... ირაკლი ჩარკვიანი და მისი შემოქმედება ჩემთვის არაქართული და არც არა რომელიმე ქვეყნის მოვლენაა, არამედ სამყაროს გზავნილია ადამიანების მისამართით. მეფე და ქეთათო ჩემთვის დედამიწაა, რომელიც ორი პოლუსისგან კი შედგება, მაგრამ მაინც ერთი მთლიანობაა...
- "მეფე და ქეთათო" როგორი იყო თქვენი ურთიერთობა, შემოქმედებითი ტანდემი და ოჯახური ცხოვრება?
- ჩვენი ურთიერთობა იყო ორი ძალიან მოკრძალებული ადამიანის თანაცხოვრება, რომელთაც შერჩენილი ჰქონდათ ბავშვური იდეალიზმი და ყმაწვილური აზარტით აკეთებდნენ საყვარელ საქმეს, ერთმანეთის წარმატებით აღფრთოვანდებოდნენ და დროს და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად დაახლოებულიყვნენ. სამყაროს ხედვას ერთმანეთს უზიარებდნენ და დროთა განმავლობაში უერთმანეთოდ ვეღარც აღიქვამდნენ მას. არასრულყოფილია ყოველივე, სადაც არ არის სიყვარული და ამ გრძნობის გარეშე ადამიანი ატროფირებულ, უსულო საგანს წააგავს, არის მშიშარა და ურწმუნო, ამაოებაა მისი ყოფა და არაფრისმთქმელია მისი როგორც სიცოცხლე, ასევე სიკვდილი.
- რას ნიშნავს შემოქმედისთვის ცხოვრების თანამგზავრად ჰყავდეს საქმეში პარტნიორი და თანამოაზრე?
- არასდროს მიფიქრია მომღერლობაზე, მაგრამ ირაკლისთან გატარებულმა ზღაპრული მელოდიებით გაჯერებულმა წუთებმა თავისდა უნებურად ამამღერეს. საკუთარ ემოციებზე არ ვლაპარაკობდით, სიმღერა იყო ერთადერთი მედიუმი, რომელიც გრძნობების გამოხატვის საშუალებას გვაძლევდა. იმის მიუხედავად, რომ 10 წელი ვცხოვრობდით ერთად და დროის უდიდეს ნაწილს ერთად ვატარებდით, ძალიან მორიდებული ვიყავით ერთმანეთის მიმართ და ხელოვნება იყო ის უნიკალური ენა, რომელიც ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას, ზოგჯერ წინასწარმეტყველურ, უტყუარ ხედვას ერთმანეთისთვის გვაზიარებინებდა.
- როგორია ამ დროს ურთიერთობა, სად მთავრდება ოჯახი და სად იწყება მუსიკა?
- მუსიკა და მისი თანმხლები სიტყვა იყო ჩვენი ცხოვრება, გზა თვითშემეცნებისკენ, ჩვენი სულიერი სახლი და ჩვენი ყოფის არსი.
- სიტყვა - სექსი ირაკლი ჩარკვიანმა არაერთხელ გამოიყენა საკუთარ ლექსებში, სიმღერებში... "პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ანუ სულაც ეს ლეგენდარული სიმღერა "სექსი" - ირაკლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ თემაზე თამამად საუბრობდა. რას ნიშნავდა ირაკლისთვის ამის შესახებ სიმღერა, ესეც პროტესტი იყო?
- რაც შეეხება ირაკლის მიერ ნამღერ თუნდაც "პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე" - სადაც ნათქვამია, "ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს, მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ, რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო!"
ის იყო ადამიანი, რომელსაც ლიბიდო საფუძვლიანად ჰქონდა დაკმაყოფილებული, ამიტომ ხელოვნებაში მის მიერ წარმოთქმული სიტყვა - სექსი ყოველგვარი ბილწი ჩარჩოსგან იყო გათავისუფლებული და სულიერი განწმენდის, მედიტაციის ხარისხში აღიქმებოდა. ხოლო პოლიტიკა, არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ არის ძალაუფლების წყურვილით აღტყინებული ხალხის თავშესაფარი, რომელთაც იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ გააჩნიათ მაღალი იდეალები და ყოველ ხერხს იყენებენ, რათა საკუთარი ვიწრო მერკანტილური, მდაბიო ჟინი დაიკმაყოფილონ.
- სექსი მიზეზია ომის? :)
- თავისთავად სექსუალური აქტი შეიძლება აღიქმებოდეს ძალადობად, მაგრამ შედეგია მნიშვნელოვანი! ვამარცხებთ სიკვდილს და ვაძლევთ შანსს ახალ სიცოცხლეს.
- აქვე ჩაგეკითხებით, კლიპი სიმღერაზე "სექსი", ერთ-ერთი საინტერესო კლიპია ირაკლის შემოქმედებაში, როგორ გადაიღეთ ან იდეა ვისი იყო?
- კლიპი გადაიღო ბასა ჯანიკაშვილმა, ხოლო იდეა წამოვიდა ირაკლისგან, რომელიც ამბობდა, საქართველომ დემოგრაფიული კუთხით ჩინეთს უნდა მიჰბაძოსო. ეს თემა განავრცო ბასამ მარჯანიშვილის თეატრში გადაღებული ვიდეოკლიპით, სადაც მოხდა ჩინურ მოტივებზე დადგმული სპექტაკლისა და ჩვენი კადრების სინქრონიზაცია.
- როგორ იქმნებოდა ლეგენდარული სიმღერები, როგორ წერდა, როგორ მუშაობდა? მუშაობის დროს ჩაკეტილი იყო თუ აზრებს გიზიარებდათ, რჩევებს გეკითხებოდათ? ღამით თუ აღვიძებდა მუზა? საწოლთან თუ ედო კალამი და ბლოკნოტი...
- მუსიკა ჩვენი ცხოვრების თანამდევი და მეტად აქტიური ნაწილი იყო. ასე რომ, დღის განმავლობაში რამდენიმე საათი, თუ ზოგჯერ მთელი დღე არა, იქმნებოდა მელოდია ან თემის დამუშავების პროცესით ვიყავით გართული. ხანდახან დილის 6-7 საათამდე კომპიუტერთან ვისხედით - როდესაც ახლოს ხარ სასურველ მიზანთან, აზარტულობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ყველაფრის მიმართ ინდიფერენტული ხდები და მთლიანად მოცული ხარ შენი საქმით.
- როგორი მეუღლე იყო ირაკლი. ხელოვანი რომ არ ყოფილიყო, სხვანაირი ქმარი იქნებოდა. ამბობენ, ხელოვანი ადამიანები მძიმედ საურთიერთობო არიანო ოჯახში...
- ირაკლი სულით ხორცამდე ხელოვანი იყო, მისი მელოდია, მისი ლექსი და მისი პროზა სხვა არაფერია, თუ არა ემოციების, აზრების მეტად ეფექტური ტრანსფორმაცია სიტყვისა და მუსიკალური ბგერის მეშვეობით. სამყაროს გულდასმით მოსმენა, მუდმივად სიახლის ძიება - ერთგვარი მეცნიერებაა. ირაკლი იყო და არის ადამიანი, რომელიც სხვებს აძლევს შანსს, შინაგანი თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხს მიაღწიონ, საკუთარ სურვილებს თვალი გაუსწორონ და მარადიულ ფასეულობებზე დაფიქრდნენ. ასე რომ, მე მასთან კი არ მიჭირდა ცხოვრება, არამედ ერთგვარ ექსტაზს განვიცდიდი და ეს განცდა დღემდე მომყვება, როდესაც მასზე ვფიქრობ. ისტორიას ქმნიდა და დარჩა ისტორიას.
- ქალიშვილს დედოფლის სახელი - ნანა დაარქვით, როგორ ექცეოდა ირაკლი ქალიშვილს, ის ხომ თქვენი სიყვარულის ნაყოფია.
- ირაკლისთვის ნანას დაბადება სასწაული იყო, დიდი ბედნიერება და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა. სახელი დედის, ულამაზესი ქალბატონის - ნანა თოიძის პატივსაცემად დაარქვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს პირველ ქრისტიან დედოფალს ერქვა ნანა.
- როგორ "აფრენდა" ირაკლი ჩარკვიანი, როგორ "აფრენდით" ერთად, ანუ როგორი იყო არა მეფური, ჩვეულებრივი ცოლქმრული გაფრენა?"
- ჩემთვის აფრენს ყველა ის, ვინც მასავით არ "აფრენს". ძალიან კეთილშობილი, მშვიდი და წესიერი ადამიანი იყო.
- რას ნიშნავდა მისთვის სიყვარული?
- სიყვარული კაცობრიობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მისდამი ძალიან სათუთი დამოკიდებულება გვქონდა. ირაკლის სიმღერები არის ამის საუკეთესო დასტური - "დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს".
უდიდესი საჩუქარია სიყვარული და პირდაპირ კავშირშია რწმენასთან. უანგაროდ უნდა გასცე, უნდა დადო ქვაზე მადლი და გაიარო. "შენგან არაფერს ვითხოვდი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი"...
- "მე მომწონს შენი დიდი მკერდი და ის, რომ წითლად შეიღებე თმა"... თუ ითვალისწინებდით მის რჩევებს გარეგნობასთან, ჩაცმასთან და ზოგადად სტილთან დაკავშირებით?
- ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით, ძალიან თავისუფალი იყო ჩაცმის მიმართ, უყვარდა, როდესაც თამამად მეცვა და ამბობდა, ჩემს პანაშვიდზე წითელი პომადით მინდა "გნახოო", რაზეც საშინლად ვღიზიანდებოდი. არ მინდოდა კოშმარულ სიზმარშიც კი წარმომედგინა ის დღე, როდესაც მის გარეშე მომიწევდა არსებობა.
- ირაკლი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით რას იზამდა. შექმნიდა კიდევ ერთ შედევრს?
- ძალიან ბანალური კითხვაა და არაერთხელ დაუსვამთ ჩემთვის, მაგრამ ვერ გავკადნიერდები, ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ირაკლის მაგივრად ვილაპარაკო. მის შემოქმედებას გადავავლოთ თვალი და ყველა კითხვაზე ვიპოვით პასუხს. ირაკლი ყოველთვის გმობდა ძალადობას და ებრძოდა მონურ ფსიქიკას, გვეუბნებოდა, რომ ყველას შეუძლია გახდეს მეფე, მაგრამ ასევე ყველაში იმალება მონა. ადამიანი თვითონ ირჩევს ცხოვრების გზას და ავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისი ტექსტი "საქართველო" მიმართვაა მომავალს, - "თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ, რომ ვქნა და ჩემგან დარჩენილ, დაფლეთილ ათას ტომს, ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ, ომს, ჩვენ, მოვიგებთ ომს!!!" საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ადამიანის ნება გადამწყვეტია, რაც ჩემთვის მენტალურ რევოლუციად აღიქმება და ნიშნავს ომის მოგებას, დემოკრატიისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს. ირაკლის რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ასოცირება ალბათ არავის მოუვა აზრად, რადგან მას, როგორც შემოქმედს, მეტი ამბიცია ჰქონდა და სხვა პასუხისმგებლობას გრძნობდა ისტორიასთან მიმართებაში. ყოველგვარი ვიწროპარტიულ-ნომენკლატურული "ფაფხური" სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მისთვის. აღსანიშნავია, რომ სამყაროს შავ-თეთრად აღქმა ბევრი ჩვენგანისთვის არის დამახასიათებელი და ეს პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება მაღალია, როდესაც საკუთარი პიროვნების გამომზეურებისა და ეგოს დაკმაყოფილების მიზნით ცეცხლზე ნავთის დამსხმელთა აღზევების ხანა დგება. ზნეობრივ მხარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მათ "ორატორულ" გამოსვლებს დათვური სამსახური შეუძლიათ გაუწიონ ქვეყანას... მაგრამ ბოლო ათწლეულების მძიმე გამოცდილებამ და ჩვენი, როგორც ერის დემოკრატიისკენ სავალ გზაზე დაღვინებამ, სერიოზული კატაკლიზმების გარეშე მოგვახერხებინა ხელისუფლების გადარჩევა. ახალარჩეულ მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა აწევს და იმედი მაქვს, სამოქალაქო სექტორის მხრიდან კონკრეტული საკითხების მეტი აქტუალიზაცია, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მუდმივი ერთგულება არც ერთ ხელისუფალს არ მისცემს საშუალებას, რომ მფშვინავ, გაზულუქებულ, წყაროს დაპატრონებულ დევს დაემსგავსოს.
- გადაცურეთ ზღვა? მიუხედავად იმისა, რომ ის აღარაა, შუა ზღვაში მიგატოვათ, გადაცურეთ თუ ახლაც მიცურავთ და თან ერთად?
- ადამიანს, სანამ ცოცხალია, გამუდმებით უწევს ზღვებისა და ხშირად ოკეანეების გადაცურვა. მე ამ პროცესში ვარ, მაგრამ ის, რაც მაძლიერებს და კიდურების ატროფირების საშუალებას არ მაძლევს ცურვისას, არის რწმენა, რწმენა სინათლის, რომელიც მეფე ირაკლიმ სანთელივით აანთო ჩემში - "მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ". სწორედ ამ სინათლეს მივყვები და ალბათ როდესაც მივუახლოვდები, ეს იქნება სიცოცხლის ბოლო წუთები ჩემთვის.
- "ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვეთ მე და შენ..." რა იპოვეთ მასთან ყოფნისას?
- ვიპოვე საკუთარი თავი, შევეხე უსასრულობას, რადგან ვიწამე ღმერთი.
ქეთი მიქანაძე
ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"