სადაცაა, ახალი წელი მოვა... ახალი წელი კი რის ახალი წელია, თუ თოვლის ბაბუა არ გვესტუმრება? ეს კეთილი მოხუცი უკვე ჩვენთან შესახვედრად ემზადება. მთავარია, წერილის გაგზავნა არ დაგვაგვიანდეს. მისთვის წერილების შეგროვება დავიწყე. გამოგიტყდებით, ეს საქმე ძალიან მიყვარს. ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდი და ვთხოვე, თოვლის ბაბუასთვის გასაგზავნი წერილები ჩემთვის გადმოეცათ.
უკვე მესამე წელია, პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი თოვლის ბაბუას წერილებს ჩვენი დახმარებით უგზავნის. სურვილებიც უსრულდება. შარშან წერდა: კაცი ნაპოვნი გვყავს, ყველაფერი აქვს: გული, გონება, გრძნობა, ცოდნა... აბა, შენ იცი, როგორ გაგვამარჯვებინებ ჩვენ და ქართველ ხალხსო. რას იტყვით, არ აუსრულდა?
ბატონ ლევანს ისევ დავუკავშირდი. ვუთხარი, ყოველი წლის მიწურულს, თქვენთან ინტერვიუ დამებედა-მეთქი.
- მადლობა, რომ არ გავიწყდებით. მადლობა, რომ ჩემი წერილი ადრესატამდე მიიტანეთ და სურვილები ამისრულდა.
- განვლილ წელს როგორ შეაფასებთ?
- თოვლის ბაბუამ ყველაზე რთული დავალება შეასრულა, რომელიც კი ოდესმე დამივალებია. ჩვენი მთავარი ამოცანა ხომ ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხება იყო და არა - რევოლუციით, ხელების გადაგრეხით. ეს გამარჯვება თოვლის ბაბუასთან ერთად, კიდევ ერთი კაცისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა.
- თოვლის ბაბუა თქვენგან წერილს წელსაც ელოდება.
- სიამოვნებით დავუწერ.
"თოვლის ბაბუ!
პირველ რიგში, წინა წელს მოწერილი სურვილების ასრულებისთვის მადლობას მოგახსენებ. ახლა მე და ჩემი მეგობრები გთხოვთ, ვიყოთ წარმატებულები, რათა უკეთესი ცხოვრების აშენება შევძლოთ. ამ საქმეში დახმარების იმედიც გვაქვს. მომავალ წელს, როცა ისევ დაგიწერ წერილს, ყველას გვქონდეს იმის განცდა, რომ წინა წლებთან შედარებით, უკეთესად ვიცხოვრეთ. საკუთარ თავში გვაპოვნინე ენერგია უკეთესი მომავლის ასაშენებლად. სურვილებს ალბათ იმიტომაც მისრულებ, რომ იცი, ძალიან მიყვარხარ.
შენი ფანკლუბის წევრი, ლევან ბერძენიშვილი".
- ბატონო ლევან, გველის წელში ხართ დაბადებული. 2013 წლისგან რას ელოდებით?
- მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მეტის მოლოდინი მაქვს. წინა წელს წიგნი დავწერე. წელს მინდა, რამე ისეთი გავაკეთო, რაც აქამდე არ გამიკეთებია. მოგეხსენებათ, პროფესორი ვარ, 2 უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლი. მინდა, დადგეს დრო, როცა ჩემი სტუდენტები მასახელებენ. 2013-ში 60 წელი მისრულდება, თან გველის წელია და ამ წლისგან ყველაფერს საუკეთესოს ველი.
- ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ!
- მადლობა! თქვენ და თქვენს მკითხველებს წინასწარ გილოცავთ ახალი წლის მობრძანებას და კეთილდღეობას გისურვებთ!
რამდენიმე დღის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისში გახლდით. გოკა გაბაშვილს გამოველაპარაკე. სხვა რუბრიკისთვის მინდოდა ჩაწერა და უარი მითხრა. მაშინ თოვლის ბაბუას წერილი მისწერეთ-მეთქი. იუარა, არ დავწერო. პაუზის შემდეგ კი უარი სრული სერიოზულობით ახსნა - თოვლის ბაბუას არსებობის არ მჯერაო. არ გჯერათ და ოპოზიციაში ყოფნა დიდხანს მოგიწევთ-მეთქი. ამ სიტყვების გაგონებაზე გაკვირვებულმა შემომხედა. ვასწავლე, როგორ მოიგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები, მაგრამ...
მოგვიანებით გოგა ხაჩიძეს დავუკავშირდი. ყოფილი მინისტრი მოწყენილი მეჩვენა. მითხრა, ახალი წლის დღესასწაული და ზოგადად, დღესასწაულები დიდად არ მიყვარსო. 31 დეკემბერი და 1-ლი იანვარი მისთვის ჩვეულებრივი დღეებია. თოვლის ბაბუას კი შემდეგი შინაარსის წერილი დაუწერა:
"თოვლის ბაბუ!
"ჩემთვის არაფერი მინდა, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ - ახალ ხელისუფლებას გონიერი, კეთილი რჩევები მიეცი. დაარიგე, მომავალ წელს მაინც მოიქცნენ ცოტათი ჭკვიანურად. სხვა არაფერი მინდა".
თელავის თეატრის მმართველი პაატა გულიაშვილი ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ხვდებოდა, მაგრამ ბოლო წლებია, კონცერტებზე წამყვანად ეპატიჟებიან. შინ ახალი წლის დადგომის შემდეგ ბრუნდება. მეკვლედაც ხშირად დადის. ამბობს, რომ ფეხბედნიერი კაცია. მისთვის დაუვიწყარი ახალი წელი მაშინ იყო, როცა პირდაპირ ეთერში უთხრეს, ბინას გჩუქნითო. მართალია, იმ კომპანიამ ბინის ჩუქება ვერ შეძლო, მაგრამ ნათქვამი ნაწილობრივ შეუსრულა - თანხა გადასცა, რომლითაც ბინის დაგირავება მოახერხა.
"ძვირფასო თოვლის ბაბუ!
მე შენ ძალიან მიყვარხარ, რა დასამალია და - საჩუქრებიც. ვიცი, ყოვლისშემძლე ხარ. ბევრი არაფერი მინდა, ახალი წლის ღამეს მხოლოდ ერთი საჩუქრის მოტანას გთხოვ. ეს სახლის გასაღებია. მე ხომ სულ კარგად ვიქცევი, მგონი, ვიმსახურებ. თუ ამ სურვილს ამისრულებ, გპირდები, მომავალი წლისთვის საჩუქარს აღარ გთხოვ.
დიდი სიყვარულით, პაატა გულიაშვილი".
პაატამ მითხრა, რომ თოვლის ბაბუას წერილები მისმა შვილებმაც მისწერეს. მართალია, უმცროსმა ჯერჯერობით წერა არ იცის, მაგრამ სურვილები აქვს. ძმებს თოვლის ბაბუისგან საჩუქრად ბევრი არაფერი სურთ, 2 ცალი რაციისა და 10 ცალი დისკის გარდა.
- და მათი "თოვლის ბაბუა" რას აპირებს?
- სურვილებს ყველა თოვლის ბაბუა ასრულებს. ამისთვის კრედიტის გამოტანა არ დამჭირდება.
მსახიობი საახალწლო სამზადისში აქტიურადაა ჩართული. მეგობრებს თავის დაყენებულ ღვინოს სჩუქნის. ვერავის გააგებინა, რომ თელავი დაისეტყვა და წელს ყურძნის ნაკლები მოსავალი მიიღო. ღვინო ყველას უნდა. მართალია, ჩამორიგება ცოტა დამღლელია, მაგრამ ერთი პლუსი აქვს: სადაც უნდა მივიდეს, იცის, როგორ ღვინოს დაალევინებენ. იმის იმედიც აქვს, რომ მის სადღეგრძელოს იტყვიან, დალოცავენ - ვინც ეს ღვინო დაწურა და გამოგვიგზავნაო... ბარტერი აქვს სიმამრთანაც. ღვინის სანაცვლოდ მისგან საჩუქრად გოზინაყს იღებს. ბატონი ტარიელის მომზადებული ეს ნუგბარი კი ძალიან მოსწონს. პაატა სტუდენტობის წლებში თოვლის ბაბუა თავად ყოფილა.
- ერთი ოჯახიდან გამოძახება მივიღე. მოვირგე ჩემი ფორმა, დავიმაგრე წვერი და ოჯახში დათქმულ დროს გამოვცხადდი. შევედი. მგონია, პატარა ბავშვი უნდა დამხვდეს და უეცრად ლამაზი გოგონების "ბანდაში" აღმოვჩნდი (იცინის). რატომღაც გადაეწყვიტათ, ახალ წელს მხოლოდ გოგონები შეხვედროდნენ და ერთ-ერთის ოჯახში იყვნენ შეკრებილები. მაშინ 19 წლის ვიყავი, წარმოიდგინე, რა დღეში ჩავვარდებოდი. თავიდან ცოტა დავიბენი, დავირცხვინე, მაგრამ 1-2 ჭიქა რომ დავლიე, ღვინომ თავისი "გააკეთა". ბაბუის ფორმა გავიხადე, წვერ-ულვაშიც გვერდით მივდე და კარგად მოვულხინე.
"ჩემთვის ახალი წელი საჩუქრებთან, სიხარულთან, სიახლესთან, თოვლთან, უკეთესი მომავლის მოლოდინთან ასოცირდება", - მითხრა მომღერალმა სალომე ბაკურაძემ.
- თოვლის ბაბუას რა გინდა სთხოვო?
- ხმამაღლა ვერ ვიტყვი.
- ნუ იტყვი, დაწერე.
- ვერა, ვერ გაგიმხელ. ეს მატერიალური სურვილი არ არის.
- პირად ცხოვრებას ეხება?
- არა (იცინის). ინტრიგად დავტოვოთ.
"ძვირფასო თოვლის ბაბუ!
ძალიან მიყვარხარ და მინდა, ოდესმე დამენახო. გაინტერესებს, რა მსურს? ყველანაირი საჩუქარი მახარებს. შენი გემოვნებით შეარჩიე. მე დაგელოდები.
დიდი სიყვარულით, შენი სალომე".
დათო როსტომაშვილი კი წლევანდელ ახალ წელს მეუღლესთან ერთად ფინეთში ხვდება. მეგობრისგან მიპატიჟება მიიღო და სიამოვნებით დათანხმდა. გამგზავრებამდე კი თოვლის ბაბუას შემდეგი შინაარსის წერილი დაუტოვა:
"თოვლის ბაბუ!
წლიდან წლამდე რომ წახვალ და გადაიკარგები, ეგრე უნდა? რამდენი ხანია, გელოდები. პატარა რომ ვიყავი, მატყუებდნენ, თოვლის პაპა არ არსებობსო. აბა, შენ იცი, ახალი წლის დღესასწაული ყველა პატარას გაულამაზე. რისი გაკეთებაც შენ არ შეგიძლია, იმას ღმერთს ვთხოვ. მინდა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს".
წერილის დაწერის შემდეგ მკითხა:
- ამ წერილს რომ მაწერინებ, რამდენი წლის ვარ, იცი? - მკითხე მაინც.
- ადამიანებს სურვილები ხომ ყველა ასაკში აქვთ?
- კახელი მეცნიერების აღმოჩენაზე არაფერი გაგიგონია?
- რაო, რას ამბობენ?
- სიტყვასიტყვით ჩაიწერე: კახელმა მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს: დაადგინეს, რომ ბავშვობა მთავრდება მაშინ, როცა გინდა, შენი სურვილი თოვლის ბაბუამ კი არა, ფიფქიამ შეასრულოს.
- მაშინ წერილი ფიფქიას მისწერე.
- ინტიმურია (იცინის)... ვერ მივწერ. როცა ვნახავ, თავად ვეტყვი.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)