"ყველა სიახლემ" ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და 2012 წლის ყველაზე გემოვნებით შემოსილი და სტილური ქალბატონი გამოავლინა. ყველაზე სტილური და გემოვნებიანი მანდილოსანი იმ რესპონდენტებს შორის შევარჩიეთ, რომლებიც რუბრიკა "სტილს" წლის განმავლობაში სტუმრობდნენ. ჩვენი რჩეული პოპულარული მოდელი და "თბილისის მოდის კვირეულის" ორგანიზატორი თაკო ჩხეიძეა, რომელიც პარფიუმერიულმა ქსელმა "ლუტეციამ" დააჯილდოვა.
თაკო ჩხეიძე რუბრიკა "სტილში" ზაფხულში ჩავწერეთ. ის იმხანად ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც მისი მეუღლე, რუსლან აბაშიძე ელჩად არის მივლენილი. ცნობილ ქართველ მოდელს ხშირად ასახელებენ გემოვნებიან ქალბატონად. ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკაში მოღვაწე დიზაინერმა, უტა ბექაიამ განაცხადა, რომ თაკო ჩხეიძეს საქართველოს დედოფლად აღიქვამს. თაკო სამი შვილის დედაა, შვეიცარიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში წარმატებული კარიერის მიუხედავად, წინა პლანზე ოჯახს აყენებს. თუმცა სამოდელო საქმიანობას დღემდე არ ჩამოშორებია და რამდენიმე წელია თბილისის მოდის კვირეულს ატარებს. მომხიბვლელი მანდილოსანი, რომელიც ამბობს, რომ გემოვნება ყოველ სეზონზე ეცვლება, ყოველთვის დახვეწილი მანერებით და სისადავით გამოირჩევა. სიმაღლე - 181 სმ; წონა - 56 კგ.
მაიკო კავილაძე, პარფიუმერიულ ქსელ "ლუტეციას" პიარმენეჯერი:
- კომპანია "ლუტეცია" სიამოვნებით ჩაერთო ამ პროექტში, რადგან ძალიან გემოვნებიანი და მომხიბვლელი რესპონდენტები გყავთ. მათ შორის კი თაკო ჩხეიძე გამორჩეულია. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხსა და სილამაზეზე, რასთანაც ასოცირდება კიდეც თაკო ჩხეიძე - დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი. თაკოს საჩუქრად გადავცემთjuicy couture-ს სუნამოს viva la fleur-ს. ეს ბრენდი საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, ასე რომ, მასშტაბური სიახლეა. საახალწლოდ "ლუტეცია" სხვა უამრავ სიახლესაც სთავაზობს მომხმარებელს და, რაც მთავარია, 10-დან 70 პროცენტამდე ფასდაკლებით.
თაკო ჩხეიძე: - უღრმესი მადლობა გაზეთ "ყველა სიახლეს", "ლუტეციას" და ყველა იმ ადამიანს, ვინც დამასახელა 2012 წლის სტილურ და გემოვნებიან მანდილოსნად. ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიყვარულს. 2013 წელი ყოფილიყოს საქართველოს გაფურჩქვნის წელი.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)