არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია

არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია

თავისი არსებობის თითქმის 65 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პატარა ისრაელმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის შექნა შეძლო. სხვებთან შედარებით, მცირე რიცხოვნობის მიუხედავად, დღეს ისრაელს მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პროფესიონალური, მობილური და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

"ცახალი" - ისრაელის თავდაცვის არმია, სახელმწიფო ისრაელის დაარსებიდან ორ კვირაში შეიქმნა. შესაბამის განკარგულებას ხელი დავით ბენ-გურიონმა 1948 წლის 26 მაისს მოაწერა. ახლად შექმნილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ნათლად გაიაზრა ახალდშექმნილი ისრაელის გარშემო არსებული ვითარება

როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. ისრაელს რიცხობრივად ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწევდა გამკლავება. შედარებით სუსტი ეკონომიკა კი ქვეყანას ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების საშუალებას არ მისცემდა. ამიტომაც ომის დაწყების შემთხვევაში (ასეთი შემთხვევები კი ისრაელის ისტორიაში მრავლად იყო) შეტევა მოწინააღმდეგის არმიის ყველაზე სუსტ წერტილზე მინიმალურ დროსა და საარმიო რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უნდა მომხდარიყო.

პირველ ეტაპზე "ცახალში" იარაღისა და სამხედრო ტექნიკის (მათ შორის თვითმფრინავების) დეფიციტის კომპენსირება არსებულის მოდერნიზაციით ხდებოდა. მოძველებულ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტანკებზე ახალი ძრავები და ქვემეხები ყენდებოდა. მაგრამ მთავარი აქცენტი პირადი შემადგენლობის მომზადებაზე კეთდებოდა.

საომარი მოქმედებებისას დიდ ყურადღებას "ცახალის" ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ნაირსახეობების შეთანხმებულ მოქმედებაზე ამახვილებდა. რადგან ბრძოლის ველზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

სირთულეების მიუხედავად ისრაელის მთავრობა შეიარაღების ყიდვას საზღვარგარეთაც ახერხებდა. ხშირ შემთხვევაში ეს პროცედურა გაყალბებული დოკუმენტებით, ქრთამის მიცემითა და ჩინოვნიკების მოსყიდვით ხდებოდა.

მაგალითად, როდესაც ფრანგები მიხვდნენ, რომ მარსელის ვერფებზე აშენებულ კატარღების გამოყენებას ისრაელი სამხედრო მიზნებში აპირებდა, დამკვეთისთვის მათ გადაცემაზე უარი თქვეს. თუმცა თავად ისრაელისთვის ამას ხელი არ შეუშლია - "მოსადის" თანამშრომლებმა ისინი ღამით გაიტაცეს. მსგავსი შემთხვევები "ცახალის" ისტორიაში მრავლადაა.

შეიარაღების იმპორტის პარალელურად, ისრაელის საკუთარი სამხედრო მრეწველობის ორგანიზებასაც ცდილობდა. საკუთარი რესურსებით არემონტებდა მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას და საჭირო სათადარიგო ნაწილებსაც თავადვე ამზადებდა.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ "ცახალი" საკუთარ შეიარაღებაში მოწინააღმდეგის ტექნიკასაც ღებულობდა. ისრაელ-არაბეთის გაუთავებელი ომებისას ებრაელებს არაბების მიტოვებულ-დაზიანებული ტანკები ბრძოლის ველიდან გაყავდათ. ასე მაგალითად, ექვსდღიანი ომისას ებრაელებმა საბჭოური წარმოების T-54 და T-55-ის ტიპის 200-მდე არაბული ტანკი ჩაიგდეს ხელთ.

მათი ნაწილი ებრაელებმა გადააკეთეს (გაძლიერებულ ძრავთან ერთად NATO-ს სტანდარტების 105 მმ-იანი ქვემეხი დააყენეს) და საკუთარ შეიარაღებაში მიიღეს. დაზიანებულ ტანკებს კი მარაგნაწილებად იყენებდნენ. იმავე ნაალაფარი არაბული T-54 და T-55-ის ბაზაზე "ახზარტის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი შეიქმნა, რომელსაც ისრაელის არმია დღემდე იყენებს.

"ცახალის" "მშენებლობაში" დიდი როლი აშშ-მა ითამაშა. სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება 1952 წელს გაფორმდა. 1968 წელს ისრაელმა აშშ-სგან 48 მოიერიშე და 50 გამანადგურებელი მიიღო. მას შემდეგ ებრაელები ვაშინგტონისგან ტანკებს, საარტილერიო სისტემებს, სატრანსპორტო და საბრძოლო შვეულმფრენებს, ტყვია-წამალს, ჭურვებს, ბომბებს ყიდულობდნენ.

არსებული კანონმდებლობით, ისრაელის არმიაში ყველამ უნდა იმსახუროს. ის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს 18 წლის ასაკის მიღწევისას აბსოლუტურად ყველა მოქალაქე - მამაკაციც და ქალიც გადის. მამაკაცებმა 36, ქალებმა კი - 24 თვე უნდა იმსახურონ.

მსოფლიოს სხვა არმიებისგან განსხვავებით, "ცახალში" ქალებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. ისინი არმიის ყველა ქვედანაყოფში მსახურობენ. სპეციალურ ბატალიონ "კარაკალში" ქალები და მამაკაცები ერთად მსახურობენ, პროპორციით 2-1-თან ქალების სასარგებლოდ.

დღეს "ცახალის" სამკომპონენტიანი რეგულარული არმია (სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი ) 176,5 ათას კაცს ითვლის. 2011 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 15,8 მილიარდ დოლარით განისაზღვრებოდა. არმიის რეზერვი 565 ათასს კაცს შეადგენს. საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში კი 48 საათის განმავლობაში ქვეყანას 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია მოუყაროს თავი. ციფრები მართლაც შთამბეჭდვია.

საკუთარი არმიის შეიარაღებაში არსებული ტექნიკისა და იარაღის უმეტეს ნაწილს ისრაელი თავად აწარმოებს. მათ შორის "მერკავას" ტიპის ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ნაღმმტყორცნებს, შაშხანებს, ტყვიამფრქვევებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, რაკეტებს, ჭურვებს, საპატრულო კატარღებს. ისრაელი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიერაც შექმნილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ("რკინის გუმბათი") რეალურ საბრძოლო პირობებში გამოიყენება.

ისრაელის არსებობის განმავლობაში "ცახალმა" 7 ომი (ომი დამოუკიდებლობისთვის 1948-49 წწ, სუეცის ომი - 1956-57 წწ, ექვსდღიანი ომი - 1967, ომი დაუძლურებამდე - 1967-70, იომ-ქაფურის ომი - 1973, ლიაბის პირველი და მეორე 1982 და 2006 წლები შესაბამისად) გამოიარა და ამდენივე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე