საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმი დადგინდა. კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის წლიური შემოსავალი 6 000 ლარს არ აღემატება, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლოს დაუბრუნდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიას დღეს 2013 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარუდგინა. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 425.5 მლნ ლარით განისაზღვრა.
2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელია 6 920.0 მლნ ლარი, ხოლო გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 202.5 მლნ ლარს, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 75 მლნ ლარი, საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები კი 127.5 მლნ ლარი.
2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 300.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 8 748.5 მლნ ლარია, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები - 7 971.0 მლნ ლარს, გრანტები - 127.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 650.0 მლნ ლარს შეადგენს.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა 20 დეკემბერს დაამტკიცა.