ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედს" მისცა.
"ცნობიერების ნაკადი წალეკავს ამას!
ხმამაღლა ფიქრობს - პროკურატურასთან რიგებს კი ვერ ამცირებს, მაგრამ "მამენტ" შეეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება, მაგრამ თან შეგნებულად უკეთებდა ამას პროვოცირებას, მაგრამ სინამდვილეში ამას არ გულისხმობდა.... აეეეე", - წერს ჩერგოლეიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება შეეძლო, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად უწევდა.
"მე შეგნებულად ვუკეთებდი ამას პროვოცირებას. შეგიძლიათ ეს სიტყვა გამოიყენოთ, მაგრამ აქვე განვმარტავ - მხედველობაში მაქვს ის, რომ მაქსიმალურად ხელს არ ვუშლიდი პროცესებს. მე შემეძლო შეფერხება, მეთქვა, რომ პოლიტიკურად არაა გამართლებული, მოვუსმინოთ ევროპელებს და ამერიკელებს, ჯობია ეს დროში გავწელოთ და ნუ გამოვიწვევთ ახალ საშინელებას-თქო", - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.
ივანიშვილის ინტერვიუს ჩერგოლეიშვილი მეორე პოსტსაც უძღვნის და პრემიერს მკურნალობას ურჩევს:
"ვთხოვ პრემიერ მინისტრს (და იუსტიციის მინისტრსაც, რადგან სიტყვამ მოიტანა) არატრადიციული მედიცინა დაივიწყოს და ტრადიციული მედიცინით იმკურნალოს", - წერს ჩერგოლეიშვილი და პრემიერ-მინისტრის ციტატა მოჰყავს:
".. საერთოდ მედიცინაში არსებობს, არატრადიციულში განსაკურებით, რომ დაავადებას თუ გინდა უმკურნალო, სწორი მკურნალობის პროცესში ის დაავადება მაქსიმალურად პიკში ადის, მაქსიმალურად გამომჟღავნდება და იჩენს თავს და შემდეგ ხდება მისი უგულვებელყოფა და მისი განეიტრალება.
აი, დაახლოებით ამას მივდევდი მეც, ამიტომაც მე არ ვერეოდი პროცესებში, და გუნდის ბევრმა წევრმა, გარწმუნებთ, სამართალდამცავებმა, პოლიტიკურად არ იცოდნენ, არ იცოდნენ არც სხვა პოლიტიკოსებმა და არც სხვა, გარდა უსუფაშვილისა, მე ვუთხარი ეს 2 დღის წინ...".