ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ის, რომ არ არსებობდეს ორგანო, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არ იქნება, - ამის შესახებ დღევანდელ კონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ივანიშვილი სხვადასხვა პიროვნებებსა და ორგანოებზე რეპრესიებს ახორციელებს. მერაბიშვილის განცხადებით, პრემიერი წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს და ამიტომ ცდილობს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველა უწყება თავად დაიქვემდებაროს.
ყოფილი პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო რეპრესიები ივანიშვილმა თავისუფალ მედიაზე, სხვადასხვა პიროვნებებსა და ორგანოებზე. "დღეს დაამკვიდრეს, რომ დაიკითხოს ყველა ადამიანი, მათ შორის ის მინისტრები, რომლებმაც ყველაზე მეტი გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის. "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს მიღწევებს და კიდევ უფრო განვითარდება, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი შეკრება "ნაციონალური მოძრაობის" ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ისტორიული.
"ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ ყველა რაიონის წარმომადგენელს. აქ არიან შეკრებილი პარლამენტის დეპუტატები და ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან". ეს არის ჩვენი ისტორიული შეკრება და დღევანდელი დღე ჩაიწერება, როგორც დღე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი მოძრაობის კიდევ უფრო განვითარებას და იმ მიღწევების შენარჩუნებას, რომელიც გვაქვს, რაც ხელს შეგვიწყობს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ კონფერენციაზე გამოჩნდებიან ახალი სახეები, ასევე, კონფერენციის წევრებს სიტყვით მიმართავენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ის ახალი წევრები, რომლებიც ახალი ჩაბმულები არიან პარტიულ საქმიანობაში.