ანჯელინა ჯოლი კომპანია Universal Pictures-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 37 წლის მსახიობი ლუის ზამპერინის ისტორიის ეკრანიზაციაზე მუშაობს. მოლაპარაკებები ბოლო სტადიაზეა. ფილმს "უტეხი" ერქმევა. ის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტსმენ ლუის ზამპერინზე მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ტყვეობას თავი ცოცხალმა დააღწია.
ინტერესი ლუის ზამპერინის მიმართ, ლორა ჰელენბერდის ახლადგამოსულმა დოკუმენტურმა რომანმა განაახლა. წიგნის წაკითხვის შემდეგ ჯოლის მისი ეკრანიზების იდეა გაუჩნდა:
"წავიკითხე ეს შესანიშნავი წიგნი - ნამდვილად გულში ჩამწვდა ლუის ზამპერინის გმირული ისტორია. იმ წამსვე დავიწყე ბრძოლა ამ ფილმის გადაღებაზე უფლების მოსაპოვებლად. ლუისი ნამდვილი გმირია, გამბედაობის და შეურყეველი რწმენის მაგალითი. ჩემთვის პატივია მისი ამაღელვებელი და შთამაგონებელი ისტორიის ეკრანიზაციაზე მუშაობა", - აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ.
ეს ფილმი მსახიობისთვის მეორე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. გასულ წელს ეკრანებზე დრამა "სისხლისა და თაფლის ქვეყანაში" გამოვიდა, რომელიც 1992-1995 ომის წლებში ბოსნიელისა და სერბის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.
აღსანიშნავია, რომ ჯოლის ახალ ფილმს ისტორიის მთავარი გმირიც შეაფასებს. ის ახლა 95 წლისაა.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.