"მარტოობას მივეჩვიე, ხშირი სტუმრობები მაინცდამაინც არ მიყვარს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეგობრები მოდიან და ვქეიფობთ. მარტო როცა რჩები საკუთარ თავთან, ბევრ რამეს აანალიზებ, როცა არავისთან შედიხარ კონტაქტში, ნაკლებსაც სცოდავ. ზოგჯერ ჩემი დიდი სიხარული, ჩემი ქალიშვილი გვანცა შემომირბენს ხოლმე. მისი მოსვლა ყველაზე მეტად მახარებს", - მითხრა ინტერვიუს დასასრულს ირაკლი წერეთელმა, მანამდე კი სახლის კარი მე და ჩემს ფოტოგრაფს ფართოდ გაგვიღო.
- ბატონო ირაკლი, მოგწონთ ახალი მთავრობა?
- სულ რომ არ ჰქონოდა მანკიერი მხარე მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრობის ცვლილებას, რასაკვირველია, მივესალმები. მიხარია, რომ ქართველმა ერმა შეძლო არჩევნების გზით, რევოლუციის გარეშე ხელისუფლების შეცვლა გარკვეულწილად, რადგან მიხეილ სააკაშვილი ისევ პოსტზეა.
- ძალაგამოცლილი მიხეილ სააკაშვილი...
- სანამ ურჩხულს კუდის მოქნევა შეუძლია, მანამ საშიშია. ჯერჯერობით ის პრეზიდენტია, რომელიც დღეს მოქმედი კონსტიტუციით მთავრობის დათხოვნის უფლებას ინარჩუნებს. ახალ მთავრობას რაც შეეხება, პერსონალურად ყველა მომწონს. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ყველა პარამეტრით სჯობს წინა თავდაცვის მინისტრს, დაწყებული სოლიდურობით, დამთავრებული ადამიანურობით, თავისუფლების ხარისხით. ახალაიასაც სჯობს, კეზერაშვილსაც, ბარამიძესაც და ბეჟუაშვილსაც. შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემი სეხნია, ირაკლი ღარიბაშვილიც აქამდე არსებულ ყველა მის წინამორბედზე უკეთესია. თეა წულუკიანი იუსტიციის ბევრად უკეთესი მინისტრია, ვიდრე მისი წინამორბედი გახლდათ. არჩილ კბილაშვილი ჩემს წარმოდგენაში განათლებული და კეთილსინდისიერი იურისტია. ძალიან მოუხდა საგარეო საქმეთა მინისტრობა მაია ფანჯიკიძეს. სააკაშვილისდროინდელი თანამდებობის პირი "გოგუშკების" დრო წავიდა. როცა თანამდებობის პირი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ის მანდილოსანი და ბანოვანი უნდა იყოს. სააკაშვილისდროინდელ რომელ მინისტრ ქალბატონზე იტყვით, ბანოვანიაო?
- სალომე ზურაბიშვილი.
- ერთადერთი გამონაკლისი იყო ქალბატონი სალომე და ისიც ბოლომდე ვერ შეიშნოვა სააკაშვილმა.
- მინისტრების დასახელებისას კალაძე გამოგრჩათ...
- კალაძეს არ ვიცნობ, როგორც მინისტრს. კალაძეს ვიცნობ, როგორც ფეხბურთელს. მისი ერთი განცხადება არ მომეწონა და სერიოზულად დავარტყამ, თუ წინ არ აღუდგება სვანეთში გიგანტური ჰესების მშენებლობას. თუ იგივე გააგრძელა ახალმა ხელისუფლებამ, რაც ძველმა ხელისუფლებამ დაიწყო, რაღა გამოვიდა. თუმცა თავისუფლების ხარისხით საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.
- თუმცა დასავლეთი სწორედ დემოკრატიის ხარისხს უწუნებს ახალ ხელისუფლებას...
- დასავლეთი კი არა, დასავლეთის თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე ადამიანი უწუნებს. ათი კაცი მთელი დასავლეთი რატომ არის?! სწორედ ამაში ვხედავ დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობას. საკუთარი პოზიციების დაცვის უნარი არ აქვთ. უხერხულია, გუნავა საწვავის ზედმეტ გადახარჯვაზე ან მერაბიშვილი ყალბი პასპორტის ბრალდებით დააკავო, მაშინ როცა მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიცია მთელ ერსა და მსოფლიოს არწმუნებდა, რომ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სახით საქართველოს დრაკონები, ანაკონდები და კაციჭამიები მართავდნენ. თუ მტკიცებულება არ აქვთ, ყველა ის ადამიანი, ვინც მაშინ სააკაშვილსა და მის მთავრობას ლანძღავდა, უნდა დაიჭირო და ენა ამოაგლიჯო სახალხოდ. როგორ, სხვა თუ არაფერი, პატიმრებს ხომ აწამებდნენ ციხეებში. ეს ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ. მერაბიშვილის წინააღმდეგ თუ მეტი ბრალდება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ ყალბი პასპორტით სარგებლობდა, იყოს გარეთ, ნუ დააკავებენ. მე დღეში ათასი კაცი რომ მოვკლა, თუ ვერ დამიმტკიცე, რატომ მაკავებ. ეგ არის დემოკრატია. სხვანაირად საბჭოთა კავშირში დავბრუნდებით.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის. საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, უნდა გამოიყენოს თავისი უფლება, მინიჭებული საერთაშორისო სამართლის მიერ და მთელი პრინციპულობით, გაბედულად უნდა დასვას საკითხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული იმპერიული მრავალწლოვანი აგრესიის დამხობის მიმართულებით. სანამ საქართველოს დეოკუპაცია არ განხორციელდება, რუსეთთან ურთიერთობის დათბობა ნიშნავს ეროვნული ინტერესების მტრობას, ღალატს და ეროვნულ თავმოყვარეობაზე უარის თქმას. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ივანიშვილის ხელისუფლება არ არის ეროვნული თავისუფლებისათვის ღირსეულად მებრძოლი ხელისუფლება. რას გეტყვით, იცით, ვიღაც მევაშლის ბაზრის ძიება ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობაა. და თუ საქართველო ღირსეული სახელმწიფო იქნება, ვაშლი სინგაპურში უკეთ გაიყიდება, უფრო მაღალ ფასებში.
- ახალ ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებენ...
- სხვა თუ არაფერი, დენისა და ნაგვის ტარიფი უნდა დაეშორებინათ ერთმანეთისგან. კარგია, რომ აღარ აუპატიურებენ პატიმრებს, მაგრამ საქართველოს ბედნიერების ფორმულა ეს არ არის. ამას წინათ ინტერნეტში ვნახე სინგაპურის ტერიტორია, სულ რაღაც ათასი კვადრატული კილომეტრი, 70-ჯერ პატარაა საქართველოზე. 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არ არის სიღატაკე. საქართველოს, ამხელა შესაძლებლობების ქვეყანას, სინგაპურმა უნდა გვაჯობოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის თვალსაზრისით?! სხედან ესენი პარლამენტში და პრეზერვატივების სახეობებზე მსჯელობენ. ისე, მანდ დიდი უსამართლობა მოხდა. დაუშვეს პრეზერვატივი, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა აქვს და აკრძალეს ისეთი, რომელიც თურმე სიამოვნებას ანიჭებს ქალს. როგორ, ქალი, ეს მშვენიერი არსება, იმდენს არ იმსახურებს, რომ პრეზერვატივის გაყიდვის დროსაც მის სიამოვნებაზე ვიფიქროთ?! მე თუ მოვედი ხელისუფლებაში, აუცილებლად დავუშვებ ისეთ პრეზერვატივს, რომელიც ქალს სიამოვნებას ანიჭებს. ამის ინიციატორი კობა დავითაშვილი იყო. კობა არის ადამიანი, რომელიც სექსუალური ურთიერთობის დროს, როგორც ჩანს, იმაზე კი არ ფიქრობს, როგორ მიანიჭოს სიამოვნება ქალს, არამედ იმაზე, რამე არ აჰკიდოს ქალმა. ეს არის კლასიკური ნიმუში ეგოისტი კაცისა. ჯერ ეს თემა რა განსახილველია პარლამენტში და თუ მაინც განიხილავ, ქალის სასარგებლოდ მაინც გადაწყვიტე!.. ან ის რა იყო, პალესტინას რომ დაუჭირეს მხარი ისრაელის წინააღმდეგ. ეს იყო უსამართლო და უნამუსო გადაწყვეტილება მოძმე ებრაელი ერის მიმართ. საქართველომ ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პალესტინას, ამ ტერორისტ, ნაძირალა სახელმწიფოს, დივერსანტებს, მკვლელებს. სხვათა შორის, მე ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაც ჩავატარე მთავრობის სახლის წინ, რომელიც, სამწუხაროდ, "აჭარის ტელევიზიის" გარდა არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ჩავატარე სოლიდარობის აქცია ისრაელის საელჩოს წინ.
- წონაში დაგიკლიათ, სიმპათიურად გამოიყურებით. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხომ არ ემზადებით?
- ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიმპათიურობასა და ღირსებებზე მაღლა დიდი ფული დგას. ასე რომ, სულ რომ ახალგაზრდა ალენ დელონად ვიქცე, ჩემგან პრეზიდენტი არ გამოვა, სანამ მილიარდები არ იქნება ჩემ გარშემო. ასეთია საქართველოში დღევანდელი კონი... რას ეძახიან? კონიუნქტურა (იცინის). ასეთ ტერმინებზე ძალიან მეცინება. კოჰაბიტაციაზე ვკაიფობ კიდევ. რა საჭიროა ეს ახალი ტერმინები, როცა მშვენიერი შესატყვისი მოეპოვება ქართულში - თანაცხოვრება. ვინ მოიგონა, საინტერესოა. სხვათა შორის, მე შემიძლია დავამტკიცო, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოსთან მიმართებით სიტყვა ოკუპაცია პირველად მე გამოვიყენე. ინტერვენციას ხმარობდა მერაბ კოსტავა, მაგრამ სიტყვა ოკუპაცია პირველად მე ვთქვი.
- ბატონო ირაკლი, როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს?
- არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ მე შობამდე ახალ წელს არ ვაღიარებ. ვიდრე ეს ტრადიცია არ დაბრუნდება საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ღვთის რისხვის ქვეშ იქნება. გველი არ მიყვარს. ჩემი ოცნებაა, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, სულ ცოტა 100 ანაკონდას არ გავუჭეჭყო თავი. გველი რა საყვარელია?! თუმცა გველი სილამაზის, სიბრძნისა და მოქნილობის სიმბოლოა. ამიტომ ვფიქრობ, ეს წელი ბრძნული ნაბიჯებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ხელი უნდა გავანძრიოთ ქართველებმა, მხოლოდ ფორტუნას იმედზე არ უნდა ვიყოთ. მეც ვაპირებ გააქტიურებას რამდენიმე მიმართულებით, მწერლობის, თეორიული პოლიტიკისა და კინემატოგრაფიის მიმართულებით.
- რეჟისორობა ხომ არ განგიზრახავთ?
- არა, მაგრამ მაქვს ცოცხალი იდეები, როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს კინემატოგრაფია, როგორ უნდა გახდეს კინობიზნესი მომგებიანი საქართველოში.
- საპრეზიდენტო არჩევნები გვიახლოვდება, რეალურ კანდიდატებს თუ ხედავთ?
- ვერ ვხედავ. საქართველოში სიტუაცია ჩამყაყდა. კარგია, რომ ნაცმოძრაობა დამარცხდა, მაგრამ ცუდია, რომ "ოცნების" გარდა სხვა ძლიერი დემოკრატიული გაერთიანება არ ჩანს. ყველაზე ძლიერი ოპოზიცია ჯერჯერობით ისევ ეს სამარცხვინო ნაცმოძრაობაა. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველა დონეზე და მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას". სიამოვნებით დავასახელებდი ჩემს კანდიდატურას, თავმოყვარეობა რომ არ მქონდეს, მაგრამ ვინაიდან თავმოყვარეობა და ღირსება გამაჩნია, ვერ დავასახელებ ჩემს კანდიდატურას, იმიტომ, რომ ვიცი, დღევანდელი მოცემულობით ხმებს ვერ ავიღებ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი იფიქრებს, კენჭი იყაროს და გაიმარჯვებს კიდეც.
- პოლიტიკიდან მივდივარო, რომ ამბობს?
- ეს მან ხატზე დაიფიცა? პირველი შემთხვევაა, როცა ივანიშვილმა თქვა და არ შეასრულა? ჯერ ერთი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური განცხადება, რაც ივანიშვილს გაუკეთებია. მას თუ ამის გაკეთება შეუძლია, მაშინ მას საქართველო არ ჰყვარებია. როგორ, ისე ააწყობს ერთ წელიწადში საქართველოში სიტუაციას, რომ აღარ გახდება საჭირო? ერთ წელიწადში ივანიშვილი კი არა, აღმაშენებელი ვერ უშველის ამ ქვეყანას.
- როგორ გგონიათ, შალვა ნათელაშვილი არ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში?
- თუ ნათელაშვილს სიამოვნებს, რომ ერი მასხრად იგდებს და ხმებს ვერ იღებს, თუ იმისთვის იბრძვის, რომ ხმების 0,5% მიიღოს, იყრის ალბათ. როგორც პოლიტიკოსი, შეიძლება უფრო ნიჭიერია, ვიდრე ივანიშვილი, მაგრამ კეთილგონივრულობა აკლია. ხშირად ისეთ რამეს ამბობს, მის რეიტინგზე რომ უარყოფითად მოქმედებს. მას უკვე შალიკოს ეძახიან და ძალიან ძნელია, როცა შალიკოს გეძახიან, პრეზიდენტი გახდე.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქართველს, სრულიად საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი და წარმატება ვუსურვო. იცით, რა მაოცებს, რომ ამბობენ, სააკაშვილის დროს წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყოო, ხომ შეძლო თქვენმა ჰოლდინგმა - "კვირის პალიტრამ", უმძიმეს პერიოდში ჩამოყალიბებულიყო ძლიერ და წარმატებულ მედიასაშუალებად. ჰოლდინგის ხელმძღვანელები არც შევარდნაძის ნათესავები არიან, არც სააკაშვილის ახლობლები და არც ივანიშვილის. "კვირის პალიტრა" სწორედ სტიმულია იმის, რომ თუ ადამიანი ნიჭიერი და მონდომებულია, წარმატებას უსათუოდ მიაღწევს. სხვა წარმატებული ბიზნესებიც მინახავს საქართველოში, მაგრამ ისინი ამა თუ იმ ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებებში არიან მხილებულნი. "პალიტრამ" მოახერხა, არ ყოფილიყო არც ერთი ხელისუფლების მონა და თავისი შრომით მოეპოვებინა წარმატება.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)