როგორი იყო 2012 წელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ისინი სახუმარო და სერიოზულ კითხვებს უპასუხებენ. ხომ იცით, ხუმრობაში სიმართლის მარცვალიც ურევია, ასე რომ, თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად გულახდილები არიან ისინი "კვირის პალიტრასთან".
ია ფარულავა-მსახიობი, ტელეწამყვანი: - ეს წელი ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილით დაიწყო - ძმა გარდამეცვალა და ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, თუმცა "დღის შოუს" ეთერში მალევე დავჯექი, შევძელი თავი ხელში ამეყვანა. გარდა ამისა, მთელი წელი სასამართლოში მიჩიოდნენ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, ვერ მიჩივლეს.
- რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ წარმატებად?
- ხალხის სიყვარულს! ამას მაშინ მივხვდი, როდესაც "დღის შოუში" დავბრუნდი. თურმე ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი წარმატება ყოფილა. ბუნებრივია, ყველას არ ვუყვარვარ, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ.
- ვინ არის თქვენთვის წლის პოლიტიკოსი?
- ჩემთვის არც ერთი პოლიტიკოსი აღარ არსებობს. ახლა ყველა ერთ პასუხს გასცემს: ივანიშვილი, მაგრამ მე მინდა ვიცხოვრო ისე, რომ პოლიტიკა საერთოდ არ შემეხოს.
- ახალი წლის ღამეს ვის ისურვებდით მეკვლედ: სააკაშვილს თუ ივანიშვილს?
- ვაიმე, არც ერთი არ მინდა! დალაი ლამას ან ნელსონ მანდელას.
- ვინ არის თქვენი ფავორიტი წყვილი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები"?
- ასეთი არ მყავს, ვცდილობ, ვიყო ობიექტური. ვგულშემატკივრობდი რატი წითელაძეს და ძალიან დამწყდა გული, პროექტი რომ დატოვა. დარჩენილი წყვილებიდან კი ყველა იმსახურებს ფინალში გასვლას.
- ვის მიანიჭებდით წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტულს?
- უნდა მოვიფიქრო. ერთ მამაკაცს ვიტყოდი, მაგრამ არა, ვერ დავასახელებ.
- იქნებ მაინც გვითხრათ, არა მგონია ეწყინოს...
- თქვენ მასწავლეთ ახლა, გაუხარდებათ თუ ეწყინება. არა, არ ვიტყვი...
- ვის მიიჩნევთ წლის უარყოფით ადამიანად?
- ვლადიმერ ბედუკაძეს, ალბათ ყველა ხვდებით, რატომაც....
მერაბ სეფაშვილი-მომღერალი: - თუ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ვნებათაღელვას არ ჩავთვლით, არჩევნებს ვგულისხმობ, მშვიდი წელი მქონდა.
- რას მიიჩნევთ წლის წარმატებად?
- წარმატება იყო სოლო კონცერტი და ჩემი სახელობის ვარსკვლავის გახსნა.
წლის პოლიტიკური მოვლენა? არჩევნები, რა თქმა უნდა! ხელისუფლების ცვლა მოხდა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი!
- არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, ვის ისურვებდით ახალ წელს მეკვლედ: ბიძინა ივანიშვილს თუ მიხეილ სააკაშვილს?
- მე ვისურვებდი მეკვლედ ობამას.
- ის მომღერლები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავს დაბლოკილებად მიიჩნევდნენ, ახლა სცენაზე დგანან და პირიქით... პროცესი ხომ არ მეორდება?
- არაფერი გამიგია, ახლა ვინმე დაებლოკოთ. საერთოდ, რაც ამ მხრივ საქართველოში ხდება, არანორმალურია. მხოლოდ ჩვენთან ხდება ის, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო შეიძლება შენი საქმე ვერ აკეთო.
- ვინ არის წლის პოლიტიკოსი?
- სიმართლე გითხრათ, ქართულ პოლიტიკას ცოტა არასერიოზულად ვუყურებ.
- რატომ?
- მიმაჩნია, რომ მსოფლიოსთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს... ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები - რესპუბლიკელები რომ მოსულიყვნენ, მსოფლიო პოლიტიკა გადათამაშდებოდა... ასე უფრო დაბალანსებული იქნებოდა მსოფლიო. საქართველოში რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ - შეიცვალა ხელისუფლება და ვნახოთ, რას გააკეთებენ..
- ვინ არის თქვენთვის წლის გმირი?
- გმირი? ასეთად ვერავის ჩავთვლი. მაშინაც დამაბრალეს, ვიღაცებს გმირად თვლიო, მაგრამ... გმირების ნაკლებად მჯერა.
- წლის უარყოფითი პიროვნება თუ გყავთ?
- არა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველაფერში დადებითი დაინახოს, თუმცა მყავს ერთი - ვლადიმირ პუტინი, რომელიც ერჩის საქართველოს და ვერ გამიგია რა უნდა?
- რა საჩუქარი გინდათ 2013-ში?
- ვისურვებდი ჩემი ქვეყნის გამთლიანებას. "კვირის პალიტრას" კი მივულოცავ დამდეგ ახალ წელს. ჩემი უამრავი მეგობარი მუშაობს თქვენთან და გისურვებთ, 2013 წელი თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების მომტანი იყოს.