პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იუსტიციის მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ფოტო განათავსა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარ უწყებაში პრემიები გასცა.
"ა! პრემიების გაცემა შეიძლება?" - ასეთი კომენტარი დაურთო ხაჩიძემ ფოტოს.
პოსტს სოციალურ ქსელში უფლებათა დამცველი, თეა თუთბერიძე გამოეხმაურა.
"პრემიებსაც გასცემენ უკვე. და რა გააკეთეს ჯერ პრემიებს რომ არიგებენ ხომ ვერ მეტყვით??? ამათ უკვირდათ სხვების მიერ გაცემული პრემიები, არა?" - წერს თუთბერიძე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით აზრი ”ფეისბუქში” იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თანამშრომელმა, ოპოზიციის მხარდამჭერმა მუხრან ბურჭულაძემ გამოხატა.
"აბა, ორი თვეა ახალი თავმჯდომარე გვყავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და პრემია დაიმსახურა, ხოლო დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედები ვერ ეღირსნენ - ესენი არიან პირები, ვინც დღე და ღამე საქმეში არიან, ჩვენი კოლექტივის, ჩვენი გუნდის წევრები, ვინც ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ რეფორმირებაში, კანონის დახვეწაში, მოქალაქეების ინტერესების დაცვაში - ასე ავაშენეთ ეს სისტემა ბრძოლით და შრომით. რა დააშავეს, რომ გადაწყვიტეს ჰყავდეთ შვილი? ასე ეხმარება სახელმწიფო ერის გამრავლებას?!." - წერს მუხრან ბურჭულაძე.