სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ამნისტიის პროექტით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები თავისუფლდებიან.
როგორც გიგა გიორგაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებულთა შორის ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული 1544 მსჯავრდებულია. მათ შორის, როგორც გიორგაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 532 პატიმარი იყო გასამართლებული, ნაკლებად მძიმე 289, ხოლო მძიმე დანაშაულისთვის 723 მსჯავრდებულს.
გიგა გიორგაძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე, 177-ე, 179-ე, 223-ე და 260-ე მუხლით მსჯავრდებულები.
"პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არიან 260-ე მუხლით მსჯავრდებულებიც, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-შეძენა-გასაღებას ეხება. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულები და როდესაც ამნისტიის პროექტზე შენიშვნები აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს შეწყალების დროსაც", - განაცხადა გიგა გიორგაძემ.
ამასთან, გიგა გიორგაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. კერძოდ, მისი თქმით, სამინისტროს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ და ადგილობრივმა საბჭოებმა 27 ოქტომბრიდან დღემდე განიხილეს 8 ათასამდე მსჯავრდებულის განცხადება.
მისი თქმით, პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებს, ქალებს, არასრულწლოვნებს, ასევე პირებს, რომლებიც არ არიან გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ ექვს თვემდე.
მისი თქმით, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.
გიორგაძის განცხადებით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით 2012 წლის 27 ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვა 939 მსჯავრდებულმა, მათ შორის არის 117 ქალი, 9 არასრულწლოვანი, 9 პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირი და 30 მძიმე ავადმყოფი.
"წინა წლების სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 27 ოქტომბრამდე პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვა 845-მა პატიმარმა, მათ შორის 35-მა ქალმა და 7-მა არასრულწლოვანმა", - განაცხადა გიგა გიორგაძემ.