Nia ბონდი მოგესალმებათ და პირდაპირ გადავდივარ ჩემს ბლიც-დაკითხვაზე, რომელიც ამჯერად "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთ წამყვანს, ბექა ელბაქიძეს მოვუწყვე.
ჩემი რესპონდენტი ცოტა შეწუხებულია. ბექასთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა მოსწონდეს ხალხს შოუში წამყვანის მიერ შემეცნებითი ელემენტების შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელეშოუებს ბევრ რამეს უწუნებს, "პროფილს" მაინც "ნანუკას შოუს" ამჯობინებს.
- რამ განსაზღვრა შენი პოპულარობა?
- სხვათა შორის, მე არაფერი გამიკეთებია იმისათვის, რომ განსაკუთრებულად პოპულარული ვიყო. საერთოდ, საქართველოში პოპულარობის ხარისხს მაინც ეკრანზე გამოჩენა განსაზღვრავს და ჩემს შემთხვევაშიც ალბათ ეს მიზეზია.
- რას მიიჩნევ შენს უპირატესობად?
- კომუნიკაბელურობას. ნებისმიერი ტიპის ადამიანთან ადვილად შემიძლია ურთიერთობა.
- როგორ აფასებ საკუთარ თავს?
- ძალიან კრიტიკულად. მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე.
- რა არ მოგწონს საკუთარ თავში?
- ვარ ძალიან ემოციური და ფეთქებადი. ხშირად ეს თვისებები ცუდად ასახულა ჩემს საქმეზე და მერე მინანია. ვარ ასევე არაპუნქტუალური, წარმოიდგინე, ეთერშიც კი დამიგვიანია. ერთხელ ინტერვიუს ვწერდი და ისე შევყევი, რომ ღია ეთერში დამაგვიანდა. ეს მწარედ მახსოვს (იცინის).
- რისი კომპლექსი გაქვს?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა ბოლო დროს დავაფიქსირე, როცა ქუჩაში გამოვდივარ და მცნობენ, ვმორცხვობ ხოლმე.
- მიგაჩნია, რომ კარგი გემოვნება გაქვს?
- ამბობენ (იცინის). არ მიყვარს, როცა მაცვია ის, რაც აცვიათ სხვებს. როცა აღმომიჩენია, რომ სხვას აცვია ჩემნაირი, მე იგივე აღარ ჩამიცვამს.
- ქართული ტელეშოუები თუ მოგწონს?
- ბევრი რამ მაკლია, მაგალითად, ხარისხი. არ მომწონს ამ ერთი და იმავე რესპონდენტების ტრიალი, ვფიქრობ, ბევრი ადამიანია საქართველოში, რომლის ამბავიც უფრო საინტერესოა, ვიდრე მუდმივად ერთი და იმავე სახეების.
- "პროფილი" გირჩევნია თუ "ნანუკას შოუ"?
- პირდაპირ რომ გითხრათ, ჩემთვის ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ უფრო მისაღები იყო საყურებლად, იმიტომ, რომ აქ უფრო სხვა ხარისხის შოუს ვხედავდი და ვუყურებდი კიდეც.
- ტყუილი თუ შეგიძლია?
- როგორც ამბობენ, არ შემიძლია (იცინის), იმიტომ, რომ ძალიან მეტყობა, როცა ვიტყუები.
- ყველაზე დიდი ნატვრა.
- კინო. ყველა ჩემი ოცნება და ნატვრა კინოს უკავშირდება.
- სასურველი როლი.
- ბერნარდო ბერტოლუჩის ბოლო ფილმში ნებისმიერი როლი.
- თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შენს მეორე ნახევარს.
- მრავალფეროვნება. ძალიან არ მიყვარს სიყალბე.
- შეყვარებული ხარ?
- კი.
- ვინ არის შენი რჩეული?
- არ შემიძლია, ვერ გეტყვით (იცინის).
- შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობის შემთხვევაში ვის მეწყვილეობას ისურვებდი?
- სალომე ჭაჭუასი. სანამ წამყვანობას შემომთავაზებდნენ, იყო ვერსია, რომ მე უნდა მეცეკვა, ამაზე დროის გამო უარი ვთქვი, თუმცა არ ვიცი, მეწყვილე ვინ იქნებოდა.
- საზოგადოებაში ხშირად გაისმის შეფასება, ბექა ელბაქიძე ყოველ ორშაბათს გაუგებარი ფრაზებით გვესაუბრება ტელეეკრანიდანო.
- ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, ამ საკითხზე თქვენთან გავაკეთო კომენტარი. ძალიან შეწუხებული ვარ ამ შემოტევებით. ხშირად მომისმენია ჩემი მისამართით, დაგვღალა ამ ბიჭმა თავისი ინტელექტუალიზმის ფრქვევითო. მგონი, შეცდომაა ამგვარი შეფასება. მე რასაც იმ ოთახში ვაკეთებ, ეს არის მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება და არა ინტელექტუალიზმის თავზე მოხვევა. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მე ტექსტები წინასწარ მაქვს დაწერილი, ეს ასე არ არის. ყველაფერი სპონტანურად ხდება. ზოგჯერ რეპეტიციებსაც არ ვესწრები და მხოლოდ ეთერში ვნახულობ ცეკვებს. მე, როგორც მაყურებელი, ვისურვებდი, წამყვანი არ იყოს მშრალი. წამყვანს უნდა ჰქონდეს ელემენტარული ინფორმაცია, ესა თუ ის ცეკვა რომელ ქვეყანაში წარმოიშვა, თუ კინოტური არის, რომელი ფილმიდანაა და ა. შ. ვფიქრობ, წამყვანი, რომელსაც გადაცემა მიჰყავს, იმ საკითხში მეტ-ნაკლებად ჩახედული უნდა იყოს და ინფორმაციას ფლობდეს. ამას მე ვაკეთებ და არ მესმის, მაყურებელთა გარკვეული ნაწილი რატომ გაღიზიანდა. ვფიქრობ, ორი უკიდურესობაა, ამბობენ, დავიღალეთ ამდენი ცარიელი შოუთიო, აკეთებ შემეცნებით შოუს და მერე - თავზე მოხვეული ინტელექტუალიზმიო, ცოტა ვერ გავიგე.
- რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს ამ შოუს წამყვანად?
- დიაპაზონი ჩემთვის არ არის საკმარისი. რაღაც არ მყოფნის, უფრო მეტის გაკეთება მინდა. მეტი მინდა ჩავდო, რისი საშუალებაც ამ ტიპის გადაცემაში არ არის, აი, ის, რასაც ვაკეთებდი "ჟურნალისტის დღიურში". ამ გადაცემაში უნდა იყო მხოლოდ შოუმენი და ნაკლებად გაქვს საშუალება, იზრუნო ანალიტიკასა და შემეცნებაზე. მე მგონია, რომ ზუსტად ასეთი ტიპის გადაცემები აკლია ქართულ ტელესივრცეს.
- რატომ დათანხმდი ამ შოუს წამყვანის პოზიციას?
- პასუხი ძალიან მარტივია. პირველი, ეს იყო ანაზღაურება, ასევე იყო ინტერესი, მსგავსი ტიპის გადაცემაში მეცადა თავი.
- რა ანაზღაურება გაქვს ამ გადაცემაში?
- კონფიდენციალურია (იცინის)!..
(გამოდის ორშაბათობით)