საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ "ბუსუსებიან პრეზერვატივებზე საუბრით მისი ზოგიერთი კოლეგა გარკვეულ სიამოვნებას იღებს".
აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა და მისი განცხადების ადრესატი, სავარაუდოდ, უმცირესობის წევრები იყვნენ, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის კრიტიკით გამოვიდნენ.
როგორც ტყემალაძე აცხადებს, სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციის რეგულირებასთან დაკავშირებით კანონში არაჩვეულებრივი ნორმა არ იწერება და ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს საკითხის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას. "ვფიქრობ, ბუსუსებიან პრეზერვატივებზე და რაღაც სიამოვნებაზე საუბრით ზოგიერთი ჩემი კოლეგა თავად იღებს სიამოვნებას", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, გარკვეული რეგულაციები შემოდის და ჯარიმები წესდება სექსუალური ხასიათის პროდუქციის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათგან 50 მეტრის მანძილზე გაყიდვის შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით საუბარია ზუსტად იმ რეგულაციების შემოღებაზე, რაც აქამდე თამბაქოს პროდუქციაზე ვრცელდებოდა. საკითხი პარლამენტში პირველი მოსმენით არის გატანილი.