ჰოლივუდში ახალი სკანდალი მწიფდება - მომღერალ ბრიტნი სპირსის ყოფილი მაზლი აცხადებს, რომ ვარსკვლავმა ბავშვი მისგან გააჩინა.
ბრიტნი 2 წლის განმავლობაში ამერიკელ მოცეკვავესა და მსახიობზე, კევინ ფედერლინზე იყო დაქორწინებული და წყვილს 2 ვაჟი, შონ პრესტონი და ჯეიდენ ჯეიმსი ჰყავთ. საუბარი სწორედ შონ პრესტონზეა - ვარსკვლავის ყოფილი მაზლი კრისტოფერ ფედერლინი ირწმუნება, რომ ბავშვის მამაა. გავრცელებული ინფორმაციით, კრისტოფერმა უკვე შეიტანა პოპ-ვარსკვლავის წინააღმდეგ საჩივარი, სადაც ირწმუნება, რომ 7 წლის შონის "ნამდვილი მამაა".
სასამართლოში შეტანილ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბრიტნი კევინის სახლში მივიდა, რათა შვილები წაეყვანა. მაგიდაზე ჩემი საფულე ნახა. ბრიტნიმ საფულე გახსნა და ჩემი საკრედიტო ბარათი მოიპარა. ბარათზე 4 500 დოლარი იყო დარიცხული. როდესაც ბარათის დაბრუნება ვთხოვე, ბრიტნიმ მითხრა, რომ ჩემმა ძმამ ცხოვრება დაუნგრია. ბრიტნი დამცინოდა და ამბობდა, რომ პატარა ზომის სასქესო ორგანო მაქვს. დამემუქრა და გამაფრთხილა, რომ თუკი ქურდობის შესახებ პოლიციას მივმართავდი, მთელ მსოფლიოს გააგებინებდა, რომ შონის მამა კევინი კი არა, სინამდვილეში მე ვარ. ვაღიარებ, რომ ბრიტნისთან მეძინა", - წერია განცხადებაში.
არც ბრიტნი სპირსს და არც მის წარმომადგენელს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.