პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ერთადერთი ვაჰაბიტი წევრი ლაფანყურის ტრაგედიასთან ვაჰაბიტების კავშირს უარყოფს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ერთადერთი ვაჰაბიტი წევრი ლაფანყურის ტრაგედიასთან ვაჰაბიტების კავშირს უარყოფს

პანკისის ხეობაში უხუცეს კაცთა საბჭოს ერთადერთი ვაჰაბიტი წევრი ომარ ხანგოშვილი ხეობაში ვაჰაბიზმის პრობლემების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ლაპანყურის სპეცოპერაციის დროს პანკისელი ახალგაზრდების დაღუპვა მათი ბრალი არ არის. რამდენად აქტიურია ვაჰაბისტური მოძრაობა პანკისში და ხდება თუ არა ახალგაზრდების გადაბირება ჯიჰადშისკენ? ამ და სხვა შეკითხებზე ომარ ხანგოშვილი "გურია ნიუსს" ესაუბრა.

- ლაფანყურში დაღუპულების მშობლებმა თქვენი რელიგიური მიმდინარეობა მათი შვილების გადაბირებასა და გამოყენებაში დაადანაშაულა.

- ყველაფერი მოგონილია. ლაფანყურში ბიჭების გადასვლა არც იმამმა იცოდა, არც მისმა მოადგილემ და არც ვექილებმა. აქ აზრზე არავინ იყო, სად მიდიოდნენ და რამდენი. ჩეჩნებმა რაღაც მოაწყვეს და ეს ბიჭები კანტიკუნტად შეაკოწიწეს - ზოგი ავსტრიიდან ჩამოუყვანიათ, ზოგი - ფინეთიდან.

- თქვენ მათ გადაბირებაში გადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ჯიჰადში წასვლისკენ თქვენ უბიძგეთ.

- ასლან მარგოშვილის მშობლები ხომ ამბობენ, რომ ასლანი ნიჭიერი სტუდენტი იყო, ხომ ამბობენ, რომ დოკუ უმაროვი გაგიჟდა, მისი ნახაზები რომ ნახაო. შე კაი კაცო, თუ ჩემს შვილს და ძმიშვილებს შეუძლიათ ასეთი ადამიანის გადაბირება და ომში გაგზავნა, ჭკვიანი ყოფილა? მაშინ ჩემები ყოფილან ჭკვიანები - თვითონ არ მიდიან, სახლში სხედან და სხვებს აომებენ. ერთი გვითხრან, ვინ შეგვითრევია ძალით მეჩეთში, ვის რის მიცემას დავპირებივართ ან ვის დავმუქრებივართ? მე ასევ ვიტყოდი - მიხედოს ყველამ თავის შვილებს.

- ლაფანყურში მომხდარ ტრაგედიაში ადგილობრივი ჯამაათის როლს გამორიცხავთ?

- კიდევ ვიმეორებ - ჯგუფის წასვლაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, ამ ახალგაზრდებს ჩვენგან ნებართვა არ აუღიათ. მათი მხრიდან ეს იყო თვითნებობა, თუმცა, ამ შეცდომის გამო ღმერთის წინაშე დამსახურება არ დაეკარგებათ და მაინც სამოთხეში მოხვდებიან.

- ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გადარჩენილმა არგუნელმა მუჰნადმა თქვენი ჯამაათი სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულა.

- მე მგონია, რომ ეგ არგუნელი მუჰნადი გამოგონილი პიროვნებაა. მან ერთ-ერთ ჟურნალისტს წერილი მისწერა, სადაც წერს, რომ ჩვენ არ დავეხმარეთ ლოპოტაში მყოფ ჩვენს ძმებს. როგორ შეიძლება ჭკვიანმა კაცმა დაწეროს, რომ 30-35 კილომეტრით დაშორებულ ლოპოტაში ჩვენ რამის გაკეთება შეგვეძლო, როცა ჩვენს სოფელში ჩვენს გვერდით მყოფ გუმაშვილებს ვერ დავეხმარეთ, როცა ისინი 2006 წელს სპეცნაზმა, რომ იტყვიან, "ჩახრაკა"? ფოტოები, რომელიც ვითომ არგუნელმა მიაწოდა მედიას, ასევე საეჭვოა. პირველ ფოტოზე წინა პლანზე ჩანს ასლან მარგოშვილი - სულ ოთხნი არიან და ხელების აწევით კოლექტიურად ლოცულობენ. ჯერ ერთი ვაჰაბიტები ამ ბოლო დროს ხელების აწევით კოლექტიურად აღარ ლოცულობენ. ეს სუფისტების საქმეა. მეორეც - ასლანის გვერდით მდგომი ბიჭის ვინაობა გავიკითხეთ მეომარ ხალხში და გავარკვიეთ, რომ ის არაბი ემირი იასირია, რომელიც 2002 წელს ნორდოსტში დაიღუპა. მაშინ ასლან მარგოშვილი, ალბათ, 10 წლის ბავშვი იქნებოდა. მეორე ფოტო ვითომ თბილისში გადაღებული, ვითომ ასლანი დგას ორ სხვა ახალგაზრდასთან ერთად. გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი თურქეთში ამასწინათ რომ ახმადოვები დააკავეს, იმათი ძმიშვილია, 7-8 წლის წინ დაკარგული ბიჭი, მეორე კი 2005 წელს არის მოკლული. მესამე ფოტოზე ამბობენ, რომ სანდრო ამირიძის სახლთანაა გადაღებული. რით მტკიცდება ეს? სიბნელეში არაფერი ჩანს. ეგრე მე ვამბობ, რომ ობამას სახლთან არის გადაღებული.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა