ჰაკერ კრისტოფერ ჩეინის, რომელმაც სკარლეტ იოჰანსონის ელექტრონული ფოსტა გატეხა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 76 000 დოლარი ჯარიმა მიუსაჯეს. 36 წლის ფლორიდელს განაჩენი 17 დეკემბერს ლოს-ანჯელესის ფედერალურმა სასამართლომ გამოუტანა.
სულ ჩეინის ბრალდება 26 მუხლით წაუყენეს, რომელიც 121 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მაგრამ ჰაკერმა მარტში დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. სასამართლომ კი ეს გარემოებები გაითვალისწინა და შედარებით მსუბუქი სასჯელით შემოიფარგლა.
ჩეინი 2012 წლის მარტში დააკავეს. მის დაპატიმრებამდე ფედერალური საგამოძიებო ბიურო გამოძიებას 11 თვე აწარმოებდა. გამოძიების თანახმად, ჰაკერი 2010 წლის ნოემბრიდან ჰოლივუდის მსახიობების Google-ზე, Apple-სა და Yahoo-ზე დარეგისტრირებულ ფოსტებს ტეხდა. მოპარულ მონაცემებს, მათ შორის ფოტოებს, ინტერნეტ-რესურსებზე ათავსებდა. ჩეინის ქმედების შედეგად, დაახლოებით 50 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის მსახიობები - სკარლეტ იოჰანსონი და მილა კუნისი, ასევე მომღერალი კრისტინა აგილერა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: შიშველი სკარლეტ იოჰანსონის ინტიმური ფოტოები ინტერნეტში მოხვდა