საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი "დიდ ბიძინას" მოუწოდებს, რეგიონებში "პატარა ბიძინები" გააჩეროს.
ირმა ნადირაშვილმა რეგიონებსა და თვითმმართველობებში არსებული ვითარების შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და "ქართული ოცნება" პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურებიდან მოქალაქეების გათავისუფლებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია კასპელი ოლეგ იაძე, რომელიც ტელევიზორიდან ძალიან ამაყად აცხადებდა, რომ რაც მან მოახერხა, ვერ გააკეთა ვერავინ, 5 წუთში 19 ადამიანს დააწერინა განცხადება და სამსახურიდან გათავისუფლა. ნადირაშვილმა იაძის ის განცხადებაც გაიხსენა, რომ "ის არის პატარა ბიძინა რაიონში".
"მე მინდა, დიდ ბიძინას მოვუწოდო, რომ გააჩეროს პატარა ბიძინები რეგიონებში. მე არ მომწონს მატრიოშკის პრინციპი, როდესაც ერთ დიდ ბიძინაში ბევრი პატარა ბიძინაც ზის და ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ამბავი დეკემბერში, როდესაც ახალი წელია და ასეულობით ადამიანს უმუშევრად ნუ ტოვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს ხმა", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.