგომა. ეს დიდი უტვინობაა. 1-ელ იანვარს, დილის 4 საათზე რა კონცერტი უნდა ჩაატარო, ნახევრად გძინავს ადამიანს და ნახევრად მთვრალი ხარ. მაგრამ ერთი კურიოზი მეც გადამხდა თავს: კომუნისტების დროს, ერთ-ერთმა ქარხანამ მიმიწვია და მათთან კონცერტი გავმართე. შუა ოთახში ნაძვის ხე იდგა და მის გვერდით 6 ადამიანი იჯდა (2 სომეხი, 2 ბერძენი და 2 ქართველი). ნაძვის ხის აქეთ მე ვიდექი და ხან რუსულად ვყვებოდი მონოლოგს, ხან - ქართულად. თუ რუსულად ვყვებოდი, 2 კაცი იცინოდა, თუ ქართულად - 2 ქალი. დანარჩენმა ორმა კი არც რუსული იცოდა და არც ქართული...
ლია ოსაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)