მთავარი, რაც ჩვენ არ უნდა გამოვასხივოთ არის ის, რომ დედა არ უნდა ვუტიროთ ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, თუნდაც ელიავას ბაზრობაზე, ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად არის შემცირებული. "შარშან თუ 4-5 ათასი ჰქონდათ მიმოქცევა, ახლა არის 900-1000 ლარი. პრაქტიკულად გაჩერებულია უძრავი ქონების ბიზნესიც. თუ შენ თვითონ ამბობ, რომ 3 წელი ზრდა არ გექნება, მაშინ ბიზნესმენმა შენი რისკი რატომ უნდა გაიზიაროს?! თუ შენ თვითონ არ გაქვს რწმენა შენი ქვეყნის მომავლის, შემდეგი, მინიმუმ სამი წელი, რანაირად გინდა, რომ ვიღაც სხვას ჰქონდეს რწმენა, რომელიც რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობის მიღწევა იყო ის, რომ ინვესტორები საქართველოს პოტენციალში დაარწმუნა. სააკაშვილის განცხადებით, წელს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა, "როგორ ჩამოვდივართ წელს ნულზე, ამიხსნას ვინმემ!". "როგორ უნდა მოხდეს ეს, თუ საერთოდ დიდი უროთი არ მიადექი ეკონომიკას და არ ანგრიე", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.