უსახლკაროდ დარჩენილი "უცოლო" მრავალშვილიანი მამის ამბავი

უსახლკაროდ დარჩენილი "უცოლო" მრავალშვილიანი მამის ამბავი

მსახიობი კოტე თოლორდავა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ყოვლისშემძლე დიტოს როლს ასრულებს. ბევრი გოგონასთვის სასურველი "საქმრო" რეალურად, მეექვსე წელია, რაც მეორედაა დაქორწინებული. "დიტოს შესაძლებლობების ფონზე, საყვარელ ქალს მე უფრო მაგარი საჩუქარი მივუძღვენი - ავტომობილი ვაჩუქე", - გვითხრა კოტემ, რომლის რჩეულიც პროექტის - "შეგირდი" ყოფილი მონაწილე, განო მელითაური გახლავთ. ცოლ-ქმარს 2 საერთო შვილი - თარაში და ანასტასია ჰყავს. კოტეს პირველი მეუღლე გახლდათ მსახიობი მარიამ ჯოლოგუა, რომელთანაც ბუკა ჰყავს.

აქვე გეტყვით, რომ კოტეს ფეხბურთი ძალიან უყვარს და მომავალში სპორტულ კომენტატორობას აპირებს.

- სერიალში თქვენი პერსონაჟი პერიოდულად ჩნდებოდა. სამაგიეროდ, მგონი, ფილმში - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" მთავარ როლს ასრულებთ. ასეა?

- წინასწარ რაღაცების "გაყიდვა" არ მიყვარს. ზოგადად, ქორწილის თემა "მსუყეა". ქართული ქორწილი უამრავი ნიუანსით არის დახუნძლული და ფილმშიც შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს...

- კარგი, მაშინ სერიალში თქვენს პერსონაჟზე - დიტოზე გკითხავთ: ბოლო სერიებში მისმა საქციელმა ტელემაყურებელი გოგონების დიდი ნაწილის სიმპათია დაიმსახურა, თუმცა ზოგი დიტოს უთავმოყვარეო ადამიანადაც მიიჩნევს. თქვენს პერსონაჟს თავად როგორ შეაფასებთ?

- ვცდილობ, ჩემი გმირის ყველა ქმედება გავამართლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე და პერსონაჟს "უთანხმოება მოგვივა". არ მინდა, რომ ასე მოხდეს. დიტო ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი "პლუსებითა" და "მინუსებით". ერთგულია, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. სიმპათიური რომ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს (იცინის). მოკლედ,კარგი ტიპია, რა... ზოგადად, სერიალები არ მიყვარს, თეატრზე კი ვგიჟდები. თუმცა, გიორგი ლიფონავასთან მუშაობა სიამოვნებით დავიწყე, რადგან ის სტანდარტულ სერიალს კი არა, ფაქტობრივად, ფილმს იღებს.

- რეალურად, რომანტიკული ადამიანი ხართ?

- რთული შეკითხვაა: რომანტიკისაკენ არ მივისწრაფვი, თუმცა ზოგადად რომანტიზმი სიამოვნებას მანიჭებს. სასიამოვნო მოულოდნელობებით საყვარელი ადამიანის გაოცება მაგრად "მევასება".

განო მელითაური:

- ერთმანეთი ბევრჯერ გაგვიოცებია. უკვე ყველამ იცის, "ამწეთი" შინ რომ მომაკითხა: ქუჩა იებით მომიფინა, შემდეგ მესამე სართულზე ამოვიდა, აივანზე დამიკაკუნა. გავედი და ვკითხე: - რას აკეთებ-მეთქი? მიპასუხა: - ცოლად უნდა შეგირთოო. "კონკამდეც" "ამწეთი" მივედით... მთავარია, ხვდებოდე, ადამიანს ამა თუ იმ დროს რა გაახარებს. რა თქმა უნდა, იდეალურები არ ვართ. არის პერიოდი, როცა ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...

კოტე:

- შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ცოლს დღემდე არ ვიცნობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ მთელი ცხოვრება მისი ამოცნობის პროცესში ვიქნები, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- ერთმანეთის უარყოფითი თვისებები გაგვიმხილეთ...

განო:

- საშინლად მატყუარა წყვილი ვართ. აფერისტები გახლავართ: შეიძლება, "გარედან" ჩანდეს, რომ ჩვენთან ყველაფერი მაგრად არის და სინამდვილეში, ასე არ იყოს... რა თქმა უნდა, ორივეს ბევრი უარყოფითი თვისება გვაქვს. კოტე მიზანმიმართულია - თავბრუს დაგახვევს და მაინც თავისას გაიტანს.

კოტე:

- "უცოლო" მრავალშვილიანი მამა ვარ. 4 შვილი მყავს: თარაში, ტასო, ბუკა თოლორდავები და უფროსი "შვილი" - განო მელითაური-თოლორდავასი (იცინის).

განო:

- მეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "სამი" შვილი მყავს, რადგან ერთი შეხედვით, კოტე მაგარი ბიჭია, სინამდვილეში კი პატარა ბავშვივით არის - კუდში უნდა სდიო, რაღაცები შეახსენო... შეძლებისდაგვარად, ერთმანეთზე ვზრუნავთ. კოტე ყველაზე გატუტუცებული დედისერთა ბიჭია, თუმცა ყველაფერში მეხმარება.

კოტე:

- ბედნიერი ვარ, რომ განოს სახით, ღმერთმა ასეთი კარგი ადამიანი გამომიგზავნა. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე, სიურპრიზია. არ მინდა, ის ხიბლი "გავყიდო", რაც ჩვენს ოჯახს 6 წლის განმავლობაში აქვს. 33 წლისამ "ამოვისუნთქე" - ოჯახური ბედნიერება სიმშვიდეს მანიჭებს.

- განო, სერიალში კატოს და დიტოს შერიგების სცენის ნახვისას ხომ არ იეჭვიანე?

კოტე:

- კატასტროფულად იეჭვიანა! მას შემდეგ, რაც ეგ სცენა ნახა, შინ აღარ მიშვებს (იცინის).

განო:

- მის პროფესიას დიდ პატივს ვცემ და გაცნობიერებული მაქვს, რომ სხვადასხვა როლის შესრულება უწევს. სოციალურ ქსელში ხშირად წერენ: დიტოს მეუღლე ვინ არის? შანსები გვაქვსო? კოტესთვის ტელეფონზეც დაურეკავთ და უთხოვიათ, - სპექტაკლზე მაინც დაგვპატიჟეო. ეს ძალზე სასიამოვნოა: როცა თაყვანისმცემლები გყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ შრომა გიფასდება. პოპულარობა კოტეს "თავში არ აუვარდება". მისი შემოქმედება "ჩემი ცოლის დაქალებით" არ შემოიფარგლება. სცენაზე ბევრად უფრო სერიოზული და წარმატებული როლები შეუსრულებია. თაყვანისმცემლები თეატრშიც ჰყავს. უბრალოდ, დიტოს სახით, გიორგი ლიფონავამ ზუსტად ისეთი პერსონაჟი შექმნა, რომელიც შეიძლება, გამოუცდელ თინეიჯერ გოგონებს მოსწონდეთ.

- კოტე, "რუსთავი 2"-ზე ისტორიული გადაცემის - "ფრაგმენტის" წამყვანიც ხართ...

- მაყურებლებთან ერთად, ისეთ ფაქტებს ვიკვლევთ, რაც შეიძლება, ხალხს მხოლოდ ჭორის დონეზე სმენია. ამ გადაცემამ ლამის მთელი საქართველოს შემოვლის საშუალება მომცა. თავდაპირველად, "ფრაგმენტი" "ახალი არხისთვის" იყო გათვლილი. როგორც ვიცი, ამ არხს კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათი უნდა ჰქონოდა, მაგრამ შემდეგ "რუსთავი 2"-მა მიგვიწვია. გადაცემაში ბევრი საინტერესო ადამიანი განვასახიერე: მირიან მეფე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე... იცი, გადაცემის "მუღამი" რაში არის? მისი ყურებისას გინდა, რომ ესა თუ ის პერსონაჟი თავად იყო...

- განო, პროექტის - "შეგირდის" დატოვების შემდეგ რას საქმიანობ?

- ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში მარკეტინგის უფროსი სპეციალისტი ვარ. მეც და კოტესაც დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმი გვაქვს. ზოგჯერ ერთმანეთს ვერც ვნახულობთ - ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

- ახალი წლის დღესასწაულს როგორ ატარებთ ხოლმე?

კოტე:

- საერთოდ, დღესასწაულები არ გვიყვარს; ჩვენთვის ყოველი დღე დღესასწაულია... ჩემი ოცნებაა, ახალ წელს სადმე "პაეზდკაში" წავიდეთ. ისე მოხდა, რომ უსახლკაროები ვართ. ახლა ქირით ვცხოვრობთ, ოღონდ არ ვტირით - ამაყები ვართ.

- რა მოხდა, საკუთარი ბინის გარეშე რატომ დარჩით?

- ვითომ მშენებარე ბინა ვიყიდეთ, რომელიც თურმე, აშენებული საერთოდ არ ყოფილა. ფაქტობრივად, "ჰაერი" ვიყიდეთ. არადა, მთელი დანაზოგი მასში "ჩავდეთ" და ქუჩაში დავრჩით. მაინც მხნედ ვართ და გვგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება